მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

AutoSharing Option
5 მარტს იერუსალიმში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ტურის პარტიები გათამაშდა, რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ჩვენებურთაგან შესანიშნავად ითამაშეს საქართველოს ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ და ვიცე-ჩემპიონმა მიხეილ მჭედლიშვილმა. ამ უკანასკნელმა რუს დიდოსტატ ერნესტო ინარკიევს შავი ფიგურებით 50-ე სვლაზე გააჩერებინა საათი, ხოლო ფანცულაიას უკრაინელი ვალერი ნევეროვის დასამარცხებლად 31 სვლა ეყო.

შავებით მოთამაშე დავით ჯოჯუას უკრაინელ იური კუზუბოვთან პაექრობისას მე-60 სვლამდე თანაბარი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ შვიდიოდე სვლაში ინიციატივა და უპირატესობა მეტოქეს გადააბარა და რამდენიმე შეცდომის შემდეგ, მე-100 სვლაზე გამარჯვება მიულოცა მოწინააღმდეგეს.

ნინო ბაციაშვილი
დმიტრი სვეტუშკინთან (მოლდოვა) დამარცხდა. რაც შეეხება მეწინავეთა დაპირისპირებას, ტურნირის რეიტინგფავორიტმა დავიდ ნავარამ (ჩეხეთი) ერთპიროვნულ ლიდერ იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი) აჯობა და 7 ქულით თავად დაწინაურდა.

ჩეხს ქულებით გაუთანაბრდნენ ანტონ კორობოვი (უკრაინა) და ევგენი ნაიერი (რუსეთი), რომლებმაც ილია სმირინი (ისრაელი) და ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (გერმანია) დაჯაბნეს.

11 მოჭადრაკეს 6.5-6.5 ქულა აქვს, მჭედლიშვილმა 6 ქულას მოუყარა თავი, ფანცულაიამ -5.5-ს, ჯოჯუამ – 5-ს, ხოლო ბაციაშვილს 4 ქულა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული