ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს

AutoSharing Option
მარტი, აპრილი და მაისი მნიშვნელოვანი საჭადრაკო ბატალიებითაა აღსავსე, რომლებშიც ქართველი დიდოსტატებიც იასპარეზებენ. გასული თვის მეორე ნახევარში თბილისმა ფიდეს მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპს უმასპინძლა. 23 თებერვალს იერუსალიმში სტარტი აიღო მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ოთხი ქართველის მონაწილეობით. 16 მარტს სოჭში დაიწყება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობა ნოკაუტ-სისტემით, ხოლო აპრილში ჩვენი ქალთა ნაკრები გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვა, რომელსაც ჩინეთი უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებებისა და მათში ქართველთა მონაწილეობაზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ
ზურაბ აზმაიფარაშვილს
:

- ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატით დავიწყებ, - გვითხრა ბატონმა ზურაბმა, - შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 250 წარმომადგენელი მონაწილეობს, არადა, ერთი თვის წინათ მასპინძლებს 150 კაცის თავმოყრაც კი ეეჭვებოდათ. ტურნირი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, 5 მარტს ისევ გავემგზავრები იერუსალიმში.

მომდევნო დღეს ბორდის სხდომას ჩავატარებთ, 8 მარტს კი ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურება. სხდომაზე, მეტწილად, ტურნირებს გადავანაწილებთ და ბიუჯეტის საკითხს განვიხილავთ.

- ევროპის ჩემპიონატის თარიღის გადაწევა თუ იყო შესაძლებელი, რომ იმ დიდოსტატებსაც ეასპარეზათ, რომლებიც გრან პრისა და სხვა დიდ ტურნირებში მონაწილეობდნენ?
- კონტინენტის პირველობა ვერ გადაიწევდა, რადგან იგი ნახევარი წლის წინათ დაიგეგმა. ჩემი აზრით, ფიდეს შეეძლო მეტი ანგარიში გაეწია ჩვენთვის და თბილისის ეტაპი სხვა დროს ჩაეტარებინა. მართალია, საერთაშორისო ფედერაციას თავისი მიზნები აქვს, მაგრამ ევროპა ფიდეს ყოველ კაპრიზს მხარს ვერ აუბამს.

- რადგან თბილისურ გრან პრის შევეხეთ, მის შედეგებზე რას იტყვით?
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ კიდევ ერთხელ დიდი დახმარება აღმოუჩინეს ბრძენთა თამაშს ვაჟთა ჭადრაკის ასაღორძინებლად. როცა ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, ცხადია, სპორტსმენებისგანაც მაქსიმუმს ველით. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ბაადურ ჯობავას აუცილებლად უნდა მოეგო ეს ტურნირი, თუმცა - რატომაც არა, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა იყო საჭირო, ეს ნათელია.

ასეთი დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს. იგი ჩვეულებრივი, საშუალო დონის მოჭადრაკე რომ იყოს, ცხადია, არ გაგვიკვირდებოდა და, ალბათ, არც ამ ტურნირს ვუმასპინძლებდით. მართალი გითხრათ, ვეიკ-აან-ზეეს ფიასკოს შემდეგ თბილისში გამონათებას ველოდი.

მაგრამ ბაადურის შემოქმედებაში აშკარად შეინიშნება არასტაბილურობა, რასაც, იმედია, ქართველი დიდოსტატი უახლოეს ხანში გამოასწორებს. ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისში საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. თუმცა, ევგენი ტომაშევსკის წარმატება ჩემთვის მაინც ერთგვარი მოულოდნელობა იყო. უფრო ალექსანდრ გრიშჩუკის ან ანიშ გირის გამარჯვებას ველოდი. არადა, ტომაშევსკიმ დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.

ხშირად მსმენია, საქართველოში ქალთა ჭადრაკს მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ვაჟებისასო. ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემა იყო. ერთ დროს ჩვენი ვაჟთა ჭადრაკის ლიდერი ვიყავი და ეს ფაქტი მეც მაწუხებდა, მაგრამ ახლა შეიძლება პოზიციაც შევიცვალო - ქალებს მომავალშიც მეტი დაფინანსება მიეცეთ, რადგან მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. მჯერა, რომ ჩვენი მანდილოსნები იმედებს გაგვიმართლებენ.

- 16 მარტს სოჭში სწორედ ქალთა ინდივიდუალური მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება...
- ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რომ იმ ტურნირში ნანა ძაგნიძე ვერ ითამაშებს: ობიექტური მიზეზი აქვს - მეორე შვილს ელოდება. ვერც გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქალბატონებმა ჩინეთში საპრიზო სამეულისთვის უნდა იბრძოლონ. მართალი გითხრათ, გაუჭირდებათ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რაც შეეხება პირად პირველობას, ქართველმა დიდოსტატებმა სამი წრე თუ გაიარეს, ნამდვილად წარმატება იქნება.

- ქალთა ევროპის ჩემპიონატს წლეულს საქართველო უმასპინძლებს...
- ეს შეჯიბრება წინამორბედ სილვიო დანაილოვისგან მერგო "საჩუქრად", - მას ჩაუვარდა ტენდერი. ვცდილობდი, შეჯიბრება საზღვარგარეთ ჩამეტარებინა - საფრანგეთში ან ისრაელში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რუსეთისთვის დახმარება არც მითხოვია, რადგან ეს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო.

ბოლოს ისევ შინაურები გამომეხმაურნენ დადებითად. უპირველესად, აჭარის მთავრობამ გამოთქვა დახმარების სურვილი, "ქართუ" გუნდი მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას. რთული შეჯიბრებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, აჭარის ხელმძღვანელობის თანადგომით, ჩაქვში ამ პირველობას 18-31 მაისს მაღალ დონეზე ჩაატარებს. ქუთაისი რაპიდსა და ბლიცში უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს. ასე რომ, საინტერესო ორთაბრძოლების მოწმენი ვიქნებით და, იმედია, ქართველი დიდოსტატები არ გაგვაწბილებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული