თბილისში ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიო გრან პრი დასრულდა

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა 2014-15 წლების მსოფლიო გრან პრის მესამე რაუნდი დამთავრდა, რომელშიც 12 საუკეთესო დიდოსტატი მონაწილეობდა.

10 ტურის შედეგები უკვე გაუწყეთ. ბოლო, მეთერთმეტე ტურში ექვსივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ბაადურ ჯობავა-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი)-ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია)-ლენიერ დომინგესი (კუბა).

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: I. ევგენი ტომაშევსკი (8 ქულა), II. დმიტრი იაკოვენკო (6,5), III. რაჯაბოვი (6), IV-VII. რუსტამ კასიმჯანოვი,
ლენიერ დომინგესი, შაჰრიარ მამედიაროვი, ანიშ გირი (5,5-5,5), VIII-X. ბაადურ ჯობავა, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, ალექსანდრ გრიშჩუკი (5-5), XI. პიოტრ სვიდლერი (4,5), XII დმიტრი ანდრეიკინი (4). სამი რაუნდის შემდეგ გრან პრის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ევგენი ტომაშევსკი (ორი შეჯიბრების შემდეგ) - 252 ქულა, შაჰრიარ მამედიაროვი (3) - 235, ფაბიანო კარუანა (2) - 230, თეიმურ რაჯაბოვი (3) - 210, ჰიკარუ ნაკამურა (2) - 207, დმიტრი ანდრეიკნი (3) - 200, ბორის გელფანდი (2) - 170, დმიტრი იაკოვენკო (2) - 170, სერგეი კარიაკინი (2) - 157, რუსტამ კასიმჯანოვი (3) - 125, ალექსანდრ გრიშჩუკი (2) - 122, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2) - 115, ბაადურ ჯობავა (2) - 115, ანიშ გრი (2) - 115, პიოტრ სვიდლერი (2) - 102, ლენიერ დომინგესი (85).

გრან პრის გათამაშების მე-4 ეტაპს (ჯობავაც ითამაშებს) წლეულს რუსული ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

თბილისური ეტაპის დასრულების შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს შენობაში ასპარეზობის საზეიმო დახურვა გაიმართა.

გრან პრის მონაწილეებს მიესალმნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე, ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, რომელმაც ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველოს მთავრობას, დედაქალაქის მესვეურებს, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას, შეჯიბრების გენერალურ სპონსორ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მადლობა გადაუხადა.

ლევან ყიფიანი: "საქართველოში ჭადრაკს მუდამ ეკავა გამორჩეული ადგილი. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ სახელმწიფომ მიიღო ჩვენს ქვეყანაში ჭადრაკის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომელმაც სტარტი გრან პრის მესამე ეტაპით აიღო და 2018 წელს ბათუმში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადით დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველის".

დავით ნარმანია: "წლეულს ჩვენს დედაქალაქში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის განსაკუთრებულია ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. "ქორთიარდ მერიოტში" მოწყობილმა გრან პრის მესამე ეტაპმა გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება დედაქალაქში მაღალი დონის შეჯიბრებების ჩატარება. თბილისის მერია დღესვე აცხადებს მზაობას სამომავლოდ ნებისმიერი შეჯიბრების მასპინძლობაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული