თბილისი. ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრი: მშვიდობიანი X ტური

AutoSharing Option
თბილისში მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს მსოფლიოს გრან-პრის მესამე ეტაპს რუსი ევგენი ტომაშევსკი რომ მოიგებს და 20.000 ევროსთან ერთად, ამ გათამაშების მაქსიმალურ - 170 ქულას რომ დაიმსახურებს, ეს უკვე მეშვიდე ტურშიც ნათელი იყო, რაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მე-8 ტურში ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსტამ კასიმჯანოვის (უზბეკეთი) ძლევით კიდევ უფრო განამტკიცა - უახლოეს მდევარს 1,5 ქულით გაუსწრო.

26 თებერვალს ბოლოსწინა, მე-10 ტურში ბედს შერიგებული ტომაშევსკის კონკურენტები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

დაზავდნენ: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-ანიშ გირი (ჰოლანდია), ლენიერ დომინგესი (კუბა)-შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-ალექსანდრ
გრიშჩუკი (რუსეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), რუსთამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-ბაადურ ჯობავა, დმიტრი ანდრეიკინისა (რუსეთი)-ევგენი ტომაშევსკის შეხვედრა კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ისიც ყაიმით დასრულდა.

ათი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 7,5, იაკოვენკო- 6, რაჯაბოვი-5,5, გირი, კასიმჯანოვი, მამედიაროვი, დომინგესი-5-5, გრიშჩუკი, ვაშიე-ლაგრავი, ჯობავა-4,5-4,5, სვიდლერი-4, ანდრეიკინი - 3,5 ქულა.

დღეს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ტომაშევსკი-რაჯაბოვი, ჯობავა-ანდრეიკინი, იაკოვენკო-კასიმჯანოვი, გრიშჩუკი-ვაშიე-ლაგრავი, მამედიაროვი-სვიდლერი, გირი-დომინგესი.

26 თებერვალს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გრან-პრის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია და ბაადურ ჯობავა-რუსტამ კასიმჯანოვის პარტიაში სიმბოლურად პირველი სვლაც გააკეთა.

მე-10 ტურის პარტიებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძეც დაესწრნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული