მიხეილ მჭედლიშვილი მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ლიდერებშია

AutoSharing Option
25 თებერვალს იერუსალიმში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველთაგან მიხეილ მჭედლიშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა - უკრაინელ იური ბოჩკარიოვს მოუგო. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ქართველი დიდოსტატი უკრაინელ მეტოქეს რეიტინგში 510 პუნქტით უსწრებს.

2700-იანთა კლუბის წევრი, 2010 წლის ევროპის რუსი ჩემპიონი იან ნეპომნიაშჩი (2714) ჰყავდა მეტოქედ თეთრებით მოთამაშე დავით ჯოჯუას (2579). 31-ე სვლისთვის ქართველ დიდოსტატს საგრძნობი პოზიციური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენებურმა მომდევნო სვლაზე დაშვებული შეცდომით ჩრდილოელ მოწინააღმდეგეს მდგომარეობის გამოსწორების საშუალება მისცა და პარტიაც 50-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა.

წარმატებას
მიაღწია ლევან ფანცულაიამ - გერმანელი სებასტიან ფიშერი დაჯაბნა. ნინო ბაციაშვილი შავი ფიგურებით რუს ალექსეი გოგანოვთან 26-ე სვლაზე დამარცხდა.

პირველი ტურის შემდეგ 101 მოჭადრაკეს ჰქონდა თითო მოგება. 25 თებერვალს მათი რაოდენობა 26-მდე შემცირდა. მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა დავიდ ნავარამ (ჩეხეთი), პაველ ელიანოვმა, ანტონ კორობოვმა (ორივე - უკრაინა), ალექსანდრ მოტილევმა (რუსეთი), დანიელ ვოკატურომ (იტალია)...

ლიდერთა ჯგუფშია მჭედლიშვილი. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს ჯოჯუამ და ფანცულაიამ, ბაციაშვილს ერთი ქულა აქვს.

26 თებერვალს, მე-3 ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ალექსანდრ ბელიავსკი (სლოვენია)-მიხეილ მჭედლიშვილი, სანან სიუგიროვი (რუსეთი)-დავით ჯოჯუა, ლევან ფანცულაია-ვალერი იოვცოვი (მოლდოვა), ნინო ბაციაშვილი-მიხაილ ვაისბერგი (ისრაელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული