თბილისი. მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპი: ჯობავამ მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 14 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს მსოფლიო გრან პრის (საპრიზო ფონდი 120.000 ევრო) მესამე ეტაპი, რომელშიც 12 საუკეთესო რეიტინგის მქონე დიდოსტატი მონაწილეობს.

ესენი არიან: ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2810), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2797), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2775), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2759), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2739), დმიტრი ანდრეიკინი (2737), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2733), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2731), ლენიერ დომინგესი (კუბა, 2726), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2716), რუსტამ კასიმჟანოვი (2705) და ბაადურ ჯობავა (2697).

რომ არა ვეიკ-აან-ზეეს დიდ საერთაშორისო
ტურნირში სუსტი თამაში, ჯობავაც წინა თვეში 2700-იანთა კლუბის წევრი იყო. უნდა ითქვას, რომ მსგავსი დონის ტურნირს საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს.

საგულისხმოა, რომ გრან პრის ოთხი ეტაპის ჯამში (ორი ეტაპის შემდეგ 230 ქულით იტალიელი ფაბიანო კარუანა ლიდერობს, მას 23 ქულით ჩამორჩება ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა) პირველ-მეორე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.

ზემოთ ვეიკ-აან-ზეეს ტურნირი ვახსენეთ. ეტყობა, ბაადურ ჯობავამ ჰოლანდიური სინდრომის დაძლევა ვერ შეძლო - 15 თებერვალს ის თბილისური ბატალიების პირველ ტურში შავი ფიგურებით 47-ე სვლაზე დანებდა ევგენი ტომაშევსკის.

დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: რუსტამ კასიჟანოვი-ალექსანდრ გრიშჩუკი 0:1, დმიტრი ანდრეიკინი-დმიტრი იაკოვენკო 0,5:0,5, ლენიერ დომინგესი-თეიმურ რაჯაბოვი 0,5:0,5, პიოტრ სვიდლერი-ანიშ გირი 0:1, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი-შაჰრიარ მამედიაროვი 0:1.

16 თებერვალს, მე-2 ტურში ითამაშებენ: რაჯაბოვი-ჯობავა, იაკოვენკო-ტომაშევსკი, გრიშჩუკი-ანდრეიკინი, მამედიაროვი-კასიმჟანოვი, გირი-ვაშიე-ლაგრავი, დომინგესი-სვიდლერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული