ნანა ძაგნიძემ ფიდეს რეიტინგის ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა

AutoSharing Option
1-ლი თებერვლისთვის ფიდემ, წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალებში უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი (2675) მეწინავეობს, რომელიც შარშან აქტიურ სპორტს ჩამოშორდა.

ლიდერს სამი პუნქტით ჩამორჩება მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2672). 2581 პუნქტით მესამეა ინდოელი ჰამფი კონერუ, ხოლო ქართველ მოჭადრაკე ქალთა ლიდერ ნანა ძაგნიძეს 2570 პუნქტით ისევ მე-4 ადგილი უკავია.

ათეულში შემდეგ მოდიან: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2547), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2543), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2530), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2529), ვალენტინა გუნინა (რუსეთი,
2528).

ქართველთაგან ასეულში შედიან: 13. ბელა ხოტენაშვილი (2520), 28. ნინო ბაციაშვილი (2475), 29. ლელა ჯავახიშვილი (2475), 32. სალომე მელია (2468), 37. ნინო ხურციძე (2457), 90. მერი არაბიძე (2374), 95. სოფიკო გურამიშვილი (2367), 98. მაია ლომინეიშვილი (2364).

ვაჟებში საუკეთესო ასეულს სათავეში უდგას ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2865). პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ფაბიანო კარუანა (იტალია, 2811), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2810), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2800), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2797), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2797), სოუ ვესლი (აშშ, 2788), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2777), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2776).

იანვრის მონაცემებით, ბაადურ ჯობავა 2700-იანთა კლუბის წევრი იყო, მაგრამ ამას წინათ ჰოლანდიურ ვეიკ-აან-ზეეს დიდ საერთაშორისო წრიულ ტურნირში განცდილი ფიასკოს (ბოლო - მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა) შემდეგ 2695 პუნქტით 48-ე ადგილზეა. პირველ ასეულში სხვა ქართველ ვაჟთაგან არავინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული