მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩვენ და მეტოქეები

AutoSharing Option
2 მარტს ასტანაში მოჭადრაკე ქალთა მეოთხე გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატს 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. იმ შეჯიბრებას ეკატერინბურგმა უმასპინძლა.

18 შესაძლებლიდან 17 ქულით პირველი ადგილი ჩინელებმა (მთლიანად გუნდის მონაგარი - 30,5 ქულა) მოიპოვეს.

მეორე-მესამე ადგილებზე რუსები - 15 (24) და უკრაინელები - 13 (22,5) გავიდნენ.

11 ქულით (20) მე-4 ადგილი საქართველოს ნაკრებს (მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, სოფიო ხუხაშვილი, სოფიო გვეტაძე) ერგო.

იმ ჩემპიონატზე მომავალმა ჩემპიონებმა ის ერთადერთი ქულა ქართველებთან დაკარგეს. დაფების მიხედვით, ჩვენებურთაგან ერთადერთი
ვერცხლის მედალი მე-2 დაფაზე ჯავახიშვილმა დაიმსახურა.

იქ პირველი იყო ჩინელი ჰოუ იფანი, რომელიც მერე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილზე კი უკრაინელი ანა უშენინა გავიდა. ამ უკანასკნელმა შარშან, დეკემბერში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი.

* * *

2009 წელს ჩინურ ნინგბოში მეორე ჩემპიონატი ჩატარდა. ამჯერად აზიელებმა, იმის მიუხედავად, რომ შინ ასპარეზობდნენ, ვერ გაილაღეს: სამმა გუნდმა ჩინეთმა (21,5), რუსეთმა (21) და უკრაინამ (20,5) 12-12 ქულა მოაგროვეს და პირველი-მესამე ადგილები მოთამაშეთა საერთო მონაგარმა გაანაწილა. ჩვენმა გუნდმა 11 ქულით ამჯერადაც მე-4 ადგილი დაიკავა.

* * *

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი 2011 წელს თურქულ მარდინში დაიმსახურა: ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ხურციძემ და სალომე მელიამ 12 გუნდურ ქულას (საერთო მონაგარი - 21,5) მოუყარეს თავი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რუსებმა (ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევები, ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ნატალია გონინა) ჩვენებს ქულით გაუსწრეს და ისევ მეორე ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონობა 16 ქულით ზედიზედ მესამედ ჩინელებმა (ჰოუ იფანი, ცზიუ ვენძიუნი, ჟაო სიუ, თან ჟონი, ჟან სიაოვენი) დაისაკუთრეს.

* * *

ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა 2 მარტიდან ქალთა მეოთხე გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საპრიზო ადგილებისთვის იქაც 10 გუნდი იასპარეზებს. სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში მომხდარი ცვლილებების შედეგად ტურნირის რეიტინგფავორიტი (საშუალო რეიტინგი - 2488) საქართველოს ნაკრები გახდა.

ჩვენი გუნდი, რომელიც ამჟამად დიდოსტატების - ზურაბ სტურუას და ლაშა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ბაკურიანში გადის საწვრთნელ შეკრებას, დიდოსტატ ნინო გურიელის კაპიტნობით, ასტანაშიც იმავე შემადგენლობით ითამაშებს, როგორითაც 2011 წელს თურქულ მარდინში.

საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ: ნანა ძაგნიძე (რეიტინგი - 2555), ბელა ხოტენაშვილი (2499), ლელა ჯავახიშვილი (2461), ნინო ხურციძე (2437) და სალომე მელია (2403).

რეიტინგით მეორეა რუსეთის ნაკრები (2479,8). მის შემადგენლობაში გამოსვლაზე უარი თქვეს დებმა - ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევებმა, რომლებიც შარშანდელი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ გუნდის კაპიტან სერგეი რუბლოვსკის დაუპირისპირდნენ "ფსიქოლოგიურად შეუთავსებლობის" გამო.

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით უკვე გაუწყეთ, რომ ერთ-ერთი კოსინცევა ამჟამად ამერიკაში იმყოფება და იქაურ ჭადრაკის ფედერაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს დების ამერიკაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით.

ასტანაში კი, სავარაუდოდ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2495), ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2490), ნატალია პოგონინა (2475), ალისა გალიამოვა (2459) და ოლგა გირია (2441) ითამაშებენ.

* * *

ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს უკრაინას (2475): მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი ანა უშენინა (2477), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (2547), მარია მუზიჩუკი (2471), ინა იანოვსკა (გაპონენკო), 2405) და ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (2471). კაპიტანია მიხაილ ბროდსკი.

ჩინეთის ნაკრები (2470) რეიტინგით მისთვის უჩვეულო მე-4 ადგილზეა. ამჯერად ჩემპიონატში თამაშზე უარი თქვეს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (2617) და ტოპათეულის წევრმა ჟაო სიუემ (2554). აზიელები ყაზახეთის დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით ჩავლენ: ცზიუ ვენძიუნი (2505), ჰუან ძიანი (2478), თან ჟონი (2466), გუო ძი (2431), შენ იანი (2451), კაპიტანი - იუ ჩაოტენი.

რეიტინგით მეხუთეა აშშ-ის ნაკრები (2391): ანა ზატონსკიხი (2491), ირინა კრუში (2460), თათევ აბრაჰამიანი (2300), საბინა ფოიშორი (2313), ვიქტორია ნი (2263). მომდევნო ადგილზეა რუმინეთი (2359.5): ადელა ქრისტინა ფოიშორი (2389), ელენა ლუმინიცა კოსმა (2332), ირინა ბულმაგა (2355), ალინა ლამი (2362), კარმენ ვოიცუ-იაგოძინსკი (2281).

* * *

ამ ჩემპიონატზე პირველობის რეალური ფავორიტი უნდა ყოფილიყო ინდოეთის ნაკრები (2354.8), მაგრამ ეროვნულ გუნდში თამაშზე ერთბაშად სამმა უძლიერესმა დიდოსტატმა თქვა უარი: ჰამფი კონერუმ (2597), ჰარიკა დრონავალიმ (2514) და ტანია საჩდევმა (2397). უამათოდ კი ან მარი გომესს (2394), ეიშა კარვადეს (2391), ნიშა მოჰოტას (2327), რუთ რადმინის (2307) და სვამინათან სოუმიას (2291) საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ.

საფრანგეთის ნაკრებში (2336,8) არ იქნებიან ევროპის ჩემპიონი ელმირა სკრიპჩენკო (2436) და მარი სებაგი (2530).

სამაგიეროდ, სამფეროვანთა ქართველი რძალი ნინო მაისურაძე (2331) მეორე დაფაზე ითამაშებს.

პირველი კი საფრანგეთის ჩემპიონი სოფი მილიე (2408) იქნება. მომდევნო დაფებზე ითამაშებენ: სილვია სოლასი (2286), ანდა შაფრანსკა (2322) და ნატაშა ბენმეშბახი (2266).

რეიტინგით მე-9 ადგილი მასპინძლებს (2297,8) უკავიათ: გულისკან ნახბაიევა (2353), დინარა სადუაკასოვა (2301), მადინა დავლეტბაიევა (2272), გულმირა დაულეტოვა (2265) და ჟანსაია აბდუმალიკი (2184).

ბოლო ადგილზეა თურქეთი (2175,5): ბეთულ ილდიზი (2368), კუბრა ოზთურქი (2281), კარდელენ კემხანი (2025), სელენ სოპი (2028) და ემელ კაია (1995).

ვფიქრობ, ამ შემადგენლობის გუნდებთან პაექრობაში საქართველოს ნაკრებს საპრიზო ადგილებზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველაფერია მოსალოდნელი.

მით უმეტეს, რომ ჩინელები და რუსებიც მეორე შემადგენლობითაც არავის არაფერს დაუთმობენ, უკრაინელებზე ხომ ზემოთაც ვთქვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული