ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გიორგი სიბაშვილის ტრიუმფით დასრულდა

AutoSharing Option
ექვსი მოგება, ორი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა გიორგი სიბაშვილმა ფოთში მოჭადრაკეთა მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი, მოაგროვა 7 ქულა და სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

მერვე ტურში ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა (რეიტინგი 2340) უშუალო კონკურენტს – დიდოსტატ ბორის სავჩენკოს (რუსეთი, 2606) სძლია და 6.5 ქულით თავად ჩაუდგა სათავეში გათამაშების ცხრილს. ამავე ტურში ლიდერთა ჯგუფიდან თორნიკე სანიკიძემ ირანელი შაჰინ პორპარიზანგენეხი დაამარცხა, ირაკლი ბერაძემ ანდრეი ზონტახს (უკრაინა) აჯობა, ხოლო თანამემამულეები – ლევონ ბაბუჯიანი და ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (ორივე-სომხეთი)
დაზავდნენ.

ბოლო, მეცრე ტურში გიორგი სიბაშვილი და თორნიკე სანიკიძე (საგულისხმოა, რომ ორი კვირის წინათ ბათუმის საერთაშორისო ტურნირში 7-7 ქულით სანიკიძემ, სიბაშვილმა და გიგა ყუფარაძემ, შესაბამისად, პირველი-მესამე ადგილები გაიყვეს) ყაიმზე შეთანხმდნენ. მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ბორის სავჩენკო-ირაკლი ბერაძე 1:0, ვისხი (ინდოეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი 0.5:0.5, ჰოვიკ ჰაირაპეტიანი-დავიდ კალაშიანი (სომხეთი) 1:0, ლევან ბაბუჯიანი-შაჰინ პორპარიზანგენეხი 1:0, ანდრეი ზონტახი-მერი არაბიძე 0:1.

საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, პირველი პრიზი სიბაშვილს ხვდა. 6.5-6.5 ქულითა და დამატებით მაჩვენებლების გათვალისწინებით მეორე-მეექვსე ადგილებზე, შესაბამისად, ლევონ ბაბუჯიანი, ბორის სავჩენკო, ჰოვიკ ჰაირაპეტიანი, თორნიკე სანიკიძე და მერი არაბიძე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურნირში სიბაშვილმა რეიტინგი 70 პუნქტით გაიუმჯობესა.
ფესტივალის დანარჩენ ჯგუფებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: B ჯგუფი: 7-7 ქულით – გორ ვირაბიანი (სომხეთი), ნიკა ვოლკოვი (საქართველო), გარიკ მარტიროსიანი (სომხეთი); C ჯგუფი: 7.5-7.5 ქულით – 12 წლის აკაკი ყალიჩავა, ბერდია მიქელაძე, ცოტნე ქვარცხავა; D ჯგუფი: 7.5-7.5 ქულით – აშოტ მკრტუმიანი, კარენ გასპარიანი, გრიშა ვაჰრამიანი (სამივე-სომხეთი), 10-წლიანებში პირველ ადგილებზე გავიდნენ – კახაბერ კიზირია და მარიამ სიჭინავა, 8-წლიანებში – ლუკა კილაძე და ქრისტინე ხვადაგიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული