ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ

AutoSharing Option
დღეს, 16 ივნისს, რუსულ ხანტი-მანსიისკში საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატები. მედლებისთვის 10-10 გუნდი იბრძოლებს, პირველი რაუნდი კი 17 ივნისს გაიმართება.

წინა პირველობის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს (ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ევროპის პრიზიორი ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და ევროპის ორგზის პრიზიორი სალომე მელია, კაპიტანია დავით ჯოჯუა) საშუალო რეიტინგით (2459) ტურნირზე მესამე განთესვა აქვს.

რეიტინგფავორიტია მასპინძელთა გუნდი (2508), რომლის სპორტულ ღირსებას იცავენ მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - კატერინა ლაგნო და ვალენტინა გუნინა, ასევე, ალექსანდრა
გორიაჩკინა და ოლგა გირია.

განთესვით მეორე ნომერია ჩინეთი (2499). აზიელებს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი არ ეყოლებათ. ჩინელები ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ჩავიდნენ: ფიდეს წლევანდელი გრან პრის გამარჯვებული ცზიუ ვენძიუნი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თან ჩჟუნი, ჟაო სიუე, ტინძე ლეი და გო ცი.

დანაკლისით იასპარეზებენ ტურნირში უკრაინელები (2415) და ინდოელები (2417): სლავებს მსოფლიოს ათეულის წევრი დები - მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიჩუკი არ ეყოლებათ, აზიელები კი ჰამპი კონერუს მოისაკლისებენ.

ჩემპიონატში, ასევე, იასპარეზებენ პოლონეთი (2415), აზერბაიჯანი (2329), აშშ (2324), ვიეტნამი (2323) და ეგვიპტე (1994).

- ჩვენი ქალთა ნაკრები ამ ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოემზადა, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. - გუნდმა ბოლო საწვრთნელი შეკრება ბაზალეთზე გაიარა. მოწვეული გვყავდა ბულგარელი დიდოსტატი ალექსანდრ დელჩევი.

ხანტი-მანსიისკში დიდი კონკურენცია იქნება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ჩვენს დიდოსტატებს მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

- ბაადურ ჯობავას წარმატებაზეც მინდა, გკითხოთ...
- ქართველმა დიდოსტატმა შეუძლებელი შეძლო - ავადმყოფობის შემდეგ ზედიზედ შვიდი პარტია მოიგო და, მე-11 პარტიაში შეცდომა რომ არა, ჩემპიონობას მოიპოვებდა. მინსკში მან ტიტული მხოლოდ უარესი კოეფიციენტით დათმო. სამაგიეროდ, გაისად ბათუმში გაიმართება ვაჟთა XIX ჩემპიონატი და ოქროსთვის იქ ვიბრძოლებთ.

ბოლო ორი წელიწადია, ბაადური ტურნირებში წარმატებით თამაშობს - შარშან ევროპის ჩემპიონატზე მესამე იყო, მერე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სადაც უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, პირველ დაფაზე ყველას აჯობა, აი, ახლა კი, როგორც ვთქვით, ევროპაზე მეორე იყო. ასეთი სტაბილური თამაში მაღალი კლასის მაჩვენებელია. იმედია, იგი წლეულს მსოფლიოს თასზეც გვასახელებს.

- ამ შეჯიბრებას კი თბილისი უმასპინძლებს...
- დიახ, ორი სექტემბრიდან. ჭადრაკში ასეთი მაღალი რანგის ასპარეზობა საქართველოში ჯერ არ გამართულა, ამიტომ მისი მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის არაფერს დავიშურებთ. მალე გაირკვევა ტურნირში საბოლოო მონაწილეთა ვინაობა. ნოკაუტსისტემით სულ 128 მოჭადრაკე იბრძოლებს სამეულში მოსახვედრად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული