ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრძოლას ხუთეული განაგრძობს

AutoSharing Option
ირანში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტსისტემით ტარდება, 13 თებერვალს ტაიბრეიკები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში რვა ქართველი ჩაება და მათგან ასპარეზობის სტარტზე ძირითად პარტიებში (ორ-ორი კლასიკური) შეჯიბრებას გამოეთიშნენ სოფიო გვეტაძე (ნინო ბაციაშვილთან წააგო 0:2) და ლელა ჯავახიშვილი (ვიეტნამელმა ლე ტაო ნგუენ ჰამმა სძლია 1.5:0.5).

გუშინ მათი ბედი გაიზიარა ბელა ხოტენაშვილმა - იგი ტაიბრეიკებში იტალიელ ოლგა ზიმინას ვერ გაუმკლავდა, ზედიზედ ორჯერ დათმო 25-წუთიანი პარტიები. დანარჩენი ხუთი ჩვენებური მეორე ეტაპზე გავიდა.

დაძაბული გამოდგა ნანა ძაგნიძისა და ეგვიპტელ ხალედ მონას შეხვედრა. მეტოქეებმა თითო
კლასიკური და 25-წუთიანი პარტიები მოიგეს, 10-წუთიან რაპიდში კი ქართველმა დიდოსტატმა დაჯაბნა (2:0) ეგვიპტელი და მეორე რაუნდში ხოტენაშვილის მძლეველ ზიმინას გაუწევს მეტოქეობას.

სოფიკო გურამიშვილმა რაპიდში თეთრებით მასპინძელ სარასადათ ხადემალშარიეხს აჯობა, შავებით დაუზავდა (საერთო ანგარიში 2.5:1.5) და მეორე წრეში უკრაინელ ნატალია ბუკსასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი, 2.5:1.5) ) ჩამოიშორა გზიდან.

მსგავს წარმატებას მიაღწია სალომე მელიამ, რომელმაც ოთხ პარტიაში 2.5:1.5 მოუგო ევროპის ექსჩემპიონ ეკატერინა ატალიკს (თურქეთი). მეორე წრეში ჩვენებურს უფრო ტიტულოვანი მეტოქე ელის - მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა, რომელმაც სტარტზე მარერო ლოპესს (კუბა) ორჯერ გააჩერებინა საათი - 2:0.

მესამე რაუნდში ერთი წარმომადგენელი რომ უეჭველად გვეყოლება, ეს ამთავითვეა ცნობილი, რადგან მეორე ეტაპზე დღეს ერთმანეთს ნინო ხურციძე და ნინო ბაციაშვილი ხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული