სკანდალი: კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

AutoSharing Option
ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა, რის გამოც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ფიდეს სამდივნოსა და საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ფიდეს სამდივნოს, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს
მოგეხსენებათ, 2017-18 წლებში საქართველოში ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით იმართება ისეთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები, როგორებიცაა მსოფლიო თასი, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ასევე, 2018 წელს საქართველო მასპინძლობს ფიდეს 89-ე კონგრესს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესსექტორის მხარდაჭერით, ყოველდღიურად ინტენსიურად მუშაობს, რათა აღნიშნული ღონისძიებები უმაღლეს
დონეზე ჩატარდეს.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და უპასუხისმგებლოა ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის ბოლო მოქმედება. კერძოდ:

გავეცანით კირსან ილუმჟინოვის ოფიციალურ ვებვერდზე (kirsan.today) გამოქვეყნებულ ნიუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფიდეს პრეზიდენტი შეხვდა აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს.

http://kirsan.today/en/opinion/item/1336-konstantin-tuzhba-fide-president-noted-the-high-activity-of-abkhaz-players.html

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გამოხატავს პროტესტს შემდეგ 2 საკითხთან დაკავშირებით:

1. ფიდეს პრეზიდენტი ხვდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - აფხაზეთის (რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებული ტერიტორიაა) - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს.

2. ფიდეს პრეზიდენტი გადასცემს დიპლომს, რომლის გაცემის არც მორალური და არც ლეგიტიმური უფლება არა აქვს.

2015 წლის დეკემბერში, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, კირსან ილუმჟინოვს, როგორც ფიდეს პრეზიდენტს, შეჩერებული აქვს ყველა უფლებამოსილება. მას მხოლოდ მაშინ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები, თუკი ამის ნებართვას მას აძლევს ფიდეს საპრეზიდენტო საბჭო.

მოგმართავთ, განგვიმარტოთ:

ა) ჰქონდა თუ არა კირსან ილუმჟინოვს უფლება, ხელმოწერილი დიპლომი გადაეცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის.

ბ) რა სტატუსით ხვდება კირსან ილუმჟინოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს.

გ) აცნობიერებთ თუ არა, რამდენად სენსიტიური თემაა საქართველოსთვის აფხაზეთის თემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს საპრეზიდენტო საბჭოზე განიხილოთ ეს საკითხი და მოახდინოთ სათანადო რეაგირება.

ველით თქვენს გამოხმაურებასა და ქმედებებს.

პატივისცემით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რეაგირება იყო?
zura
23:24 15-10-2017
0
ისევ ჭადრაკის(და სხვა) ფედერაცია თუ გასცემს სათანადო რეაგირებას ოკუპირებული ტერიტორიების ამბებთან
svan
12:11 14-02-2017
0

სიახლეები პოპულარული