ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველო ორი დანაკარგით

AutoSharing Option
რვა ქართველი დიდოსტატი ჩაება შაბათს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს.

ნოკაუტსისტემამ სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელს შორის უნდა გამოავლინოს ახალი მსოფლიოს ჩემპიონი, რადგან ტახტის ამჟამინდელმა მფლობელმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) თეირანში ჩასვლასა და გვირგვინის დაცვაზე უარი თქვა.

შეჯიბრებები ექვს ტურად მოეწყობა. ფინალის გარდა, ყველა რაუნდში მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. თუ ისინი ფრედ დასრულდა, წყვილში გამარჯვებულს რაპიდი ან ბლიცი გამოავლენს.

შაბათ-კვირას პირველი ეტაპის კლასიკური პარტიები გაიმართა. ჩვენებურთაგან ორი დიდოსტატი გამოაკლდა შეჯიბრებას - სოფიო გვეტაძე და ლელა ჯავახიშვილი. მონაცემებით
თუ ვიმსჯელებთ, ამ უკანასკნელს ვიეტნამელი ლე ტაო ნგუენ პამის დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ პირველ პარტიაში ყაიმს დასჯერდა, ხოლო გუშინ შეხვედრა დათმო და საბოლოოდ 0.5:1.5 წააგო.

გვეტაძეს ორივე ორთაბრძოლაში სძლია ნინო ბაციაშვილმა, რომელიც მეორე რაუნდში ნინო ხურციძესთან გაარკვევს ურთიერთობას. ხურციძემ ევროპის ორგზის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 1.5:0.5.

დანარჩენი ჩვენი ოთხი მოჭადრაკიდან ბელა ხოტენაშვილი ორჯერვე დაუზავდა იტალიელ ოლგა ზიმინას, ხოლო ნანა ძაგნიძემ, სალომე მელიამ და სოფიკო გურამიშვილმა თითო პარტია მოიგეს და დათმეს, შესაბამისად, მონა ხალედთან (ეგვიპტე), ევროპის ექსჩემპიონ ეკატერინა ატალიკსა (თურქეთი) და სარასადათ ხადემალშარიეხთან (ირანი) და ანგარიშია 1:1. მათ შორის უძლიერესი დღეს დამატებით პარტიებში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული