კასპში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

AutoSharing Option
კასპში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მეტად სავალალო მდგომარეობაში იყო, დასასრულს უახლოვდება.

თავდაპირველად აქ ერთმანეთის გვერდით ათამდე სპორტის სახეობაში მიმდინარეობდა მეცადინეობები, თუმცა პირობები არ ყოფილა სახარბიელო. მეტიც, ბოლო წლებში დარბაზი, სადაც სათამაშო სახეობებში ვარჯიშობდნენ ბავშვები, სულაც დაკეტეს - იქ შესვლა სიცოცხლისთვის საშიში გახდა.

გასული წლის მიწურულს, ამ სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტმა მსოფლიოს ბანკი დააინტერესა და მათი დაფინანსებით სამუშაოების შესრულებაც დაიწყო.

პრეზენტაციაზე შარშან "ლელოც" იმყოფებოდა და ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო დავრჩით, დარბაზებში გათბობისა და ვენტილაციის გაუთვალისწინებლობა
იყო. აღმოჩნდა, რომ მოკლე ხანშ,ი თავად მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ესეც შეიტანეს სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

ახლახან მშენებლობის პროცესი თავადაც მოვინახულეთ და რაიონის გამგებელს, ბატონ გოჩა გოჩიტაშვილსაც ვესაუბრეთ.

- სპორტული კომპლექსის მშენებლობა იმიტომ დავიწყეთ, რომ უკმაყოფილონი ვიყავით დარბაზების მდგომარეობით, ზოგადად, რაიონში სპორტული ინსფრასტრუქტურის ხარისხით. ამ კომპლექსის რეაბილიტაცია უდიდესი საქმეა სპორტის განვითარებისთვის. ყველაფერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთდება. ათამდე სპორტის სახეობისთვის, დარბაზებთან ერთად, სასტუმროც იმუშავებს - ერთობლივ წვრთნებს და შეკრებებს მოემსახურება და ა.შ. კომპლექსი მთლიანად 2 მილიონ ლარამდე დაჯდება. ნაწილს ჩვენ თავად ვაფინანსებთ ბანკიდან აღებული 10-წლიანი სესხით.

გარდა ამისა, ვაწყობთ მინი-ფეხბურთის მოედნებს რაიონის ყველა სოფელში. მოგეხსენებათ, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" საშუალებით კასპის მუნიციპალიტეტში (სამთავისში, მეტეხსა და კავთისხევში) ქართული ჭიდაობის სამი არენა აიგო. თავად მუნიციპალიტეტის სახსრებით კი კასპში გორკა მერაბიშვილის სახელობის საჭიდაო არენას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

- დიდ ხანია კასპის სტადიონის მდგომარეობაც არაა დამაკმაყოფილებელი...
- გეთანხმებით. ვცდილობთ, საუკეთესო გამოსავალი მოვნახოთ. კერძოდ, რადგან სტადიონი ვიწროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს და მისასვლელი გზის, აგრეთვე, პარკინგის პრობლემაა, მის გადატანას ქალაქის განაპირას შერჩეულ ტერიტორიაზე ვფიქრობთ, სადაც საფეხბურთო და სარაგბო სტადიონების გვერდიგვერდ მოწყობას ვგეგმავთ. ეს ტერიტორია ამჟამად კერძო მფლობელობაშია და მისი გამოსყიდვის საკითხი უკვე დღის წესრიგში დგას.

- გამოდის, რომ რაგბის განვითარებასაც ეყრება საფუძველი...
- აუცილებლად, რაგბი ხომ საქართველოში სულ უფრო პოპულარული და წარმატებული ხდება.

- კასპის ამჟამინდელ საფეხბურთო სტადიონს ახლის აშენების შემდეგ რა დატვირთვა ექნება?
- ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, მაგრამ სავარაუდოდ, იგი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა, სავარჯიშოდ მინი-საფეხბურთო მოედანიც დარჩება და იქვე საჩოგბურთო კორტის მოწყობაც არ იქნებოდა ურიგო.

- შარშან, მუნიციპალიტეტის ფინანსური ხელშეწყობით, კასპში ფუტსალის კლუბი "გენერალი" დაარსდა, რომელმაც ბიზნესლიგის გათამაშებაზე კარგად იასპარეზა. მაშინ საფეხბურთო კლუბ "განთიადის" აღდგენასაც გეგმავდით...
- "გენერალის" დაფინანსებაზე უარი არც წლეულს გვითქვამს. "განთიადის" აღდგენის ხელშეწყობასაც ვგეგმავთ. უმცროსი თაობა კასპის საფეხბურთო სკოლაში პერსპექტიულია, მაგრამ მათ არ აქვთ ასაკის მატების შემდგომ მშობლიური რაიონის გუნდში ასპარეზობის საშუალება.

"განთიადი," მაგალითად, მეორე ლიგაში რომ გვყავდეს ეს ფეხბურთელები, იქ ითამაშებდნენ, ზოგიერთმა კი იქნებ უფრო მაღალ დონეზე, პირველ ან უმაღლეს ლიგაში თამაშიც შეძლოს.

- ყველაზე შთამბეჭდავი წარმატებები საჭიდაო სახეობებში გაქვთ და, ბუნებრივია, ტრადიციულია ხელშეწყობაც...
- საჭიდაო სახეობები კასპისთვის მუდამ განსაკუთრებული წარმატებების მომტანი იყო და ასე იქნება მომავალშიც. განახლებული სპორტული კომპლექსით, პირველ ყოვლისა, სწორედ მათ გაუუმჯობესდებათ პირობები. ამასთან, მიღწეული წარმატებების შემდეგ ფალავნებს, როგორც ყველა სხვა სპორტსმენს, შეძლებისდაგვარად ვაჯილდოებთ წამახალისებელი თანხით. გვიჭირს თუ გვილხინს, ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ სპორტის განვითარებისთვის, ხელი შევუწყოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ყოველდღიურ ყოფაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული