შვიდდღეული: ...დემეტრეს მამა მოენატრა

AutoSharing Option
ფოტო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქის გვერდიდან
განვლილ შვიდდღეულში საქართველოს პირველ ნაკრებებს არ უთამაშიათ, თუმცა საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ გვაქვს. იქით ვალერი ლიპარტელიანმა მოიგო ოქრო, აქეთ სალომე ფაჟავამ გაგვიჩინა იმედი, უფრო დასავლეთში ვაკო ყაზაიშვილმა შეაგდო გამარჯვებისა...

ტიტული - დიუსელდორფი
ბედი არ გინდა? - დიუსელდორფის გრან პრის ნახევარფინალში ერთმანეთს ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი გადაეყარნენ. გამოცდილმა ვალერიმ მეგობარს აჯობა და არც ფინალში გასჭირვებია მოგება - ყაზბეგ ზანკიშიევი დააიპონა.

გოლი - ტვენტეს
ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასული გუნდი ევროპალიგის საგზურს მიიღებს, საითაც ვაკო ყაზაიშვილისა და
გურამ კაშიას "ვიტესი" მიიწევს.

ევროპალიგისკენ მიმავალ გზაზე ვიტესელებმა პრინციპული მეტოქე, "ტვენტე" მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე ყაზაიშვილმა გაიტანა.

კომენტარი - შანსი ყველასთან
შოთა არველაძე საქართველოს სტუმრობდა და "ლელოში" მისი ბლიც-ინტერვიუც გამოქვეყნდა.

"ზოგადად, მჯერა ქართული ფეხბურთის მომავლის. მინდა წარმატება ვუსურვო კახა ცხადაძეს და მთელს ნაკრებს...

გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და ამ ორ სიტყვაში შეგვიძლია მთელი მისი დახასიათება მოვაქციოთ, მაგრამ შანსი ყველასთანაა. დღეს ასეთია ფეხბურთი".

მატჩი - 1:1
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გაგვახარა. ვთქვათ, ფარერებთან ყაიმი სასიხარულო ნამდვილად არ არის, იტალიასთან 1:1 კი ნამდვილად სასიამოვნოა. თუნდაც ამხანაგურ მატჩში, თანაც იტალიაში.

პარადოქსი - ვინ სად...
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ორი გუნდი დაიშალა - "სასკო" და "დინამო 2". გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ ლიგაში მათ ნაცვლად, მათივე ქულებით ქვედა ეშელონიდან ორი გუნდი გადავა. ეს ყველაფერი შუა სეზონში ხდება!

როგორც ფედერაციაში განმარტეს, "დინამო 2-ს" არავინ ჩაანაცვლებს, ხოლო "სასკოს" ადგილს ჩხოროწყუს "სამეგრელო" დაიკავებს. ოღონდ, იურიდიული ნორმები რომ არ დაირღვეს, "სამეგრელოს" "სასკო" დაერქმევა.

იურიდიულად გამართლებულ პარადოქსთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთი შეკითხვა მაინც რჩება: დებულება აძლევს გუნდს შუა სეზონში ყველა ფეხბურთელის შეცვლის უფლებას?

განახლება - დ-ები
ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ განახლდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი. ლიგაში სამი გუნდია, რომელთა სახელიც დ-ზე იწყება. ჰოდა, სამივემ მოიგო. მეტსაც გეტყვით: სატურნირო ცხრილში საპრიზო სამეულში სწორედ დ-ები არიან: თბილისის "დინამო", გორის "დილა" და ბათუმის "დინამო".

ომი - საფრანგეთი-ინგლისი
შუა საუკუნეებში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ასწლიანი ომი მიმდინარეობდა. ჩვენს შემთხვევაში ინგლისურ-ფრანგული ბრძოლები ერთ თვეზე მეტს არ გაგრძელდება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩებში უპირატესობა ფრანგების მხარესაა: "მონაკომ" (რომელიც საფრანგეთის პირველობას წარმოადგენს) სტუმრად "არსენალი" დაამარცხა, ხოლო პსჟ - "ჩელსის" 1:1 დაუზავდა.

ვიხილეთ კიდევ არაერთი საინტერესო და ზოგიც მოსაწყენი მატჩი. დაძაბულობა პიკს განმეორებით მატჩებში მიაღწევს.

რიცხვი - 20
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში გმირობა ჩაიდინა აზერბაიჯანელმა ზაურ ფაშაევმა, რომელმაც მეოთხე პერიოდში 20 ქულა ჩააგდო, "ქუთაისს" "რუსთავთან" 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოაფხვრევინა და საბოლოოდ 106:99 მოაგებინა.

დანაკლისი - ზირაქაშვილი...
ნაკრებიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ ტრავმა მიიღო დავით ზირაქაშვილმა, რომელიც 28 თებერვალს ესპანეთთან საქართველოს ნაკრების მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ასევე ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს ლაშა მალაღურაძე.

იმედი - ბრინჯაო
ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ მოსკოვის გრან პრიზე მხატვრულ ტანვარჯიშში ბრინჯაოს მედალი "დახატა". გაგვიჩინა იმედი, რომ 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი ახალგაზრდა სახე შეემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული