კასპში სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო!

AutoSharing Option
კასპში მდებარე სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ჩვენს გაზეთში ადრე არაერთხელ დაწერილა.

აქ კომპლექსურად ერთ ფართობზე, ერთმანეთის გვერდიგვერდაა მოქცეული სასპორტო სკოლის და საჭიდაო სკოლის შენობები, მრგვალი დარბაზი და საფეხბურთო მოედანი.

ყველა ეს ობიექტი დიდი ხანია სარემონტოა, ხოლო მრგვალ და კალათბურთის დარბაზში შესვლაც კი სიცოცხლისთვის საშიში გახლდათ და ამიტომ რამდენიმე წლის წინათ დაკეტეს.

აღნიშნული სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ თხოვნით კასპის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხშირად მიმართავდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან ამისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები რაიონის ბიუჯეტს არ მოეპოვებოდა.

მშველელად წლეულს კასპელებს
მსოფლიო ბანკი მოევლინათ, რომლის მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით გადაწყდა და ამ დღეებში დაიწყო კიდეც, სტადიონის გარდა, ყველა სხვა სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, სასპორტო და საჭიდაო სკოლების, აგრეთვე, მრგვალ დარბაზს გაარემონტებენ.

აქვე განხორციელდება დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელსაც სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები წინასაშეჯიბროდ საჭირო შეკრებებისთვის გამოიყენებენ.

"ასეთი მასშტაბური მშენებლობა ჩვენს რაიონში გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კასპის სპორტული კომპლექსი ჩვენი ქვეყნის მუნიციპალიტეტებში ამ სფეროში ფუნქციონირებად ნაგებობათაგან ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

სრულყოფილად შეკეთდება სპორტული დარბაზები და კეთილმოეწყობა სპორტული კომპლექსის ეზო. კასპის მუნიციპალიტეტში ვარჯიშობენ როგორც ტიტულოვანი სპორტსმენები, ისე პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც სათანადო ხელშეწყობას საჭიროებენ.

ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა სტადიონის რემონტისთვის სახსრების გამოძებნა, თუმცა ვპირდები საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს, რომ წლეულს შესაბამის პროექტს შევიმუშავებთ და გაისად აუცილებლად დავიწყებთ სტადიონის რემონტსაც.

სხვა მიმართულებიდან სახსრები თუ ვერ გამოჩნდა, სტადიონის რეაბილიტაციას როგორმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითაც შევეცდებით, გავწვდეთ" - გვითხრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

სასპორტო და საჭიდაო სკოლების, აგრეთვე, მრგვალი დარბაზის რემონტი და სპორტული კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება მილიონ 700 ათასი ლარია.

გეგმის მიხედვით, სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2016 წლის იანვარში დასრულდება.

ვიდრე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სპორტული ჯგუფები კასპში დროებით სხვადასხვა შენობაში გადაანაწილეს და მომავალ წლამდე იქ განაგრძობენ მუშაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული