TimeLine: სპორტი და პოლიტიკა

AutoSharing Option
მაკედონელი, იულიუს კეისარი, ჩინგიზ ყაენი, ლენინი... პელე, მარადონა, ჯორდანი, შუმახერი... რა სხვაობაა ამ ორი კატეგორიის ადამიანებს შორის? ჯერ მსგავსებაზე ვთქვათ: ერთნიც და მეორენიც საკუთარ სამშობლოში მეტად დაფასებულები არიან; მათ მთელი მსოფლიო იცნობს; ერთნიც და მეორენიც მეტოქეებთან სასტიკები იყვნენ და დიდი გამარჯვებებიც უმაგრებთ ზურგს.

ახლა განსხვავება: მაკედონელი, იულიუს კეისარი, ჩინგიზ ყაენი და ლენინი პოლიტიკოსები არიან, ხოლო პელე, მარადონა, ჯორდანი და შუმახერი - სპორტსმენები.

იცით, რა არის ყველაზე დიდი განსხვავება პოლიტიკოსებსა (იმპერატორიდან დაწყებული, ცეკას პირველი მდივნით დამთავრებული ხომ ყველა პოლიტიკოსი გახლდათ) და
სპორტსმენებს შორის? - მეორენი ხალხს გულწრფელად უყვარს.

ვინ დამაჯერებს, რომ 1961 წლის 12 მაისს (იხ. სურათი) "ცეკა კაპაესესის" სხდომაზე დამსწრე საზოგადოება ისეთივე ხალისით მიდიოდა, როგორც 2014 წლის 27 აგვისტოს საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩზე ქართველი გულშემატკივარი? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კალათბურთზე ფაჩულიას, სანიკიძის, შენგელიას თუ ცინცაძის სანახავად ხალხმა ფული გადაიხადა... და არც ინანა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით იშვიათი სიხარული განიცადა, იმაზე წრფელი, ვიდრე რომელიმე არჩევნებში საკუთარი რჩეულის გამარჯვება.

არ გეგონოთ, ამას იმიტომ ვწერ, რომ პოლიტიკისა და პოლიტიკოსების როლის დაკნინება მსურს, უბრალოდ, ძალიან მინდა, პოლიტიკოსებმა სპორტს, როგორც ხალხის გახარების, ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივების, მსოფლიოში ქვეყნის წარმოჩენის საშუალებას, ისე შეხედონ.

აგერ, ბატონო, ლიტვის მაგალითი: სახელმწიფო კალათბურთში დიდი ოდენობის ფულს აბანდებს და ჩვენნაირი პატარა ქვეყანა მსოფლიოს ელიტაში თავს საოცარი წარმატებებით იწონებს, ხალხი ყოველ მოგებას ქუჩებში ისე აღნიშნავს, როგორც ქართველებმა აღვნიშნეთ ფეხბურთში რუსეთის ნაკრების დამარცხება (2003 წლის 30 აპრილს).

რაც ყველაზე მთავარია, სპორტისადმი გამოჩენილი ყურადღება ერის სიჯანსაღის გარანტიაა: ვიხსენებ, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რომ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას ვილნიუსში ღიპიანი ლიტველი შემხვედროდეს.

2013 წელს ხორვატიაში ერთი უბრალო კაცი გავიცანი, რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი კი არა, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი მიხსენა. 2008 წელს, რუსეთის ჯარი საქართველოში რომ შემოიჭრა, ESPN-ის სტუდიაში ამერიკაში კარგად ნაცნობი ქართველი ზაზა ფაჩულია მიიწვიეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული