ზურაბ მენთეშაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება

AutoSharing Option
პირველ აპრილს, ეროვნული ლიგის IV ტურში, თბილისის "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოს" 1:1-ზე დაუზავდა.

მატჩის მე-20 წუთზე, "ლოკომოტივში" იძულებითი ცვლილება მოხდა - ტრავმირებული გეგა დიასამიძის ნაცვლად, მოედანზე 37 წლის ზურაბ მენთეშაშვილი შევიდა. მაგრამ მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ვეტერანს კუნთი დაეჭიმა და მოედნის დატოვება მოუხდა, არადა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო - ფაქტობრივად, ყველა ორთაბრძოლა მოიგო...

მენთეშაშვილის ამბით დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

"როგორც იქნა, მოვრჩი და ვარჯიშიც დავიწყე. ცხადია, ჯერ ფორმაში არ ვარ და მოედანზე დასაბრუნებლად კონდიციების აღდგენა მჭირდება, თამაში
რომ შევძლო. კუნთი ნახევრად გაგლეჯილი მქონდა და ეს ასე იოლად არ გადის... იმედი მაქვს, სეზონს ტრავმების გარეშე ჩავამთავრებ", - ამბობს ზურაბ მენთეშაშვილი.

2000-10 წლებში მან 40-ჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრებში (1 გოლი). კარიერის განმავლობაში დაუცავს რუსთავის "გორდას", "ვიტ ჯორჯიას", ლატვიური "სკონტოსა" და "ვენტსპილსის", ვლადიკავკაზის "ალანიასა" და იაროსლავლის "შინიკის", თელ-ავივისა და აშქელონის "ჰაპოელის", კარიერის მიწურულს კი "ზესტაფონისა" და "საბურთალოს" ღირსება.

ამ კლუბს მენთეშაშვილი უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაშინ ის "საბურთალოს" სამწვრთნელო სტაფს ეხმარებოდა, მაგრამ... 37 წლისა ფეხბურთს მაინც ვერ შეელია და კარიერა განაახლა.

შარშან, გაზაფხულზე, მენთეშაშვილმა თბილისის სამოყვარულო ლიგაში ითამაშა, შემდეგ - რეგიონული ლიგის "ნორჩ დინამოში", რომელმაც ლიგა 3-ში გამოსვლის უფლება მოიპოვა და სწორედ აქედან მიიწვიეს თბილისის "ლოკომოტივში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული