ოლიმპიზმი: სტეპანოვებს დოპინგთან ბრძოლა დაუფასდათ

AutoSharing Option
რუსეთის ანტისდოპინგო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ვიტალი სტეპანოვმა და მისმა მეუღლემ, მძლეოსანმა იულია სტეპანოვამ ჯილდოები მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან.

ვიტალი სტეპანოვი ოლიმპიური კომიტეტის მრჩეველი იქნება დოპინგ-კონტროლის ყველა სფეროსა და სუფთა სპორტსმენების დაცვის საქმეში, რაც შეეხება იულია სტეპანოვას, მან ვარჯიშებისთვის გრანტი მიიღო.

როგორც პრესაში აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სტეპანოვებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ტომას ბახის შეხვედრაზე. ამ ნაბიჯით, ოლიმპიური კომიტეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს სავარაუდო ინფორმატორებს, რომლებსაც ინფორმაცია გააჩნიათ ანტისადოპინგო წესების დამრღვევებზე.

"მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება. მადლობას ვუხდით
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი შესაძლებლობისთვის", - განაცხადა იულია სტეპანოვამ.

სტეპანოვები მთავარი გმირები იყვნენ გერმანული ტელეარხის ARD-ის ფილმში, რომელშიც მოთხრობილი იყო რუსულ სპორტში გამეფებულ დოპინგზე. ისინი თანამშრომლობდნენ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტური ფილმის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. შედეგად, რუსი მძლეოსნები არ დაუშვეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

* * *
1896 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი, რომლითაც ჩემპიონი დააჯილდოვეს, აუქციონზე გაიყიდება. 2014 წელს, მსგავსი ჯილდო 220 ათას დოლარად გაიყიდა.

"ოქრო არ იყო ოლიმპიური თამაშების მთავარი პრიზი. პირველ ოლიმპიადაზე ჩემპიონები ვერცხლის მედლებს იღებდნენ. მათი რაოდენობა მხოლოდ 100 იყო და ეს ეგზემპლიარი ყველაზე კარგად არის შენახული", - განაცხადა სააუქციონო სახლის - Heritage Auctions-ის წარმომადგენელმა ნიკოლას დოუსმა.

პირველ ოლიმპიურ თამაშებში 14 ქვეყნის 241-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, ამასთან, ქალები ოლიმპიადაზე არ დაიშვებოდნენ. სულ გათამაშდა მედლების 43 კომპლექტი სპორტის ცხრა სახეობაში. ორგანიზატორები მონაწილეთა მოქალაქეობას არ არკვევდნენ და არც მედლების ჩათვლას აწარმოებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული