რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება

AutoSharing Option
შარშან დანიურ ოდენსეში, ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატში რიოს საგზურის მოპოვებით ლუბა გოლოვინამ ამ სახეობის ქართველ მსაჯებს, ფაქტობრივად, ოლიმპიური თამაშებისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, მაგრამ ტანვარჯიშის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ რუსუდან ხოფერიას მიმართ გამონაკლისი დაუშვა - ქართველი არბიტრი თამაშებზე მიიწვია.

მას შემდეგ, რაც ბატუტზე ხტომა ოლიმპიური ოჯახის წევრი გახდა, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ოლიმპიადებზე, ჩვეულებრივ, ნეიტრალურ არბიტრებს იძახებენ. შემთხვევით არაფერი ხდება: ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ბატუტზე ხტომაში სამი მსოფლიოს პირველობა გაიმართა. ქართველი საერთაშორისო არბიტრი შარშან და შარშანწინ ჩემპიონატის საუკეთესო მსაჯად აღიარეს, 2013-ში მეორე
იყო. 2015 წელს ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზეც გამოარჩიეს.

ოდენსეში, კენჭისყრით, მხოლოდ საკვალიფიკაციოზე უნდა ემსაჯა, რადგან ლუბა გოლოვინა ნახევარფინალსა და ფინალში გავიდა, მაგრამ ტექნიკური კომიტეტის წევრებმა უწინდელი გადაწყვეტილება შეცვალეს და რუსუდან ხოფერიამ ჩემპიონატის ბოლომდე იმსაჯა. რაც შეეხება ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობას, ზედიზედ სამჯერ იყო მთავარი არბიტრი.

ამჟამად იგი მსაჯთა საერთაშორისო რეიტინგს უდგას სათავეში. უსამართლობა იქნებოდა, მსოფლიო ტანვარჯიშის ხელმძღვანელებს ყოველივე ეს მხედველობაში არ მიეღოთ. გაითვალისწინეს და გამონაკლისიც დაუშვეს - ოლიმპიადაზე მიწვეულ ცხრა არბიტრს შორის ჩვენებურიც გახლდათ.

რიოს თამაშებიდან დაბრუნებულ რუსუდან ხოფერიას ბრაზილიური შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

- შეჯიბრება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და სპორტსმენებს ყველა პირობა ჰქონდათ ასპარეზობისა თუ აქტიური დასვენებისთვის, - გვითხრა ქალბატონმა რუსუდანმა. - გამაოცა შეჯიბრების მონაწილეთა მომზადების მაღალმა დონემ. ქომაგებს, ცხადია, უფრო ლუბა გოლოვინას გამოსვლის შეფასება აინტერესებთ.

ჯერ კიდევ დუშეთში შეკრებისას გადაწყდა, რომ ლუბა საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო დაბალი სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშებს შეარულებდა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ გოლოვინა ამა თუ იმ ილეთს ტექნიკურად სუფთად ასრულებს, ამიტომ იმის საშიშროება არ იყო, რომ მე-2, შედარებით სუსტი ვარჯიშის შესრულებით იგი ფინალში ვერ გავიდოდა. და ასეც მოხდა.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ლუბას ბევრმა ობიექტურმა ფაქტორმა შეუშალა ხელი. მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ერთ წელიწადში შეძლო ფორმის აღდგენა და რიოს საგზურის მოპოვება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშებზე მისი გამოსვლა სათუო გახდა. ექიმები ოპერაციის გაკეთებას გვირჩევდნენ, ლუბას კი ოლიმპიადის გამოტოვება არ უნდოდა. ამიტომ თავისი გაიტანა. ორი თვე რეაბილიტაციას დასჭირდა. აუცილებელი გახდა სირთულის კოეფიციენტის 14.4-მდე გაზრდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ოფიციალურ ტურნირებზე მისი გამოცდა ვერ მოხერხდა.

ლუბამ წლეულს პორტუგალიაში, მსოფლიოს თასზე 12.9 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშები ისე სუფთად შეასრულა, რომ მესამე ადგილი დაიკავა, რიოს ოლიმპიადაზე კი ფინალში მოხვდა. გადამწყვეტი პაექრობისას გამოჩნდა, რომ მაღალი სირთულის კოეფიციენტის ვარჯიში ბოლომდე დახვეწილი არ იყო, რამაც შედეგზეც იმოქმედა.

ლუბას შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცხადია, მეტი გვინდოდა, თორემ ოლიმპიადაზე მე-7 ადგილი ურიგო როდია.

- კონკურეტებზე რას იტყვით?
- როგორც გითხარით, ასე მომზადებული სპორტსმენები შეჯიბრებებზე იშვიათად მინახავს. განსაკუთრებით, ეს კანადელ როსანა მაკლენანზე ითქმის, რომელმაც რიოში ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა, რაც ბატუტზე ხტომის ოლიმპიურ ისტორიაში პირველი შემთხვევაა. გაიბრწყინა ინგლისელმა ბრიონ ეიჯიმ. სამი წლის წინათ მან მსოფლიო თასი მოიგო. მას მერე რამე მნიშვნელოვანი შედეგი არ ჰქონია, რიოში კი მეორე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი ჩინელ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ლი დანს ერგო.

- სამომავლოდ რას აპირებთ?
- რიოს თამაშების დამთავრებით ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. სხვა სახეობების მსგავსად, ბატუტზე ხტომაშიც იგეგმება ცვლილებები. კერძოდ, პირველ ვარჯიშში აქამდე მხოლოდ ორი ილეთი თუ იყო სირთულით გამორჩეული, მომავალი წლიდან მათი რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. დაინერგება ახალი აპარატი, რომელიც ასპარეზობისას სპორტსმენის ზონიდან გასვლას აღნუსხავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსაჯობა უფრო ობიექტური გახდება.

ოთხ წელიწადში ერთხელ არბიტრები გამოცდებს ვაბარებთ კატეგორიის შესანარჩუნებლად ან ასამაღლებლად. ევროპელთა თხოვნაა, მსაჯთა ასეთი საერთაშორისო სემინარი თბილისში მოეწყოს. ვეცდებით, მათი ნდობა გავამართლოთ.

რაც შეეხებათ ქართველ სპორტსმენებს, კარგი თაობა მოდის, ჯანსაღი კონკურენცია გაიზრდება. არც ლუბა აპირებს, ფარ-ხმალი დაყაროს - ტოკიოს ოლიმპიადისთვის ის აშკარა ფავორიტი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მარა დალოცვილო კიდევ 4 წელი ამ ლუბას უნდა ვუყუროთ?მორჩა ლუბასგან არ გამოვა არაფერი და თუ ქართველი პერსპექტივაშI არაა,ვინმე ნატაშა ან ლარისა მაინც წავიყვანოთ ტოკიოშI:)))
otari
07:44 26-08-2016
1

სიახლეები პოპულარული