რიო 2016: ვეტერანის შანსი - დღეს ირაკლი თურმანიძე მიზნის ასრულებას ეცდება

AutoSharing Option
დღეს რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში საქართველოს ღირსებას ირაკლი თურმანიძე (+105) დაიცავს.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

ირაკლი თურმანიძე 31 წლისაა. ჩაქვში დაბადებულმა და გაზრდილმა ჭაბუკმა ძალოსნობაში ვარჯიში 15 წლისამ დაიწყო ბესო ბასილიასთან. რამდენიმე თვის შემდეგ პირველ წარმატებას რომ მიაღწია, მეტი მონდომებით განაგრძო წვრთნა. 2007 წელს თბილისში გადმოვიდა სავარჯიშოდ. ყმაწვილის გულმოდგინება მხედველობიდან არ გამოჰპარვია ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს, რომელიც იმავე დარბაზში ემზადებოდა მორიგი შეჯიბრებისთვის.

2009 წელს თურმანიძემ საქართველოს ჩემპიონობა რომ მოიპოვა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა,
როგორც ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კორეაში წაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მას შემდეგ ირაკლიმ მსოფლიოს ჩემპიონატებში კიდევ ოთხჯერ იასპარეზა, 2014 წელს ორჭიდში VI ადგილი დაიკავა, შარშან ჰიუსტონში მეხუთე იყო, თანაც ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატებში ხუთჯერ ცდიდა ძალებს: 2011 წელს ორჭიდში მე-4 ადგილზე გავიდა, ატაცში მხოლოდ გამარჯვებულს ჩამორჩა, 2012 წელს ორჭიდში მესამე იყო, ატაცში ოქროს მედალი ერგო, მომდევნო წელს ორჭიდში მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა, ატაცში მესამე ადგილი დაიკავა.

წარმატებული გამოდგა შარშანდელი სეზონი. ევროპის ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლა. თურმანიძეს ატაცში 201 კილოგრამით ვერცხლის მედალი ხვდა. 190-კილოგრამიანმა რუსმა გოლიათმა ჩინგიზ მოგუშკოვმა ჩვენებურს კილოგრამით აჯობა. ირაკლიმ 234 კილოგრამი აკრა. უკრაინელმა ოლეგ პროშაკმა 235 კილო დაიმორჩილა და ორჭიდში ჩემპიონობა მოიპოვა. მართალია, უკრაინელმა, ირაკლი თურმანიძის მსგავსად, ორჭიდში 435 კილოს მოუყარა თავი, მაგრამ პირადი წონით ქართველ მეტოქეზე 840 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა და ოქროს მედალი მას ერგო, თუმცა მცირე ხნით, რადგან ჩემპიონატის შემდეგ აღებულ სინჯებში უკრაინელ ოლეგ პროშაკს სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მისცეს, ირაკლი თურმანიძე კი ევროპის ჩემპიონად გამოაცხადეს.

წლეულს ევროპაზე ქართველი ძალოსანი VII ადგილზე გავიდა.

ირაკლი თურმანიძე ოლიმპიურ თამაშებში მეორედ მონაწილეობს. ოთხი წლის წინათ ფორტუნას ზურგი რომ არ ექცია, ლონდონიდან უმედლოდ არ დაბრუნდებოდა: საბოლოოდ კი ორჭიდში მეხუთე, ატაცში კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

ვეტერანი სპორტსმენი რიოში ეცდება მიზნის ასრულებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული