გენო პეტრიაშვილს მეტოქე შეუცვალეს - დოპინგი ჩვენი ფორიაქისა

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა კარს მოგვადგა, საორგანიზაციო კომიტეტში ათლეტთა განაცხადების წარდგენის ვადაც ამოიწურა, თუმცა საჭიდაო გუნდებში ცვლილებები მაინც ხდება.

ასეთი ფორსმაჟორული სიტუაცია დოპინგ-სკანდალმა გამოიწვია, რომელიც ამჯერად ორი მიმართულებით ვითარდება - თითქოს მილდრონატ-მელდონიუმით გამოწვეული არეულობა არ კმაროდა, ახლა ამ ხათაბალას წინა ოლიმპიადების სინჯების გადასინჯვაც დაემატა, რაც არანაკლებ საინტერესოა (იმედია, ჩვენებს არ ამოუვარდებათ არაფერი აკრძალული).

თუმცა ამ წერილის ძირითადი თემა მაინც მიმდინარე ოლიმპიური ციკლის შუქ-ჩრდილებია, რადგან მელდონიუმის სკანდალის გამო ზოგიერთ გუნდში შეიცვალა მონაწილე. მათ შორის რამდენიმე ჩვენთვის საინტერესოა.

პეტრიაშვილს მეტოქე შეუცვალეს
ჯერჯერობით გადაჭრილი
რაცაა, თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილს (125) ერთი სავარაუდო მეტოქე შეუცვალეს - გასულ უქმეებზე უკრაინის ნაკრებში საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს: ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტმა ალენ ზასეევმა 5:2 მოუგო ევროპული თამაშების მესამეპრიზიორ ალექსანდრ ხოციანოვსკის და ოლიმპიურ გუნდშიც დააყენეს.

კონჩე-ზასპას ოლიმპიურ ბაზაზე გამართულ ამ სპარინგს დიდი აუდიტორია ესწრებოდა: თავად ფალავნები, მწვრთნელები, ფედერაციის სრული ხელმძღვანელობა, ჟურნალისტები და რიგითი ქომაგები. მეორე იარუსის ტრიბუნებიც კი ხალხით იყო სავსე, ხოლო ვიდეოში ერთ მომენტში ზასეევის ქომაგის ქართული საუბარიც ისმის.

წარმოდგენა არა გვაქვს, ვინ შეიძლება იყოს ის. უბრალოდ, გეტყვით, რომ უკრაინის ნაკრებში ექიმად ქუთაისელი მერაბ შვანგირაძე მუშაობს.

არადა, ზასეევი ერთადერთი იყო იმ ექვს დასჯილს შორის (სხვათა შორის, მათგან სამი უკრაინელი იყო!), ვისაც თავდაპირველი დისკვალიფიკაცია ძალაში დაუტოვეს. თავიდან საგზური ზასეევმა მოიპოვა პირველივე სალიცენზიო ტურნირზე (სწორედ იქ აუღეს სინჯები), მაგრამ როცა ეს დოპინგზე ჩავარდა, მერე ხოციანოვსკი წაიყვანეს და იმანაც დაიმსახურა.

მაშინ ის დანარჩენი ხუთეული იმიტომ გამართლდა, რომ მილდრონატ-მელდონიუმის მიღება მიმდინარე წლის იანვრამდე დაუდგინდათ, ანუ, როცა ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული; ზასეევზე კი დაიწერა, რომ ახალი მიღებული ჰქონდა. საინტერესოა, რა მოხდა მას შემდეგ ასეთი, რატომ შეიცვალა ვითარება? თუმცა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უკრაინელები ამათგან რომელს დააყენებდნენ, რადგან პეტრიაშვილი ორივესთან ფავორიტია - ბოლო შეხვედრებში ულაპარაკოდ დაჯაბნა ისინი. მთავარია, თვითონ იყოს კარგ ფორმაში და მას ზასეევი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

ლებედევი მაინც გააწითლეს?
საინტერესო ამბებია რუსეთის ნაკრებში 57 კილოგრამში, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მთავარ იმედს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, წინა ოლიმპიადის ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს - რუსების მიერ ამ წონაში საოლიმპიადედ შეგულებული ვიქტორ ლებედევი ადრე დოპინგზე იყო ჩავარდნილი, ასეთებს კი, სოკ-ის ახალი განკარგულებით, ეკრძალებათ ბრაზილიაში გამოსვლა.

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტი ამის შესახებ არაფერს წერს, თუმცა დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციის საიტი წერს, რომ ლებედევის შემცვლელს ეძებენ. ოღონდ ეს ამბავი უტოპიას ჰგავს, რადგან სოკ-ის ვერდიქტით, ქვეყანა კარგავს ლიცენზიას და ამაზე წერენ კიდეც რუსულ ფორუმებზე.

ამასობაში ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ნება დართო რუსეთის მოჭიდავეთა გუნდებს, იასპარეზონ რიოში, თუმცა მათგან სხვა არც იყო მოსალოდნელი - ამ ქარვასლა-ორგანიზაციის პრეზიდენტი, სერბი ნენად ლალოვიჩი თავის დროზე სწორედ რუსებმა და იქაური ჭიდაობის მთავარმა მახვშმა მიხეილ მამიაშვილმა მოიყვანეს სათავეში და არაოფიციალურად დღესაც მათი "ყურმოჭრილი ყმაა". ამიტომ არც იყო მოსალოდნელი, რომ ლალოვიჩი მფარველებს წინ აღუდგებოდა.

ხინჩეგაშვილი-ალიევი?
ხინჩეგაშვილს ლებედევი თუ გამოაკლდება, სამაგიეროდ, აზერბაიჯანიდან ემატება ერთი სოლიდური კონკურენტი, 61 კილოგრამში მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის მომგები ჰაჯი ალიევი.

ამ წონაში იქაურთაგან საგზური მირჯალალ ჰასან-ზადამ მოიპოვა, თუმცა ბულგარელმა მწვრთნელმა სემენ შტერევმა (მის შტაბში ქართველი დავით ხურციაც შედის) ზედა წონიდან ალიევის ჩამოწევა ამჯობინა (მოგეხსენებათ, 61 არაა ოლიმპიური წონითი კატეგორია).

ალიევს ხინჩეგაშვილმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დამაჯერებლად მოუგო და არ გვგონია მისთვის გადაულახავი ზღუდე. მით უფრო, მეტოქეს წონის დაკლებაც მოუწევს, რაც აუცილებლად დაატყობს თავის კვალს. ეტყობა, შტერევის შტაბი მას ჯერ კიდევ აკვირდება. ყოველ შემთხვევაში, იქაური სპორტალი "აზერისპორტი" 57 კილოგრამს იმ სამ წონით კატეგორიაში ასახელებს, სადაც, შესაძლოა, ცვლილება მოხდეს.

თავად აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის საიტი არც ამ ცვლილებაზე წერს რამეს და არც - ზოგადად, ოლიმპიურ გუნდზე. შემადგენლობას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთო, მხოლოდ ამას წერენ.

იადავი არ დავობს
ამასობაში დოპინგის გამო საოლიმპიადოდ კიდევ ერთი "თავი დაგორდა". ამჯერად - შორეულ ინდოეთში: აკრძალული პრეპარატის კვალი უპოვეს მსოფლიოს შარშანდელ ბრინჯაოსმედალოსანს 74 კილოგრამში ნარსინგხ იადავის, თუმცა არ წერენ, რომელ პრეპარატზეა ლაპარაკი. მასაც განაღდებული ჰქონდა რიოში წასვლა, რაც ახლა საეჭვოა.

მის მაგივრად ოლიმპიურ გუნდში დადგომის ამბიცია გაუჩნდა ყველაზე ტიტულოვან ინდოელ ფალავანს, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტსა და პეკინის თამაშების მესამეპრიზიორს, მსოფლიოს ჩემპიონ სუშილ კუმარს.

ადრე ის 66 კილოგრამში გამოდიოდა და სამივე ზემოჩამოთვლილი მედალი იქ მოიპოვა, მაგრამ წლეულს დაკარგა იმ წონაში ადგილი და 74-ში მოინდომა იადაცვისთან კონკურენცია, თუმცა საეჭვოა, მისცემენ თუ არა მას რიოში გამოსვლის უფლებას. უფრო სწორად, საინტერესოა, ინდოეთს დაუტოვებენ თუ ჩამოართმევენ ამ საგზურს.

ერთი ის კია, რომ იადავის სინჯები ბოლო მოსამზადებელ პერიოდში აუღეს და ეს არაა შარშანდელ მსოფლიოზე აღმოჩენილი დარღვევა. იადავი თავად ესწრებოდა B სინჯის გახსნას და არც იმაზე წერენ რამეს, რომ პრეტენზიას გამოთქვამდეს.

ტაიმაზოვიც?
დაბოლოს, ერთი ჭორად გავრცელებული ამბავი, რომელიც ლონდონის თამაშების მედალოსანთა სინჯების გადახედვას უკავშირდება: სოციალურ ქსელებში არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დოპინგი აღმოუჩინეს უზბეკთა სახელით მოჭიდავე ოს არტურ ტაიმაზოვს, ვინც ბრიტანეთში მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ვიმეორებთ - ინფორმაცია დაუზუსტებელია, თუმცა ტაიმაზოვს თავის დროზეც "ქიმიკოსის" სახელი ჰქონდა, ანუ ყოველთვის ამბობდნენ, რომ იღებდა დოპინგს. შეგახსენებთ, რომ ლონდონის ფინალში მან დავით მოძმანაშვილს მოუგო. საინტერესოა - თუ ეს ხმები დადასტურდა, მაშინ რა ელის მოძმანაშვილს, მას გამოაცხადებენ ოლიმპიურ ჩემპიონად?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი ოლიმპიელებიდან ოქროს შანსი ექვსს აქვს – ყველაზე მეტი შანსი აქვს ტალახაძეს,
მერე – ხინჩეგაშვილი
– ლიპარტელიანი
–ჭრიკიშვილი
– ღვინიაშვილი
– პეტრიაშვილი
ამათ გარდა მედლების შანსი კიდევ 5 სპორტსმენს აქვს
პირადად 4 ოქროზე და სხვა ექვსზე თანახმა ვარ

ღმერთმა ქნას ჩვენდა სასიკეთოდ ვცდებოდე
0
იმედია, ლონდონში არ იქნება ჩავარდნილი მოძმანაშვილი და მეორე ოქრო შეგვემატება. ისე, ჩვენც გვყავს დოპინგზე ჩავარდნილი ლონდონში და ეს რაულ ცირეკიძეა, რომელიც ბოლო მომენტში მოხსნეს ახლა გუნდიდან. ოღონდ ამაზე რატომღაც არავინ არაფერს ამბობს.
Teimuraz
00:25 28-07-2016
0

სიახლეები პოპულარული