დავიბრუნეთ შინდისფერი, დავიბრუნოთ ორიგინალურობა

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე სამი ფერით წარდგება: კაცებს შავი კოსტიუმები ეცმებათ, ქალებს - შინდისფერი მოსასხამები და თეთრი კაბები. ამ სამოსის დანახვისთანავე უამრავი მოსაზრება და რეპლიკა გაჩნდა...

- მანიფესტი, აქცია, შარჟები - ქართველი ოლიმპიელების ახალი სამოსის გამოხმაურება

დედამიწაზე რამდენი ადამიანიც დააბიჯებს, იმდენნაირია გემოვნება. ამ თემაზე არ დავობენო, ამბობენ. 2004 წლის ზამთარში საქართველოს დროშის შეცვლა რომ გადაწყდა, ზოგი ძველი, სამფერა დროშისკენ იხრებოდა, ზოგი ხუთჯვრიანი სიმბოლოს ეფექტურობაზე ლაპარაკობდა. თუმცა, მხოლოდ გარე ეფექტი საკმარისი არ არის, როდესაც საქმე ქვეყნის მსოფლიოს მასშტაბით
წარდგენას ეხება, სამი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი: შინაარსი, ორიგინალურობა და ეფექტი.

ვიდრე იაკობ ნიკოლაძის მიერ შემუშავებული შინდისფერი დროშა "მეფობდა", ქართველ სპორტსმენებსაც ძირითადად შინდისფერი ფორმები ემოსათ, რაც მართლაც ორიგინალური იყო. თუნდაც საფეხბურთო მაგალითი ავიღოთ, რამდენ ნაკრებს აცვია შინდისფერი მაისურა? ლატვიას, პორტუგალიას (მთლად შინდისფერსაც ვერ უწოდებ), ბოლოს რუსებმაც მოირგეს დამპალი შინდისფერი ეკიპირება.

წითელი რამდენს აცვია? - რამდენსაც გნებავთ! ამიტომ იმ დღიდან, რაც გამოცხადდა, რომ საქართველოს დროშის შეცვლის შემდეგ (2004 წელს) ყველა ქართულ ნაკრებს ახალი დროშის ფერის ფორმა უნდა სცმოდა (წითელ-თეთრი), დაიკარგა ორიგინალურობა. ბოლნურ-კაცხური ჯვრის ორნამენტიც ვერ მოერგო ქართულ ეკიპირებას...

არადა, დროშის შეცვლას რომ მიჰყოლოდნენ ჰოლანდიელები, დღეს მათ "ნარინჯისფერების" სახელით არავინ მოიხსენიებდა. მათ დროშაზე მე-16 საუკუნეში ლურჯი, თეთრი და ნარინჯისფერი ზოლები იყო (უილიამ ორანჟმა შექმნა), შემდეგ ნარინჯისფერი წითელმა ჩაანაცვლა, მაგრამ ნარინჯისფერი იმდენად იყო გამჯდარი, რომ ჰოლანდიის სპორტის სხვადასხვა სახეობის ყველა ნაკრებმა სიამოვნებით მიიღო.

მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან იტალიელებსაც ასე შერჩათ ცისფერი (გერბიდან) და დღეს მათ ყველა "ცისფერ გუნდად" ("სკუადრა აძურად") იცნობს...

ასე რომ, სულაც არ იყო აუცილებელი, ქართული შინდისფერი (ღვინისფერი) თეთრ-წითლით შეგვეცვალა. თუმცა გავიდა ათწლეულები და ქართულმა ოლიმპიურმა დელეგაციამ მაინც დაიბრუნა 90-იანი წლების დროშის ფერი. ორიგინალურობაზე კი, რა მოგახსენოთ...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

რას ნიშნავს სიტყვა "ორიგინალურობა"? როცა საქმე ოლიმპიადას ეხება, პასუხი მარტივია - უცხოელი რომ შემოგხედავს, სხვა ასოციაცია არ უნდა გაუჩნდეს, არ უნდა თქვას, ასეთი ხომ შუააზიელებს აცვიათო.

სწორედ ამის საწინააღმდეგოდ გააკეთა განცხადება "სამოსელი პირველის" ხელმძღვანელობამ, რომლის კომპანიაშიც შეიკერა რიოს ოლიმპიადის აღლუმისთვის ქართველთა ტანისამოსი:

"ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი, თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუააზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ - სამწუხაროა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება.

ეს სამოსი-მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში შუა საუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში ემოსათ. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან, აბრეშუმისაგან ან ხავერდისაგან, ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდესა და სახელოებზე.

მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული."

"ვიკიპედიაში" ვკითხულობთ:

"ელეგი (თურქ. "ელეკ") - კაცისა და ქალის მოკლე ზედატანი. გავრცელებული იყო უმთავრესად გურიაში, აჭარასა და ლაზეთში, ხოლო როგორც ქალის ტანსაცმელი - სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და აფხაზეთში. მამაკაცის ელეგი დასავლურ ქართულ ჩაქურას კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი ელემენტი იყო, ჩოხის ქვეშ და ახალუხის (ზუბუნი) ზემოდან იცვამდნენ. ელეგის თარგი შეიცავდა წინა ორ კალთას, ზურგს, სახელოებს და საყელოს (ზოგჯერ უსახელოდაც ამზადებდნენ). ქალისა ხშირად ყაითნით გაწყობილ და ნაქარგობით შემკული იყო. მისი გამოყენება XX საუკუნის 30-იან წლებამდე დასტურდება."

აქვე ჩნდება შეკითხვა: რატომაა მითითებული სიტყვა "ელეგთან" თურქული შესატყვისი "ელეკ"?

ამ თემის განგრძობა აღარ გვინდა, შევთანხმდეთ, რომ ქართველთათვის შეკერილი რიო-2016-ის სამოსი ორიგინალურია წინა ოლიმპიადების სამოსთან შედარებით, მაგრამ ნამდვილად არ ტოვებს ქართულის შთაბეჭდილებას. თუმცა, როგორც დასაწყისში დავწერე, შეიძლება არსებობდეს კიდევ უამრავი განსხვავებული მოსაზრება.

ითქვა: თუ მაინცდამაინც ძველქართული გვინდოდა, აგვეღო ხევსურული ტანისამოსი, ცოტა თანამედროვე ელემენტები დაგვემატებინა და მშვენიერ ეკიპირებას მივიღებდითო. იგულისხმება როგორც ქალების, ასევე კაცების შესამოსელი. ხევსურეთში ხომ ორივეს ჯვრიან ორნამენტებს აქარგავდნენ. საქართველოს დროშასთანაც შესაბამისობაში მოვიდოდა.

ისიც იკითხეს: ეს ტანისამოსი რიოს ზამთრისთვისაა თუ სკანდინავიურისთვის? ახლა რიოში მართლაც ზამთარია, მაგრამ აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 25.5-დან 18.9-ს შორის მერყეობს. სარეკორდოდ დაბალი 10.6 გრადუსი იყო, ხოლო მაღალი - 38.9.

ასეთი შეკითხვაც მოვისმინეთ: გრძელსახელოებიანი და კოჭებამდე კაბები, იქნებ ზიკას კოღოებისგან თავდაცვის ერთ-ერთი ხერხია?

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ზოგს გრძელი კაბა მოსწონს, ზოგს - მოკლე, ზოგს - შინდისფერი, ზოგს - თეთრ-წითელი, ზოგს - ფაფანაკი, ზოგს - ფაფახი... ეს ის შემთხვევაა, როცა გემოვნებაზე დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ფაქტი კი ერთია: სამოსი შეკერილია და ქართული დელეგაცია 5 აგვისტოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ამ ფორმით გამოვა.

ერთმა ჟურნალისტმა დაწერა: "სამოსი კი არა, მედლები იკითხეთ ოლიმპიადის შემდეგ - მთავარი ეგაა! მაგ სამოსს ერთხელ ჩაიცვამენ და მერე უშუალოდ შეჯიბრებაზე ყველა თავის სახეობას და საქმეს მიხედავს. მთავარი ის არის, საქართველოს დროშას რამდენჯერ ასწევენ და ჰიმნს რამდენჯერ ააჟღერებინებენ!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
კი მარა ვასაძე რა შუაშია გამაგებინეთ?? დასაცინი და საღადაო ნამდვილად არის და არ დააკლდება ეს... გახსნის ცერემონიაზე კომენტატორები ვრცლად ლაპარაკობენ ამა თუ იმ ქვეყნის ჩაცმულობაზე და თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნის ოლიმპიურ სამოსს ასეთი ფოლკლორული ჩაცმულობა არცერთს არ აქვს,ამასთან ცოტა ტემპერატურაზეც ხომ უნდა ეფიქრა სახელოვან ქართველ დიზაინერს?! ამტკიცებს ქართულიაო და თუნდაც ქართული იყოს ულამაზო და
არაკომფორტულია,ქალებს ქისა და ბარემ მამაკაცებისთვის ხურჯინი გადაგეკიდათ და ნაბადი შემოგეხვიათ კიდე ეგეც ხომ ქართულია... მოკლედ ამ დიდ გაუგებრობას ისევ ჩვენი სპორტსმენები თუ გამოასწორებენ ოლიმპიური მედლებით!! წარმატებები საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს !!!
jondo-bondo
16:27 25-07-2016
0
როგორ გააბანძეს ყველაფერი. ამ უგემოვნების კი არა და მარაზმის გაპრავების მცდელობა, რომ გულისამრევია, ვერ ხვდებით? "სამოსი კი არა მედლები იკითხეთო" - სანამ მედლებამდე მიხვალ, ქვეყნის სახე უნდა წარმოაჩინო და საერთაშორისო საზოგადოებას დადებითი შთაბეჭდილება შეუქმნა. სულელები კი არ იყვნენ ჯერ კიდევ ძველი რომაელები, უცხო ქვეყნებში პირველი გამოჩენისთანავე, თავისი წესრიგით და გარეგნობით საყოველთაო პატივისცემის მოპოვებას რომ ცდილობდნენ. უბრალოდ გადახედეთ სხვა ქვეყნების ოლიმპიურ ფორმებს და ჩვენსას შეადარეთ. რაც არ უნდა ეროვნული ტრადიციით იყოს ფორმები შეკერილი (სინამდვილეში ქალთა სამოსი ყირგიზეთის, ხოლო მამაკაცთა - ჩინური ეროვნული სამოსის ასლებია), ფოლკლორის ფესტივალზე მიდიან თუ ოლიმპიადაზე?! რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ოლიმპიური ფორმები უნდა იყოს სადა, მსუბუქი, სპორტული და ელეგანტური.
0

სიახლეები პოპულარული