ლერი ხაბელოვი: რიოში რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ

AutoSharing Option
ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას. დელეგაციის წევრები ბრაზილიაში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს,
სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

- საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე

როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვეს რეკორდული რაოდენობის ოლიმპიური ლიცენზია.

"შორეულ ბრაზილიაში შეჯამდება სპორტული ოთხწლეული, ჩვენი სპორტსმენების, მწვრთვნელების, სპორტული ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაო. ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ, 39 ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში. ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია, თითოეულმა ჩვენმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, მზადყოფნაში შეხვდეს ოთხწლეულის ყველაზე დიდ შეჯიბრებას.

ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ძალისხმევა, ამ წლების განმავლობაში იქითკენ იყო მიმართული, რომ მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტირენული ოლიმპიური გუნდი შეგვეკრა.

ამისთვის არ დაგვიშურია არც ენერგია, არც მონდომება და არც სახსრები და ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთვნელებს მოსამზადებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნოდათ. ახლა ჯერი მათზეა", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებენ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული