რიო 2016 ოფიციალურად: რუსი მძლეოსნები სახლში დატოვეს

AutoSharing Option
გუშინ, რუსულ სპორტს კიდევ ერთი მძიმე დღე ჰქონდა. სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს მატიე რიბს ლოზანაში უნდა გამოეცხადებინა საბოლოო გადაწყვეტილება რუსი მძლეოსნების რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დაშვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 68 რუსი ათლეტის სარჩელი სასამართლომ 19 ივლისს განიხილა.

როგორც იცით, 2015 წლის ნოემბერში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელმა კომისიამ რუსეთი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დაადანაშაულა და რამდენიმე რეკომენდაციაც ჩამოაყალიბა. მათ საფუძველზე, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) ჩამოაშორა რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებს.

17 ივნისს, საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ, სამუშაო ჯგუფის მოხსენების საფუძველზე, ძალაში დატოვა რუსეთის ფედერაციის დისკვალიფიკაცია.
IAAF-ის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ განაცხადა, რომ რუსულმა ორგანიზაციამ არ შეასრულა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო რუსეთის ფედერაციის წევრობის აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მხოლოდ სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა დაუშვა საერთაშორისო ტურნირებზე, დანარჩენ რუს ათლეტებს კი, უარი გამოუცხადა. სწორედ ამის შემდეგ, რუსმა მძლეოსნებმა სარჩელი შეიტანეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

და აი, გუშინ, ამ ორგანიზაციამ არ დააკმაყოფილა რუსული მხარის სარჩელი. ოფიციალური ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. ასე რომ, რუსეთის მძლეოსანთა ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში.

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურმა მდივანმა ახსნა ეს გადაწყვეტილება: "სპორტულმა არბიტრაჟმა უარი უთხრა 68 ათლეტს მონაწილეობაზე. სპორტსმენებს შეუძლიათ ოლიმპიადაზე გამოსვლა, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. რუსეთს არ აქვს უფლება, დანიშნოს ათლეტები 2016 წლის თამაშებისთვის, თუ ისინი არ შეესაბამებიან მოთხოვნებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვინც არ იყო სისტემის წევრი და აკმაყოფილებს ყველა საჭირო პირობას. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა გადაწყვეტილების მისაღებად".

ამასთან, მატიე რიბმა განაცხადა, რომ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს არ შეუძლია რეკომენდაცია მისცეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სპორტის სხვა სახეობებში რუსი სპორტსმენების თაობაზე. მანვე დაამატა, რომ რუსებს აქვთ უფლება აპელაციაზე, მაგრამ დავას ექვემდებარება მხოლოდ პროცედურული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების რიოში დაშვებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ მოუწოდა ოლიმპიურ კომიტეტს, რუსეთის მთელი ოლიმპიური გუნდი მოკვეთოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებიდან.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვირას გამართავს აღმასკომის სხდომას და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას რუსების მონაწილეობის საკითხზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული