უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს

AutoSharing Option
მედლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველ ევროპულ თამაშებში საქართველოს დელეგაცია ურიგოდ არ გამოსულა - 16 მედალი მოიპოვა, თუმცა ამათგან მხოლოდ ორია ოქროსი. თან ძიუდოისტები რომ არა, შედეგი ბევრად უფრო ცუდი იქნებოდა და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, უმეტეს წამყვან სახეობაში, რიოს ოლიმპიადის თვალსაზრისით, საკმაოდ ცუდი ვითარება გამოჩნდა.

ამ თამაშებზე ჩვენი გამოსვლის შეფასება სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს ელგუჯა ბერიშვილს ვთხოვეთ.

- როგორ აფასებთ ბაქოში ჩვენი დელეგაციის გამოსვლას?
- რაკი ეს პირველი თამაშები იყო, ცხადია, ადრინდელს ვერ შევადარებთ, ზოგადად კი შეფასება და პროგნოზები
ძალიან სუბიექტურია. მით უფრო - სპორტში, სადაც ხშირია სიურპრიზები და ამიტომაც არის ასე საინტერესო.

ბაქოშიც დადასტურდა, რომ წინასწარი გათვლები ყოველთვის არ ამართლებს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ბალანსდება - ლიდერი თუ წააგებს, იქ სხვა დაწინაურდება ხოლმე, ვისგანაც შედეგს არ ელოდებოდი. ბაქოში გამგზავრებამდე ვამბობდი, რომ იქ 10-12 მედალს მოვიპოვებდით და ჩემი ეს პროგნოზი რეალურ გათვლებს ემყარებოდა. მაგალითად, "ბერძენ-რომაელებს" ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე არ ჰქონდათ შედეგები. აქედან გამომდინარე, მათი წარუმატებლობა დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, რამდენიმე ჩვენი მოჭიდავე მედალთან ახლოს იყო.

ცუდია, რომ ასეთი რამ ოლიმპიური თამაშების წინ ხდება. ამიტომაც, უნდა დავსხდეთ ყველანი - სამინისტრო, კომიტეტი, ფედერაცია და ერთად გადავწყვიტოთ პრობლემური საკითხები. ცხადია, ნაკრები გუნდების მომზადება, შეკრებებისა და შეჯიბრებების დაგეგმვა, ასე ვთქვათ - წმინდა სპორტული თემები უპირველესად ფედერაციების ხელმძღვანელების და მწვრთნელების საქმეა, მაგრამ ამ თამაშებზე აშკარად გამოჩნდა, რომ ბევრი რამ ისე არ კეთდება, როგორც საჭიროა, ნაკლებად ჩანს პროფესიონალიზმი, სიახლეები, თვითკრიტიკა და ობიექტური ანალიზი.

გასათვალისწინებელია თანამედროვე სპორტის მოთხოვნები, მაგალითად, განწყობის, ფსიქოლოგიის მომენტი. ბაქოში თითქმის ყველა გუნდს ჰყავდა ფსიქოლოგი, ბევრგან - 3-4, სხვადასხვა მიმართულებისა. არ ვამბობ, რომ ეს პანაცეაა, მაგრამ საჭირო და აუცილებელია, რაც ნაკრები გუნდების მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ, ინიციატივა სწორედ მათგან უნდა მოდიოდეს...

თავისუფალ ჭიდაობაში მოპოვებული 5 მედალი ნამდვილად კარგი შედეგია, თუმცა აკლია ოქროს ბრწყინვალება. ოქროს მედალს სულ სხვა ფასი აქვს - მედლების საერთო ცხრილში ქვეყნები ნაწილდებიან სწორედ ხარისხობრივად და არა რაოდენობრივად - შეიძლება, ერთმა ოქრომ ასი ვერცხლი გადაწონოს.

თუმცა, ამ ნაკრებმა მაქსიმუმი გააკეთა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გამოკლებით. სამწუხაროდ, მან ვერ მოთოკა ნერვები და აჰყვა პროვოკაციას. ლადოს რომ მისი დონის მოჭიდავისთვის შესაფერისი შედეგი ეჩვენებინა, ანუ აეღო ოქროს მედალი, რასაც იმსახურებდა ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე, ამ ნაკრებს საოცრად კარგი შედეგი ექნებოდა.

ძალიან კარგად გამოვიდნენ ძიუდოისტები, რომლებიც ბოლო ეტაპზე ჩაებნენ შეჯიბრებაში და პირველი ოქროს მედალიც მათ ანგარიშზეა. სიმბოლურია, რომ ქართველთაგან პირველი თამაშების პირველი და ისტორიული ოქროს მედალი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა. მან გადამწყვეტ ბრძოლაში, უაღრესად კრიტიკულ მომენტშიგამოავლინა დიდი სპორტსმენის საუკეთესო თვისებები და სათავისოდ შემოაბრუნა შეხვედრის ბედი.

მძიმეწონოსანთა შეჯიბრება ასევე დამაჯერებლად მოიგო ადამ ოქრუაშვილმა, ბოლომდე იბრძოლეს ჩვენმა სხვა ძიუდოისტებმაც, რომლებსაც გუნდური ტურნირის ფინალში, სამწუხაროდ, ფორტუნამ ზურგი შეაქცია. ფრანგებთან მარცხმა ყველას დაგვწყვიტა გული და ეს წაბორძიკება მხოლოდ სპორტული უიღბლობის ბრალი არ ყოფილა - თვალნათლივ დავინახეთ, რამხელა ფიზიკური და სულიერი ენერგია შეალიეს ჩვენმა ბიჭებმა პირად შეჯიბრებას. ამის მერე, მართალია, გუნდურ ტურნირში წარმატებით დაამარცხეს ორი მეტოქე, მაგრამ მეტისთვის ძალა არ ეყოთ.

ძალიან გაგვახარეს ჩვენმა მშვილდოსნებმა, უდავოდ ნიჭიერმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ, რომელიც ამ თამაშების ნამდვილი აღმოჩენა იყო.

- ამის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ ჩვენს სპორტში კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. გამოსავალს რაში ხედავთ?
- არ მოვერიდები და გეტყვით, რომ ბევრი რამე არ კეთდება ისე, როგორც საჭიროა. სპორტში ჩართულმა თითოეულმა მხარემ თავისი მოვალეობა უნდა გაითავისოს და შედეგებზეც შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს...

ადრეც მითქვამს, რომ სპორტისთვის სოლიდური ბიუჯეტია გამოყოფილი, მაგრამ ეს, როგორც ირკვევა, საკმარისი არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმის სწორად დაგეგმვა, სწორი მენეჯმენტი და კადრების შერჩევა. საქმე პროფესიონალს უნდა ჩავაბაროთ, მეგობრობის ადგილი კი სხვაგანაა. არის ფედერაციები, სადაც მსგავსი პრობლემებია, რაც აფერხებს წინსვლას. ჩვენ ამ თემებზე ღიად უნდა ვისაუბროთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და თუ ასე მოვიქცევით, წარმატება უფრო მოგვიმრავლდება.

- გასაგებია, რომ ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მაგრამ როცა ნაკრებებში დისციპლინა მოშლილია, სპორტსმენები პირდაპირ ითხოვენ დოპინგს და მონაწილეობენ გარიგებებში, ამაზე ვინ უნდა მიიღოს სათანადო ღონისძიებები?
- ეს ყველაფერი ჯერ უნდა დადასტურდეს. მეც მოვისმინე ათასგვარი ჭორ-მართალი და დარწმუნებული ვარ, იყო სერიოზული პრობლემები. ამ და სხვა თემაზე სასაუბროდ, ვიმეორებ, უნდა დავსხდეთ ფედერაციებთან და ერთად გავერკვეთ საქმის ვითარებაში.

...ბიუჯეტზე როცა ვლაპარაკობთ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რაც ორმხრივ ვალდებულებას გულისხმობს. ფულს რომ ითხოვ და მიიღებ, შენი დანაპირები უნდა შეასრულო, თუ არადა, პასუხი უნდა აგო.

ჩვენი სპორტი მეტწილად ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულით ფინანსდება. ეს ფული შედეგზე ორიენტირებულ კონკრეტულ პროგრამებს უნდა მოხმარდეს და არა, ასე ვთქვათ, "სპორტულ ტურიზმს." ძალიან ძნელია, ლიცენზიის ამღებ სპორტსმენს უთხრა, შენ არა ხარ მედლის მომპოვებელიო და ამის გამო შეჯიბრებაზე არ წაიყვანო. მაგრამ, ამავე დროს შესაბამის ფედერაციას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ შედეგზე პასუხი მოეთხოვება. აი, ასე შეუძლია სახელწიფოს ფედერაციების საქმიანობის კორექტირება.

ისევ ბაქოს თამაშებს რომ მივუბრუნდეთ, რამდენიმე სახეობაში აშკარად სუსტად გამოვედით, მაგრამ აქამდე არ მსმენია და არ წამიკითხავს, რომ ვიღაცამ აიღო პასუხისმგებლობა შედეგზე, ვიღაც გადადგა ან რამე ამგვარი. უმეტესობა მსაჯებისკენ იშვერს ხელს, სხვას აბრალებს წაგებას და არა საკუთარ თავს.

- ბაქოში გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ჩვენი სპორტსმენ-მწვრთნელები ლამის მასობრივად ამბობდნენ უარს მედიასთან ურთიერთობაზე. განსაკუთრებით - წაგების შემდეგ. ანუ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
- აი, აქ კი ვაღიარებ, რომ ეს ჩვენი ბრალიცაა. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და გპირდებით, რომ ამ თემაზე საგანგებოდ შევხვდებით ფედერაციების ხელმძღვანელებს, ნაკრები გუნდების მწვრთნელებს. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მეც ვაკვირდებოდი, როცა ჩვენები გადიოდნენ მედიისთვის განკუთვნილ ზონას, ზოგჯერ უხეშადაც კი იცილებდნენ ჟურნალისტებს. თუმცა, გამონაკლისებიც იყვნენ, რომლებიც დაელაპარაკნენ მედიას.

წააგებს თუ მოიგებს, სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტებთან გასაუბრება მისი ვალდებულებაა. ალბათ, საჭიროა ამ საკითხზე შესაბამისი წესები შევიმუშაოთ, რომელიც სავალდებულო იქნება ყველასთვის.

- საორგანიზაციო კუთხით რომ შევხედოთ, რა დაგანახვათ ამ თამაშებმა და რა რჩევებს მისცემდით "თბილისი-2015-ს?"
- არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს საოცრად მაღალი დონის თამაშები იყო, რომელსაც მხოლოდ ხუთი რგოლი აკლდა. აზერბაიჯანმა დიდი ფული დახარჯა ამ თამაშებისთვის და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული - ოფიციალურად ცნობილია, რომ მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს - თანხა უშუალოდ ამ თამაშებს მოხმარდა, თუმცა ქალაქის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად გაცილებით მეტი თანხა გამოიყო. ამ კუთხითაც ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული, ხოლო ორგანიზაციულად ყველაფერი თითქმის უნაკლო იყო, მცირე ხარვეზიც არ მახსენდება.

ტრანსპორტი, არენები, ოლიმპიური სოფელი, გახსნა-დახურვა, ყურადღება, ღიმილი - მართალი გითხრათ, ასეთ მაღალ დონეს არ ველოდი.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ტურნირს ჩავატარებთ. ჯერ ერთი, ჩვენი ფესტივალი არც არის ბაქოს თამაშების რანგის შეჯიბრება, ჩვენთან ახალგაზრდა სპორტსმენები გამოვლენ, თანაც მხოლოდ სპორტის ცხრა სახეობაში. მთავარია, სასიამოვნო და კეთილგანწყობილი გარემო შევუქმნათ სტუმრებს, უპირველესად კი სპორტსმენებს - დახვედრა, ათლეტების სოფელი, მომსახურება, არენებზე დროულად მიყვანა, კეთილმოწყობილი და სათანადოდ აღჭურვილი, უსაფრთხო სავარჯიშო და საშეჯიბრო სივრცე და სხვა.

ჩვენ ოქროს სასახლეებს არავინ გვთხოვს და, სიმართლე გითხრათ, მეტისმეტი თავგამოდებაც არ იქნება მოსაწონი საქციელი. ზომიერება ყველა საქმეში აუცილებელია, მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ უსიამოვნო "სიურპრიზები".

პარიზული ფესტივალი ორივეს გვახსოვს, როცა გახსნის ცერემონიალზე შუა პარიზში შუქი ჩაქრა. ასეთი პრობლემები ჩვენთან უნდა გამოირიცხოს.

- თამაშების გახსნის ცერემონიალმა თავისი მასშტაბებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უფრო რომელი ოლიმპიადის გახსნას შეადარებთ მას?
- ეს ყველაფერი დაახლოებით იმ დონისა იყო, რაც დიდ თამაშებზე მინახავს. ჯერ არ ვიცით, მომავალი ევროპული თამაშები სად გაიმართება, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ დონეს უახლოეს წლებში ვინმე შეწვდეს. ასეთ ცერემონიალებს, ზოგადად, ამ მასშტაბის შეჯიბრების ჩატარებას დიდი ფული სჭირდება და ჰოლანდიამაც ამის გამო იუარა მეორე თამაშების მასპინძლობა.

- ბაქოში ბევრი შეხვედრა გამართეთ. ხომ არ გქონიათ საუბარი ბაქოელთა სამომავლო გეგმებზე, რადგან არც მალავენ, რომ დიდი ოლიმპიადის მასპინძლობა სურთ?
- ამგვარი საუბარი არ მქონია, თუმცა შევხვდი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ოლიმპიური სოფლის მერს, ევროპის ეოკ-თა პრეზიდენტ პატრიკ ჰიკს, მისიების ხელმძღვანელებს... ყველა ინტერესდებოდა ჩვენი წყალდიდობის შედეგებით, თანაგრძნობას გვიცხადებდნენ და კითხულობდნენ, ხომ არ შეუშლიდა ეს ხელს ფესტივალის ჩატარებას.

იმ დღეებში ბაქოდან თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც დაათვალიერეს ჩვენი ბაზები, შეხვდნენ მთავრობის წევრებს და დარწმუნდნენ, რომ ფესტივალს საფრთხე არ ემუქრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული