ბაქო 2015: მსროლელთა მექა აზერბაიჯანის დედაქალაქში

AutoSharing Option
პარასკევს სურვილი ავისრულე და სროლის ცენტრში წავედი, სადაც ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან ისროდა, ნატალია პანასს კი მრგვალ სტენდზე ვარჯიში ჰქონდა...

ამ ცენტრის მონახულება მას შემდეგ ამოვიჭერი გულში, რაც ინტერნეტში მისი ფოტოები და ვიდეოები მოვიძიე. იმის მიუხედავად, რომ რაღაც წარმოდგენა მქონდა მასზე, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გაოგნებული ვარ მისი სიდიადით, რომელიც იმხელა ფართობზეა გაშლილი, თვალს ვერ გაუწვდენ. აქ მესტენდურებისთვის 5 შერეული მოედანია გაკეთებული, ანუ სასანგრესიც არის და მრგვალი სტენდისაც; ტყვიის სროლას კი უზარმაზარი ორსართულიანი შენობა ეთმობა, რომლის ინტერიერსაც აღმოსავლურ სტილში მოზაიკით
მოპირკეთებული აუზები, მოცეკვავე შადრევნები, კაფე-ბარები და მაღაზიები სპორტული ამუნიციით, გამაგრილებელი სასმელებით და უზარმაზარ ყუთებში ჩარგული ტროპიკული ხეები ამშვენებს.

თუმცა აქაურობა არა მხოლოდ ინტერიერით, უზომოდ ვრცელი ფართითაც გაგაოცებთ. წარმოიდგინეთ, სროლის ყველა დისციპლინას საკუთარი დარბაზი აქვს და არ გეგონოთ, ვთქვათ, 50-მეტრიან სასროლეთს 25 ან 10-მეტრიანამდე "დააპატარავებენ" და ისე იყენებენ.

ამგვარი მეთოდი მხოლოდ ფინალისთვის განკუთვნილ სექტორშია, რადგან საერთაშორისო სტანდარტით ასეა მიღებული. ცალკეა შესარჩევი ეტაპის და ცალკე - ფინალების სასროლი დარბაზი. 25-მეტრიან სასროლეთზე 60 ფარია ჩამწკრივებული და იოლად დაასკვნით, რამხელა იქნება მხოლოდ ეს ერთი დარბაზი. არადა, მის ჩაყოლებაზე კიდევ რამდენიმე ასეთი დარბაზია, იგივე მეორდება მეორე მხარესაც და მიხვდებით, რა მოცულობის ფართზეა ლაპარაკი.

თუმცა, როგორც გითხარით, ეს შენობა მხოლოდ ერთი ნაწილია ამ უზარმაზარი კომპლექსისა, აქედან გამომდინარე კი, მთელი ამ სივრცის შთამბეჭდაობაც გასაგები გახდება.

ცხადია, არც ამ შენობაში და არც გარეთ, ეზოში, სასტენდო სახეობების ტერიტორიაზე სპორტსმენთა დასასვენებელი, მსაჯების, დელეგატების, იარაღის საწყობებსა თუ სხვა სახის "ტექნიკური" ოთახების დეფიციტი არაა. სტენდის მოედნებსა და სროლის შენობას შორის იმხელა სივრცეა დატოვებული, რამდენიმე სასროლეთი კიდევ მოეწყობა. მისი ნაწილი ისეთი სკვერებითაა დაქსელილი, თავი ევროპულ პარკში გეგონებათ, ნაწილში კი სპორტსმენთათვის საზაფხულო კაფე და დასასვენებელი სექტორია განთავსებული.

ეს ცენტრი პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ააშენებინა და მანვე გახსნა საზეიმოდ სამიოდე წლის წინ. აქაურობის შემხედვარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ყველა დროის მთავრობას ქვეყანა ღამის გასათევი სადგური და ფულის საჭრელი დაზგა ეგონა, თორემ ამის ნახევარს როგორ ვერ გააკეთებდნენ, ბოლო-ბოლო, თითო სასროლეთს ხომ მაინც შეძლებდნენ?

მესტენდურთა შეჯიბრებაზე მსაჯად მიწვეული თამაზ იმნაიშვილი მეუბნება, რომ ჩვენ ასეთ ბაზაზე არც უნდა ვიოცნებოთ - ძნელია, მას არ დაეთანხმო. არადა, აზერბაიჯანელებმა მეორე ანალოგიური ცენტრიც გააკეთეს - გაბალაში. იმნაიშვილის თქმით, ის უფრო კომპაქტურია და ამხელა ფართზე არაა გაშლილი, თუმცა აღჭურვილი კი უმაღლეს დონეზეა.

მესტენდურთა ტრიბუნიდან გავყურებდი ამ ულამაზეს გარემოს და ვფიქრობდი, რომ თბილისში ამხელა ტერიტორიას არავინ "მოაცდენს" სპორტული ობიექტისთვის, ათეულობით კორპუსს ჩაჩხირავდნენ შიგ.

აბა, რა განცდა მექნებოდა, როცა ამ სურათის შემყურე ჩვენს რეალობაზე ვფიქრობდი - ქვეყანაში ერთი თანამედროვე ტირი არაა, ფიზიკურად არ არსებობს სასანგრე სტენდის და 50-მეტრიანი სასროლეთი, ხოლო სალუქვაძე სააერთაშორისო ტურნირებს ვერ ატარებს, რადგან მის დარბაზში 5 ფარი ეტევა, ხოლო ღია სასროლეთი წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

თუმცა, როგორც სპორტსმენები ამბობენ, აზერბაიჯანელებს ტყვიის სროლის სექტორში მცირე ხარვეზები მაინც გაეპარათ და რამდენიმე ტექნიკური ნიუანსი დარღვეულია. მაგალითად, სპორტულის სექტორში სტარტის ხაზსა და ფარებს შორის ღია სივრცე კია დატოვებული, მაგრამ თავად ფარებს შენობის ფასადი ჩრდილავს და მზე არ ხვდება... თუმცა ეს ჩვენებს კიდეც უხაროდათ, რადგან მათ სავარჯიშო პირობებს ჩამოჰგავს...

ამ კომპლექსს თავზე მოხრიოკებული ფერდობები და პატარა გორაკები დაჰყურებს - სწორედ ესაა სამთო-ველოსპორტის ბაზა, რომელიც თან "მიაბეს" სროლის ცენტრს. მანაც უმასპინძლა ამ თამაშებს, თუმცა ახლა ველოსპორტმა ამ პირობითი მთებიდან ქალაქში გადმოინაცვლა და გუშინ საგზატკეცილო ველოსპორტის მონაწილეებმა იასპარეზეს, ზედ მთავრობის სასახლის წინ ჩააქროლეს "რკინის რაშები".

Sportall.Ge

ბოლოს დაკარგული შანსი
სამწუხაროდ, სროლის ცენტრის ბრწყინვალებამ ჩვენს მსროლელებს ვერაფერში უშველა და ორივემ დასანანად იასპარეზა. ფაქტობრივად, ბოლო სერიებში დაკარგეს მედლებისთვის ბრძოლის შანსები. თუმცა უფრო გულდასაწყვეტი პანასის მარცხი იყო - 61 ტყვიიდან, ანუ 2.5 სერიიდან მხოლოდ ერთი დააცილა, ბოლო 14 გასროლაში, ანუ ნახევარ სერიაში კი სამჯერ უმტყუნა მიზანმა!

მან 71 ქულით და მერვე ადგილით დაასრულა გამოსვლა, ნახევარფინალის საგზური კი მხოლოდ გადასროლაში დათმო... მოსკოვიდან პავლე ლაკიაც იყო ჩამოსული, ოღონდ მხოლოდ დასასწრებად და ისიც ქომაგობდა პანასს.

მრგვალ სტენდზე 19 ქალი იბრძოდა, პანასმა კი უდანაკარგოდ გაიარა პირველი სერია და 25-ვე სამიზნე დააზიანა. მეორეში მხოლოდ ბოლოსწინა სროლა გაუფუჭდა და შესვენებაზე 49 ქულით გავიდა. ამ დროს ის ტურნირის ფავორიტებში შედიოდა და ნახევარფინალში გასვლის მშვენიერ შანსს ინარჩუნებდა. მესამე სერიაც ყოჩაღად დაიწყო და 11 ტყვია მიზანს გაარტყა, თუმცა მერე კი უმტყუნა სამიზნემ... განსაკუთრებით - სულ ბოლოს, დასკვნით სტადიაში, როცა სამი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა...

სამწუხაროდ, მან გადასროლაშიც ვერ ივარგა, თორემ კიდევ ჰქონდა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი, რადგან 71 ქულა ოთხმა მსროლელმა დააგროვა. ნახევარფინალურ ექვსეულში დარჩენილ ორ ვაკანსიაზეც ესენი აცხადებდნენ პრეტენზიას... საბოლოოდ, ეს საგზურები გერმანელმა კრისტინე ვენზელმა და კვიპროსელმა ანდრი ელეფტერიოუმ მიიღეს, პანასი და პოლონელი ალექსანდრა იარმოლინსკა კი შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპი უდანაკარგოდ მოიგო და მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა იტალიელმა დიანა ბაკოსიმ - 75 ქულა, თუმცა მას საბოლოოდ მაინც ვერცხლი დარჩა, რადგან ფინალში ბრიტანელ ამბერ ჰილთან (შესარჩევში მას 73 ქულა ჰქონდა) 15-15-ზე დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ გადასროლაში წააგო.

ბრინჯაოს მედალი მეორე იტალიელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩიარა კაინერომ მოიპოვა.

სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი ორ დღეზე იყო განაწილებული. პარასკევს ნელ სროლებში იასპარეზეს და სალუქვაძე ცუდად არ გამოდიოდა - პირველ ოთხ ცდაზე (5-5 გასროლა ყოველ მათგანში) მხოლოდ თითოჯერ დააცილა 10-იანს, 9-იანზე ნაკლები კი არც ჰქონია. ანუ მხოლოდ 4 ქულა დაკარგა, მეხუთეში კი ერთბაშად დაკარგა ამდენი: 9, 10, 9, 10 და ბოლოს, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში 8-იანში მოარტყა.

სწორედ ამ დასკვნით, მესამე სერიაში ჰქონდა ყველაზე დაბალი შედეგი - 93 ქულა, თორემ წინა ორში 98-98 დააგროვა...

ამის მიუხედავად, მაინც არ იყო ურიგო გამოსვლა - 289 ქულა დააგროვა და X ადგილზე იყო, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებოდა ფინალურ ოქტეტს... რჩებოდა დიდი შანსიც და იმედიც იმისი, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი მეორე დღესაც შემართებით იასპარეზებდა, რითაც ფინალის საგზურს გაინაღდებდა, აქედან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე კი არც ისე ბევრი რჩებოდა.

სამწუხაროდ, სალუქვაძემ მობილიზება ვერ შეძლო, ერთი ტყვია აქაც გაექცა და 284 ქულა დააგროვა. მას ჯამში 573 ქულა დაუგროვდა, რაც მე-20 შედეგი აღმოჩნდა.

ამ სახეობაში შვეიცარიელმა ჰაიდე გერბერ დიჩელმიმ გაიმარჯვა. ვერცხლი ბულგარელმა ანტოანეტა ბონევამ მოიპოვა, ბრინჯაო - გერმანელმა მონიკა კარჩიმ.

სალუქვაძე 23 ივნისს ისევ დადგება ცეცხლის ხაზზე, სადაც თავის შვილთან - ცოტნე მაჭავარიანთან ერთად შერეულ წყვილებში იასპარეზებს.

აქვე გეტყვით, რომ ბაქოში მაჭავარიანმა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - 5756 ქულა დააგროვა, რითაც ახალგაზრდებში საქართველოს რეკორდიც დაამყარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული