ლერი ხაბელოვი: ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო-საანგარიშო სესიის ოქმის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ საზოგადოებას გუშინ სეოკ-ის შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადეს, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სეოკ-ის იურისტები, ირაკლი ყანდაშვილი და სალომე ბეჟაშვილი უძღვებოდნენ.

დასაწყისში ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ხაზი გაუსვა, ოლიმპიური პროექტების განსახორციელებლად რამდენად მნიშვნელოვანია სეოკ-ის შეუფერხებელი მუშაობა, რათა წარმატებით გამოვიდეთ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში.

გასაჩივრების კონკრეტულ მოტივებზე ძირითადად ყანდაშვილმა ილაპარაკა. მან განმარტა, რომ
კანონით, სასამართლოს უფლება ჰქონდა, ცალმხრივად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ამის თაობაზე საქმის კურსში არც ჩაეყენებინა ოლიმპიური კომიტეტი, რაც გააკეთა კიდეც (შეგახსენებთ, რომ ირაკლი მეძმარიაშვილი სწორედ ამას ითხოვდა სასამართლოსგან - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რათა ზემოაღნიშნული ოქმის უფლებამოსილება შეჩერებულიყო), საქმის არსებითი განხილვა კი ახლა დაიწყება.

ყანდაშვილის განმარტებით, მათ სამის წარმატებით დაგვირგვინების დიდი იმედი აქვთ, რადგან ხუთივე ის სუბიექტი, რომელთა ლეგიტიმურობაც და საარჩევნო პროცესში მონაწილეობაც მოსარჩელე მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია (ესენია იმერეთის, ქვემო ქართლის და აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტები, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და სპორტსმენთა კომისია), ოფიციალურადაა რეგისტრირებული და ამას დაამტკიცებენ კიდეც.

მოგვიანებით ხაბელოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყრილობაში მონაწილეობდა სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების უმეტესობა და ხუთი არაოლიმპიური ფედერაციაც. ერთის გარდა, ყველა მათგანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც მის ლეგიტიმურობაზე მიუთითებს.

"ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე მხარე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს სეოკ-ის რეპუტაციას.

ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი და დარწმუნებულნი ვართ, ეს ასევე დადასტურდება სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებით.

ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა დოკუმენტი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საარჩევნო პროცესის სრულ შესაბამისობას მოქმედ წესდებასთან. ამ წესდების ყოველი მუხლი, თითოეული ჩანაწერი, დადგენილი წესის შესაბამისად, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ" - განაცხადა ხაბელოვმა. მანვე ისიც განმარტა, რომ სეოკ-ის აღმასკომი ჯერჯერობით იმ შემადგენლობით რჩება, რომელიც ყრილობამდე იყო.

ერთი სიტყვით, სეოკ-ი ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას, რაც იმის გარანტიაა, რომ ფედერაციებს დაფინანსების, მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის დახმარებაში შეფერხებები არ ექნებათ, პარალელურად კი მეორე ფრონტზე - სასამართლოშიც იბრძვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული