მოულოდნელი სპრინტი

AutoSharing Option
პარიზი-ნიცას მრავალდღიან ველორბოლაზე მესამე ეტაპი გაიმართა - ველომრბოლელებს საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში 194 კილომეტრის გავლა უწევდათ.

სტარტიდან 11 კილომეტრის შემდეგ პელოტონს დაშორდა სამი ველომრბოლელი - ჯიმი ენგულვენი, როი კურვერსი და მიხაილ მარკოვი. ისინი დიდი ხანი ლიდერობდნენ რბოლას და ერთი მომენტი პელოტონთან უპირატესობა ოთხ წუთსა და 40 წამს შეადგენდა.

ამასობაში პელოტონს პრობლემები შეექმნა - რამდენიმე წაქცევამ ძალიან არია სიტუაცია ძირითად ჯგუფში და შეაფერხა გაქცეულების დევნა.

ცვლილებები მოხდა ლიდერების სამეულშიც. ჯიმი ენგულვენმა ფინიშამდე მარტო მისვლა გადაწყვიტა და კურვერსსა და მარკოვს გაექცა.

ენგულვენი კარგა
ხანი ლიდერობდა რბოლას, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო. პელოტონმა მისი დაწევა ფინიშამდე ექვსი კილომეტრით ადრე შეძლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზედიზედ მეორე ეტაპზე ყველაფერს სპრინტერული ფინიში გადაწყვეტდა.

მაგრამ სპრინტის აღიარებულ ლიდერებს ხელი შეუშალა ცნობილმა ესპანელმა ალეხანდრო ვალვერდემ, რომელიც არასოდეს ითვლებოდა კარგ სპრინტერად. 2009 წლის ვუელტას ტრიუმფატორმა სწორად არჩეული ტაქტიკით უკან ჩამოიტოვა სერგეი ლაგუტინი და სიმონ გერანსი.

ამ მოგებით ვალვერდემ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა გენერალურ კლასიფიკაციაში. ბრიტანელმა ბრედლი უიგინსმა კი შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. მას კვლავ ექვსი წამით ჩამორჩება ამერიკელი ლევი ლაიპჰაიმერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული