ნინო სალუქვაძემ რიო დე ჟანეიროს ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
სლოვენიურ მარიბორში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, სადაც ნინო სალუქვაძეს სულ ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე, მაგრამ, სამაგიეროდ, სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულა - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ჩვენებურმა უკრაინელ ოლენა კოსტევიჩთან წააგო და მეოთხეზე გავიდა.

სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 585 ქულით დაასრულა. არადა. წლეულს ამ დისტანციაზე მსოფლიოს არც ერთ თასზე ასეთი შედეგი არ ჰქონია. მეტიც - საგრძნობლად ჩამორჩა ამ მაჩვენებელს. პირველი უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კოსტევიჩი იყო 587 ქულით, ვისაც თითოქულიანი სხვაობით კვალში ევროპის
ვიცე-ჩემპიონები ედგნენ - რუსი იულია ალიპოვა 586-ით და ბულგარელი ანტოანეტა ბონევა 585-ით. ბულგარელმა ჩვენებურს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო, თუმცა რომელ ადგილზე გავიდოდა სალუქვაძე, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნახევარფინალში საკვალიფიკაციოს შედეგები უქმდება და ყველაფერი ნულიდან იწყება.

მთავარია, რომ ნახევარფინალში გავიდა...

ქართველმა ჩუბინმა უფრო ძლიერად შეჯიბრების მეორე ნახევარი - სწრაფი სროლები ჩაატარა, როცა ცალკეული სერიები 98, 99 და 99 ქულით დაასრულა. პირველი სამი სერიიდან მხოლოდ მეორე ჩააგდო, რომელიც 94-ით დაასრულა, დანარჩენებში კი 98 და 97 ჰქონდა. საბოლოოდ, ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა და ახლა აღარც იმ ერთ ჩაგდებულ სერიას ენიჭება დიდი მნიშვნელობა...

სალუქვაძემ ნახევარფინალშიც კარგად ისროლა და იქაც მოწინავე ოთხეულში დამკვიდრდა, კვლავ მეოთხე ადგილით, რითაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. მან 13 ქულა დააგროვა, მის წინ კი 16-იანთა სამეული აღმოჩნდა: კოსტევიჩი, ბელორუსი ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა და უნგრელი ევროპის ვერცხლისმედალოსანი სოფია ჩონკა.

დამატებით სროლაში უფრო ზუსტნი ჩონკა და ჩაიკა აღმოჩნდნენ, რომლებმაც მთავარი ფინალის საგზური და ოქროსთვის ბრძოლის უფლება მიიღეს, კოსტევიჩს კი ბრინჯაოსთვის გარჯა შერჩა ხელთ. თუმცა იქვე ისიც გაირკვა, რომ სალუქვაძე საგზურს მიიღებდა იმის მიუხედავად, თუ როგორ განაწილდებოდა საბოლოო ადგილები, რადგან ამ კვარტეტიდან ჩაიკას და კოსტევიჩს უკვე ჰქონდათ ლიცენზიები, ანუ აქ გათვალისწინებულ ორ კვოტას უნგრელი და ქართველი მიიღებდნენ.

სალუქვაძისთვის ეს მერვე ოლიმპიური თამაშებია, რითიც რეკორდსმენია არა მარტო საქართველოში, არამედ ამ სახეობაშიც - მსოფლიოს მასშტაბით.

ოქროს მედლისთვის პაექრობაში ჩონკამ 8:6 მოუგო ჩაიკას, კოსტევიჩმა კი 7:5 აჯობა ჩვენებურს. სალუქვაძეს რომ მოეგო, ეს მისთვის მეხუთე ევროპული ბრინჯაო იქნებოდა, სულ კი მე-12 ევროპული მედალი - ჯერჯერობით 3 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო აქვს. ეს მხოლოდ უფროსებში და თანაც მხოლოდ პირადში, თორემ ახალგაზრდებში ან გუნდურში მოპოვებული ჯილდოები სხვაა. სამაგიეროდ, სალუქვაძემ რიოში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დედას დიდად არც შვილი ჩამორჩა - ცოტნე მაჭავარიანი ახალგაზრდებში მეხუთეზე გავიდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპი 538 ქულით დაასრულა და მერვე ადგილზე აღმოჩნდა, ანუ ფინალში ბოლო მონაწილედ შევიდა. იქ გამოსვლა 126.1 ქულით დაასრულა და მეხუთეზე დარჩა, ჩემპიონი კი ბულგარელი ალექსანდრ ტოდოროვი გახდა 186,2 ქულით.

ვერცხლი რუსმა ანტონ ზანინმა დაისაკუთრა 182.7-ით, ბრინჯაო კი მისმა თანაგუნდელმა ალექსანდრ ბასარიევმა ირგუნა 163.4-ით.

ვაჟებში იასპარეზა ლევან ქადაგიძემაც, რომელიც 538 ქულით 34-ზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი უბერებელი პორტუგალიელი, 51 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჟოაო კოსტა გახდა 188.8 ქულით. აღსანიშნავია, რომ მან მესამედ მოიგო ევროპის პირველობა, ივნისში კი ბაქოში მეორე იყო ევროპულ თამაშებზე.

ვერცხლი 187.4-ით კარიერაში მეორედ დაისაკუთრა იტალიელმა ფრანჩესკო ბრუნომ, მესამეზე კი რუსი სერგეი ჩერვიაკოვი გავიდა 168.6-ით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდაა ეს ქალი...
ზ უ რ ა
11:24 27-07-2015
0

სიახლეები პოპულარული