ევროპის ჩემპიონატი: უმედლო და უფინალო პროგრესი

AutoSharing Option
ოდენსეში, ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, 28 თებერვალს გოგონების ტურნირში ქუთაისელმა ლიზი კილაძემ იასპარეზა და 372 ქულით 50 მონაწილეს შორის მე-17 ადგილზე გავიდა.

ამდენივე დააგროვეს ლატვიელმა აგატა რასმანემ, ბულგარელმა ლიდია მენჩევამ და ესპანელმა ირენე სალგადომ, თუმცა მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს ჩვენებურს.

კილაძემ ცუდი სტარტი აიღო - სულ რაღაც 89 ქულა პირველ სერიაში! მომდევნოებშიც რამდენჯერმე უმტყუნა სამიზნემ, თუმცა ამაზე ბევრად მეტი დააგროვა - 94-94 და 95.

იმის მიუხედავად, რომ კილაძე ამ შედეგით ვერც ფინალში შევიდა და მით
უფრო, ვერც მედალი მოიპოვა, გარკვეული ფაქტორების გამო ეს გამოსვლა მაინც დამაიმედებლად მიგვაჩნია.

მთავარი, რის გამოც ამას წარუმატებლობად არ ვუთვლით, მისი ასაკია - ჯერ მხოლოდ 13 წლისაა და 6-7 წლით უფროსებთან უწევს პაექრობა. თან აშკარად აკლია საერთაშორისო შეჯიბრებების გამოცდილება.

მეორე მიზეზი ისაა, რომ იანვარში, მიუნხენის საერთაშორისო ტურნირზე ნაჩვენები შედეგი მთელი 10 ქულით გააუმჯობესა, ოღონდ სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ იმის შემდეგ ერევანში 374 დააგროვა.

თუმცა, თუ მის გამოსვლებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ შემოდგომიდან მოყოლებული, საკმაოდ გაისწორა სამიზნე.

მაგალითად, ნოემბერში თბილისში, ქველიაშვილის თასზე 359 ქულა დააგროვა. ამას მიუნხენური გამოსვლა მოჰყვა. თებერვალში კი, აგერ, უკვე მეორედ გადააბიჯა 370-იან მიჯნას, ანუ უახლოვდება იმ ზღვარს, რომლითაც უფროსებშიც კი ექნება ფინალურ ოქტეტში მოხვედრის შანსი.

სასიხარულოა, რომ მის კარიერაში ასეთი პროგრესია. ახლაც დანიაში ფინალურ ოქტეტში მოსახვედრად განა ბევრი დააკლდა, სულ ორად ორი ქულა!

დროთა განმავლობაში, როცა გამოცდილებაც მოემატება და ოსტატობაც, გვჯერა, შედეგებსაც მოუმატებს, თუმცა გუნდურ ტურნირებში ახლანდელითაც დიდ სამსახურს გაუწევს ნაკრების ლიდერ ნინო სალუქვაძეს.

აქვე კიდევ ერთხელ სინანულით უნდა გავიხსენოთ კილაძის თანაქალაქელი ნინო ფანჩულიძე, რომლის საუკეთესო მაჩვენებელიც 377 ქულაა, მაგრამ გაუმართავმა საკანონმდებლო ბაზამ სტუდენტად გახდომის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩამოაშორა დიდ სპორტს.

დანიაში, ევროპის ჩემპიონატში, 1 მარტს უკვე უფროსები ჩაებმებიან - ჯერ მხოლოდ ქალები - იასპარეზებს მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, 2 მარტს კი ვაჟებში ლევან ქადაგიძე გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული