ნინო სალუქვაძე მსოფლიოს თასის მეორე ეტაპში მეხუთე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
გერმანიაში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასის მეორე ეტაპში წარმატებით ჩაება ნინო სალუქვაძე, თუმცა ბოლო აკორდი მეტისმეტად მინორული გამოუვიდა - ჩვენებურმა მოიგო საკვალიფიკაციო შეჯიბრება, თუმცა ფინალში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი ჰქონდა და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სალუქვაძემ შესარჩევის პირველ ნახევარში არც ისე კარგად ისროლა - საწყისი სამი სერიის შემდეგ 289 ქულით მე-20 ადგილზე იყო, თუმცა მეორე ნახევარში მშვენივრად იასპარეზა - ცალკეულ სერიებში 98, 100 და 99 ქულა გაარტყა, ანუ 297 დააგროვა.

როგორც ვხედავთ, ამ 30 გასროლაში
მან მხოლოდ 3 ქულა დაკარგა. არადა, მესამე სერიაშიც პირველი 9 გასროლა 10-იანში მოარტყა და დიდი შანსი იყო, ზედიზედ მეორედ ეჩვენებინა მაქსიმალური შედეგი, მაგრამ ბოლო ცდაზე 9-იანის სამიზნე დააზიანა.

ამის მიუხედავად, სალუქვაძეს საკვალიფიკაციოს ჯამში 586 ქულა გამოუვიდა (289+197) და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ეს ჯერ კიდევ მეორე ეტაპის მეორე სერიაში გაირკვა - მისი დასრულების შემდეგ ჩვენებურის დაწევა მხოლოდ სერბ მსოფლიოს ჩემპიონ ზორანა არუნოვიჩს შეეძლო, თუმცა მან ბოლო სერიაში ქულათა მაქსიმუმი ვერ აჩვენა.

სამწუხაროდ, სალუქვაძე ფინალში სუსტად გამოვიდა - მხოლოდ 198.5 დააგროვა. ამაზე უარესი შედეგი კი ფინალურ ოქტეტში მხოლოდ შვეიცარიელ ჰაიდი დიტელმს ჰქონდა. მთლიანობაში ჩვენებურმა 784.5 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დარჩა.

ოქროს მედალი აზიის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩინელმა ჩემპიონმა ინგ ჩენმა მოიპოვა 791.4-ით, ვერცხლი ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა სელინ გობერვილემ ირგუნა 789.6-ით, ბრინჯაო - 787.3-იანმა ჩეხმა ოლიმპიადის მეორე და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვამ.

24 მაისს მიუნხენში ვაჟთა შორის, ასევე სპორტული პისტოლეტიდან, ლევან ქადაგიძემაც ისროლა, რომელიც 551 ქულით 49-ზე გავიდა.

ქადაგიძე 26 მაისს პნევმატური პისტოლეტიდან ისვრის, სალუქვაძე კი ამ დისციპლინაში 27-ში გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული