ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში

AutoSharing Option
გუშინ, 24 იანვარს, ქართველი ტყვიის მსროლელები გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც დღეიდან, 28 იანვრის ჩათვლით, იქაურ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

გერმანიაში ჩვენი სპორტსმენების მოზრდილი ჯგუფი წავიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენთვის ეს ბოლო წლებში აღარაა უჩვეულო ამბავი.

გერმანიაში, ძირითადად, ახალგაზრდები წავიდნენ: ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, ივა ჭანკოტაძე, ლიზი კილაძე და ნინო ხუციბერიძე, უფროსებში კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე გამოვლენ, ხოლო გუნდს მწვრთნელად ვახტანგ სალუქვაძე გაჰყვა.

გერმანიის ტურნირი მხოლოდ პნევმატური პისტოლეტი
დან სროლაში ტარდება, თუმცა ის ტრადიციული, ძლიერი და ავტორიტეტული შეჯიბრებაა, რომელიც მუდამ ძლიერ შემადგენლობას უყრის ხოლმე თავს. ამას ხელსაყრელი კალენდარი განაპირობებს - სეზონის დასაწყისია, ყველა ემზადება ახალი სტარტებისთვის და ძალების მოსინჯვა, მოთელვა ყველას სურს.

თან, ამ შეჯიბრებიდან მალევე ლამის ყველა კონტინენტზე იმართება რეგიონული პირველობები პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში (სპორტულში გაცილებით გვიან - ზაფხულში ტარდება ხოლმე). მაგალითად, წლეულს ამ დისციპლინაში ევროპის ჩემპიონატს 6-12 მარტს მარიბორი მასპინძლობს, თუმცა ეს შეჯიბრება ხშირად თებერვალშიც იმართება ხოლმე.

მიუნხენის ტურნირი კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელი მთავარი ეტაპია და ამ მხრივაც ხელსაყრელი კალენდარია. თუმცა არის კიდევ სხვა გარემოებებიც, რაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს მსროლელებს: გერმანიაში საუკეთესო პირობებში უწევთ ასპარეზობა, ბევრი იქ შეკრებაზეც რჩება და რაც მთავარია, ეს ტურნირი მხოლოდ ერთ დისციპლინაში კი ტარდება, მაგრამ ორი სტარტია.

ამით ჩუბინებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, საკუთარი თავის შემოწმების გაცილებით მეტ შანსს აძლევენ, ანუ იქ ყველაფერი სწორედ საწვრთნელ პროცესზეა აგებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონტინენტის თუ სხვა რეგიონების პირველობებისთვის მოსამზადებლად. ამიტომ იკრიბება გერმანიაში მუდამ ძლიერი შემადგენლობა.

ადრე, როცა ამ ტურნირზე მხოლოდ ნინო სალუქვაძე დადიოდა და იმასაც დიდი გაჭირვებით, ხშირად ნისიაზეც კი გზავნიდნენ, ის შეკრებას ან მიუნხენშივე, ან პატარა გერმანულ ქალაქ ბასუმში გადიოდა (ამასაც თუ დაუფინანსებდნენ), ახლა კი ამის საჭიროება არაა, რადგან აქვე, ჩვენ მეზობლად - ერევანსა და ბაქოში საუცხოო ბაზები ააშენეს (განსაკუთრებით - ბაქოში). ცხადია, იქ ვარჯიში ბევრად იაფი ჯდება და ამიტომ ჩვენები ბოლო წლებში სამეზობლოში ამჯობინებენ საწვრთნელი შეკრებების გავლას.

ამჯერადაც ასე ფიქრობენ, თუმცა ევროპულ ვარიანტზეც - ბულგარეთზე ან რომელიმე სხვაზეც ფიქრობდნენ. მოგეხსენებათ, ბულგარეთში მათ შარშან, ევროპის ჩემპიონატის წინაც გაიარეს შეკრება და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ იქიდან, თუმცა დაბრუნებამდე უნგრულ გიორში გადაინაცვლეს, სადაც მაჭავარიანმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა, ხოლო ხუციბერიძე ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ამჯერადაც ასე ფიქრობენ, ევროპული ვარიანტი თუ გამოვიდა - მარიბორში წასვლამდე იქ გაიარონ შეკრება, თუ არადა, ალბათ, ისევ სამეზობლოში წავლენ, სადაც მუდამ ხელგაშლით ეგებებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული