გოლფს მეფე აღარ ჰყავს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა გოლფისტი არნოლდ პალმერი, რომელსაც "გოლფის მეფეს" უწოდებდნენ, - იუწყება სააგენტო AP. პალმერი ორშაბათს, ქალაქ პიტსბურგის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზი გახდა გულის პრობლემებთან დაკავშირებული გართულებები. პალმერი საავადმყოფოში 22 სექტემბერს მოხვდა.

თავისი კარიერის განმავლობაში, პალმერმა შვიდი გამარჯვება მოიპოვა მთავარ პროფესიულ ტურნირებზე: "მასტერსზე" (1958, 1960, 1962, 1964), აშშ-ის ღია პირველობაზე (1960) და ბრიტანეთის ღია პირველობაზე (1961, 1962). გარდა ამისა, ამერიკელმა პროფესიულ ტურში 62 ტურნირზე მოიგო მთავარი პრიზი.

პალმერმა უკანასკნელად "მასტერსზე" 2004 წელს ითამაშა, 2006 წლის ოქტომბერში
კი პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

პალმერი დაკავებული იყო გოლფის პოპულარიზაციით: გამოსცა რამდენიმე წიგნი სპორტის ამ სახეობაზე, გოლფის შესახებ საკუთარი შოუს პროდუსერი იყო. გარდა ამისა, "გოლფის მეფე" ტელეწამყვანად მუშაობდა და ფილმებში მონაწილეობდა.

არნოლდ პალმერი - ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდოების მფლობელია სამოქალაქო პირებისთვის: თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი და კონგრესის ოქროს მედალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული