მინხია ვუ და ბენ ეინსლი ლეგენდარულები გახდნენ

AutoSharing Option
წყალში ხტომა
პირველი ინდივიდუალური ოქრო გათამაშდა წყალში ხტომაში და ხუთი შესაძლებლიდან მეხუთე სტარტი მოიგო ჩინეთის ნაკრებმა.

ჩინელმა ქალმა მინხია ვუმ დაამტკიცა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მხტომელის სტატუსი. 5 აგვისტოს, სამმეტრიანი ტრამპლინის მოგების შემდეგ, 26 წლის სპორტსმენმა გაიმეორა წყალში ხტომაში ყველა დროის რეკორდი - მის კოლექციაში უკვე ექვსი ოლიმპიური მედალი მოიძებნება.

ვუმ, შეიძლება ითქვას, გაანადგურა ყველა კონკურენტი, მათ შორის, თანამემამულე ზი ჰე, რომელსაც 35 ქულით გაუსწრო, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

ეს ვუსთვის მეორე ოქროა ამ ოლიმპიადაზე. მანამდე მან მოიგო ასევე 3
მეტრიდან სინქრონული ხტომები (ზედიზედ მესამედ), ახლა კი თავის ქვეყანას ამ სახეობაში მეხუთე ოქრო მოუტანა.

ველოსპორტი
ბრიტანელების ბრწყინვალე გამოსვლა ლონდონის ტრეკზე გუნდურ გამოდევნებით რბოლაში ქალთა ნაკრებმა გააგრძელა. ჯოანა როუსველმა, დანი კინგმა და ლაურა ტროტმა თანამემამულეებს მიბაძეს და მსოფლიოს რეკორდით მოიგეს ტურნირი.

ამ გამარჯვების შემდეგ მასპინძელთა გუნდს ხუთი შესაძლებლიდან ოთხი ოქრო ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ გუშინ ბრიტანელთა ფანტასტიკური სვლა შეაჩერა დანიელმა ლასე ჰანსენმა. მან ოქროს მედალი დაიმსახურა ომნიუმში (ველოსპორტის რვა სახეობაში შეჯიბრი).

რაც შეეხება ბრიტანელთა ფავორიტს, ამ დისციპლინაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონ ედ კლენსის, ამჯერად მან ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

აფროსნობა
5 აგვისტოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული აფროსანი გახდა ბრიტანელი ბენ ეინსლი. ფინის კლასში მოასპარეზე მასპინძელმა ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.

ამით 35 წლის ბრიტანელმა გააუმჯობესა ლეგენდარული დანიელის, პაულ ელვსტრიომის შედეგი, ფინიშის შემდეგ კი გულშემატკივრებს ოთხი წლის თავზე, რიო-დე-ჟანეიროში გამოსვლას დაჰპირდა.

აკადემიური ნიჩბოსნობა
დასრულდა ტურნირი აკადემიურ ნიჩბოსნობაში, რომელიც ბრიტანელი და ზელანდიელი სპორტსმენების ერთგვარ დუელად გადაიქცა.

ბოლო დღეს მასპინძლებმა ორი ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს და ამით სამხრეთელებთან დაპირისპირება 4:3 მოიგეს. მედლების საერთო რაოდენობითაც (ცხრა) ბრიტანეთის ნაკრებმა ყველას გაუსწრო.

ტრიატლონი
უცნაური ამბავი მოხდა ტრიატლონისტთა პირველ სტარტში. ქალებს შორის ამ მარათონულ შეჯიბრში ყველაფერი ფოტოფინიშმა გადაწყვიტა.

შვეიცარიელმა ნიკოლა სპირიგმა და შვედმა ლიზა ნორდენმა ერთდროულად მიაღწიეს ფინიშთან და ერთი დრო დააფიქსირეს.

ალბათ, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა ორივესთვის ოქროს მედლის მინიჭება, მაგრამ ორგანიზატორებმა შვეიცარიელის მცირედი უპირატესობა დააფიქსირეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული