ქართველ მშვილდოსანთა ოლიმპიურ-კორეული ტესტი

AutoSharing Option
მართლაც რომ უმძიმესი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მშვილდოსნები ისვენებენ, თუმცა ამაში დამნაშავე, დიდწილად, უფულობაცაა.

ამ დღეებში ჩინურ შანხაიში მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე, ამ რანგის სეზონის ბოლო შეჯიბრება მიმდინარეობს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო იქ ჩვენი ნაკრების გაგზავნა ვერ მოხერხდა.

ქართველი მშვილდოსნებისთვის პირველი უახლოესი შეჯიბრება სექტემბრის ბოლო დეკადაში ბათუმში საერთაშორისო ტურნირია, სადაც ქვეყნის უძლიერესი მშვილდოსნებიც გამოვლენ. თუმცა მათი უმეტესობა ისედაც ბათუმელია, თბილისიდან კი ხუთი მსროლელიც დაემატებათ.

ბათუმი ამ რანგის შეჯიბრებას რამდენიმე წელიწადია, ატარებს, მაგრამ აქამდე თუ მასში ძირითადად სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის
გუნდები მონაწილეობდნენ, ამჯერად მონაწილეობის სურვილი განაცხადების გამოგზავნით ყაზახეთმა და ირანმაც დაადასტურეს.

თვის ბოლოს ჩვენი ქალთა ნაკრები - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე ლონდონში გაემგზავრება, სადაც 2-10 ოქტომბერს ოლიმპიურ ტესტებში მიიღებს მონაწილეობას.

აი, მოგვიანებით კი ბევრად სერიოზული პროექტი იგეგმება - ნაკრების კორეელი მწვრთნელი ან ჰიუნ სანი, რომელსაც უკვე გაუგრძელეს კონტრაქტი ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით, გუნდის წაყვანას მშობლიურ კორეაში გეგმავს ორთვიან შეკრებაზე.

დეტალები ჯერ ბოლომდე არაა დაზუსტებული, სხვა თუ არაფერი, თანხაც არაა გადაწყვეტილი, თუმცა ოლიმპიური კომიტეტი დაფინანსებას კი ჰპირდებათ, მაგრამ გარკვეული მონახაზი არსებობს. სანის სურვილია, ჩვენებმა იქაურებთან რამდენიმე სატესტო შეხვედრაც გამართონ, ვარჯიშებს კი სეულში, მისსავე მშობლიურ კლუბში ჩაატარებენ, სადაც გარკვეულწილად ადგილობრივი მწვრთნელებიც დაეხმარებიან. ეს პროექტი თუ მართლაც განხორციელდა, ვფიქრობთ, ქართული მშვილდოსნობისთვის კარგი საქმე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული