საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება

AutoSharing Option
საინტერესოდ დასრულდა მშვილდოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელსაც ამ უქმეებზე ბათუმმა, კონკრეტულად კი, ანგისას სტადიონმა უმასპინძლა - ქალთა ტურნირის ფინალში ერთმანეთს დედა-შვილი, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გუნდურში ხათუნა ნარიმანიძე და მისი შვილი ციკო ფუტკარაძე შეხვდნენ.

პაექრობა არადედაშვილური და დაძაბული გამოდგა - საქმე გადასროლამდე მივიდა, იქ კი უფრო ზუსტი შვილი აღმოჩნდა და ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონიც ფუტკარაძე გახდა.

ნარიმანიძეს ხშირად უთქვამს, მოხარული იქნებოდა, ციკო ალალ ბრძოლაში თუ აჯობებდა და შვილს მართლაც მკაცრი გამოცდა მოუწყო.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუას ხელის ტრავმის შემდეგ ქალებში
დედაშვილური ფინალი დიდად გასაკვირი არც იყო. მით უფრო, რომ ფუტკარაძე ბოლო ხანებში სულ უფრო უმატებს და ამას წინათ ესებუასთანაც წარმატებით იასპარეზა, თუმცა დედას პირველად აჯობა.

მათ აქამდე უკვე მოასწრეს ერთ გუნდში, ერთმანეთის მხარდამხარ გამოსვლა; რამდენიმე წლის წინათ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთსაც შეხვდნენ, მაგრამ მათი გზები ფინალში პირველად გადაიკვეთა. ცხადია, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძისთვის, თუმცა ძნელი სათქმელია, ამ დროს შვილს უფრო ქომაგობდა თუ - მეუღლეს.

საქართველოს ჩემპიონატი სამივე ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. მათთან ერთად გამოდიოდნენ პარასპორტსმენებიც.

დედა-შვილის პაექრობა
ქალებში დედა-შვილის დუეტი საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაწინაურდა, თუმცა იქაც უფრო ზუსტი შვილი იყო - ფუტკარაძემ 617 ქულით დაასრულა გამოსვლა, ნარიმანიძეს კი 611 ჰქონდა. ნარიმანიძემ მეორე ნახევარში კი გაიბრძოლა და 311 ქულით ის სერია მოიგო, თან შვილს 4-ით გაუსწრო, მაგრამ ფუტკარაძეს პირველი ნახევარი 10-ქულიანი ფორით (310 ქულა) ჰქონდა მოგებული.

სამწუხაროდ, დედა-შვილის გარდა (შეგახსენებთ - ისინი ხელვაჩაურის სახელით გამოდიან), შესარჩევში 600-ქულიანი მიჯნა ვერავინ გადალახა - მესამეზე ბათუმელი ნანა მახარაძე გავიდა 586-ით.

ეს ჩემპიონატი აღსანიშნავი იმითაც გამოდგა, რომ კვლავ იასპარეზა ხელვაჩაურელმა ასმათ დიასამიძემ - ნაკრების ძველი წევრი ოპერაციების შემდეგ ერთი ხანობა ჩამოშორდა აქტიურ სპორტს და მწვრთნელობაზე გადაერთო, ახლა კი ისევ მოზიდა მშვილდი. საკვალიფიკაციოში ის მეოთხე იყო 548 ქულით.

პლეი-ოფში ფუტკარაძემ ჯერ თბილისელი თეა ბოლქვაძე დაამარცხა - 6:0, ნახევარფინალში კი დიასამიძეს 6:0 მოუგო. ნარიმანიძემ თავდაპირველად თბილისელ თეონა კუტალაძეს აჯობა - 6:2, შემდეგ კი 6:0 სძლია ბათუმელ მარიკა მახარაძეს.

ფინალი ფრედ დასრულდა - 5:5 და, წესისამებრ, დაინიშნა გადასროლა, ანუ დამატებით ორივე მონაწილემ თითო ისარი ისროლა. აქ კი უფრო ზუსტი ფუტკარაძე აღმოჩნდა, ვინც 8-იანი მოინადავლა, ნარიმანიძემ კი 7-იანში გაარტყა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მარიკა მახარაძემ დიასამიძეს აჯობა და მესამეზე გავიდა.

ქუთაისიდან თბილისში
ისე ეტყობა, ვაჟებში სიმძიმის ცენტრი ქუთაისიდან თბილისში გადმოდის - შესარჩევი ქუთაისელმა ლაშა ფხაკაძემ (თუმცა ესეც თბილისელია, ოღონდ რიონისპირელთა სახელით გამოდის) კი მოიგო, მაგრამ ტურნირი თბილისური ფინალით დასრულდა.

Sportall.Geფხაკაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 636 ქულით დაასრულა და 4-ით აჯობა მეორეზე გასულ თბილისელ ზურაბ მესტვირიშვილს. 629-ით მესამეზე ისევ ქუთაისელი ჯაბა მოსეშვილი გავიდა, მეოთხე კი 612-ით ბათუმელი მამუკა შუშაძე აღმოჩნდა.

პლეი-ოფში, ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან კარგად გამოვიდა თბილისელი გიორგი გელაშვილი, ვინც შესარჩევი 591 ქულით და მეხუთე ადგილით დაასრულა.

ის არც ისე დიდი ხანია, რაც მშვილდოსნობაში ვარჯიშობს - მხოლოდ მეორე წელიწადია, თუმცა მეოთხედფინალში ჯერ შუშაძე ჩამოიშორა გზიდან (6:2, მანამ კი გია ბენიძესაც მოუგო - 6:0), ხოლო ნახევარფინალში ფხაკაძესაც მოუგო.

თუმცა ეს ძალიან დაძაბული პაექრობა გამოდგა და საქმე დამატებით გასროლამდე მივიდა. პირველი სეტი ფრედ დასრულდა - 26:26, მეორე კი ფხაკაძემ 28:27 მოიგო და საერთო ანგარიშით 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ გელაშვილმა ზედიზედ ორ სეტში იმარჯვა - 24:23; 25:18 და ანგარიშში 5:3 დაწინაურდა.

წაგების საშიშროებამ ფხაკაძე გამოაფხიზლა და ბოლო, მეხუთე სეტში 26:25 მოიგო, რითაც საერთო ანგარიში ისევ გაათანაბრა: 5:5. ამ დროსაც, წესისამებრ, დაინიშნა თითო დამატებითი გასროლა, რომელიც უფრო ზუსტად გელაშვილმა შეასრულა - 9:8 მოიგო და ფინალშიც გავიდა.

მესტვირიშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო შემდეგ ჯერ ტარიელ ქადიძეს 6:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მოსეშვილს 7:1 მოუგო. ფუტკარაძის არ იყოს, მესტვირიშვილიც თანდათან უმატებს, შედეგად კი სტაბილურ ჩუბინად და ვაჟთა ნაკრების ლიდერად ყალიბდება. მან ფინალიც იოლად მოიგო გელაშვილთან - 6:2 და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფხაკაძემ მოსეშვილს 6:1 მოუგო და მესამეპრიზიორი გახდა.

მატება ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში
რამდენიმე ახალი კადრი გამოჩნდა ასაკობრივ გუნდებშიც, თუმცა იმათაც გამოიჩინეს თავი, რომლებმაც ამას წინათ ზამთრის პირველობაზეც იმარჯვეს. მაგალითად, თბილისელები - ნატა გეგენავა და მედეა გვინჩიძე.

ახალგაზრდების ტურნირში ბიჭების შესარჩევში თბილისელი ვლადიმერ დოლიძე გამოირჩა - 620 ქულა და საგრძნობლადაც ჩამოიტოვა მეორეზე გასული თანაგუნდელი ლაშა სალუქვაძე - 569. მესამე თბილისელი ირაკლი ეფრემიძე იყო - 544, მეოთხე - ხელვაჩაურელი ნოდარ გათენაძე - 536 ქულა.

თუმცა პლეი-ოფში ყველაზე მეტად სწორედ გათენაძემ იყოჩაღა - დაძაბულ ბრძოლაში ჯერ დოლიძეს აჯობა 6:4, როცა ბოლო სერია 25:20 მოიგო, ფინალში კი სალუქვაძესაც სძლია. ბრინჯაოს დოლიძე დაეუფლა, რაც ეფრემიძესთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.

გოგონებში თავიდან ბოლომდე ორი ჩუბინი ლიდერობდა - ხელვაჩაურელი ანა დუმბაძე საკვალიფიკაციოში პირველი იყო 567 ქულით, მას კი კვალში თბილისელი მარინა ჩუმაჩენკო ჩაუდგა 538-ით. საბოლოოდ, ფინალშიც ესენი გავიდნენ და იქაც უფრო ზუსტი დუმბაძე იყო. ვერცხლის მედალს ჩუმაჩენკო დაეუფლა, მესამეზე კი ბოლო პერიოდში წარმოჩენილი კიდევ ერთი ჩუბინი, თბილისელი მირანდა კვერნაძე გავიდა.

ასეთივე სცენარით წარიმართა ტურნირი ჭაბუკთა ასაკში გოგონებში - გეგენავა შესარჩევშიც პირველი იყო 592 ქულით, ხოლო გვინჩიძე - მეორე (578), ფინალშიც ესენი გავიდნენ და გეგენავამ იმარჯვა. აქ ბრინჯაოს მედალს ანა ცხომელიძე (ხელვაჩაური) დაეუფლა.

ბიჭებში კვარცხლბეკზე აჭარის წარმომადგენლები ავიდნენ: ჩემპიონი ანრი ბასილაძე გახდა, ვინც ფინალში ნიკა თავდგირიძე დაამარცხა, მესამეზე კი საბა გათენაძე გავიდა. საინტერესოა, რომ მათ შესარჩევი ეტაპიც ზუსტად ამ თანმიმდევრობით დაასრულეს.

პარასპორტსმენებში საკვალიფიკაციო ეტაპი არ ჩატარებულა, სხვებთან ერთად ისროლეს, თუმცა ვაჟებმა პლეი-ოფი ცალკე გაითამაშეს. საბოლოოდ, საუკეთესო თბილისელი გოდერძი ზაქარაია აღმოჩნდა, ხელვაჩაურელი ზვიად დუმბაძე მეორეზე გავიდა, ხოლო თბილისელი გია ბენიძე - მესამეზე. ქალებში მხოლოდ თბილისელი თეა ბოლქვაძე ისროდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული