მაჩეი როშიევიჩმა 50 კილომეტრზე 44-ე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ლონდონში 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში საქართველოდან მაჩეი როშიევიჩი მონაწილეობდა.

ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ეს იყო მესამე შემთხვევა, მძლეოსნობის ამ დისციპლინაში ოლიმპიადების საგზური ჩვენებურმა რომ მოიპოვა.

უკვე გაუწყეთ, რომ 1960 წელს რომში საბჭოთა კავშირის მრავალგზის პრიზიორმა ალექსანდრე შჩერბინამ IV ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ ამ ათლეტმა 1965 წელს საბჭოთა კავშირის რეკორდი დაამყარა - 50 კილომეტრი სპორტული სიარულით 3:57.28,0-ში დაფარა. 1968 წელს მეხიკოში, ასევე, საკავშირო ჩემპიონატების პრიზიორმა იგორ დელა-როსამ იასპარეზა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ამ სახეობაში საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში 63 სპორტსმენი ჩაება. მათგან დისტანცია ორმოცდათერთმეტმა
დაამთავრა.

როშიევიჩს ფინიშთან მისაღწევად 4 საათი, 5 წუთი და 20 წამი დასჭირდა, რაც 44-ე შედეგი აღმოჩნდა. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი 2005 და 2009 წლების მსოფლიოს ჩემპიონმა, წლევანდელი მსოფლიოს თასის მფლობელმა რუსმა სერგეი კირდიაპკინმა მოიპოვა ოლიმპიური რეკორდით - 3:35,59.

მეორე ადგილზე გავიდა 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის და 20 კილომეტრზე ბრინჯაოს პრიზიორი, 50 კილომეტრზე 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ჯერიდ ტელენტი (ავსტრალია) - 3:36.53. მესამე ადგილი ჩინელ სი ტიანფენს (3:37.16) ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული