მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
იმავე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ივლისში კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შემიყვანეს. არასოდეს მეგონა, თუ იქ მოვხვდებოდი. იმ დროს კრივის სამყაროში ბევრს არ ვუყვარდი.

ძალიან ცუდი რეპუტაცია მქონდა. დიდების დარბაზში მოხვდნენ ბიჭები, რომლებიც კრივში ჩემ შემდეგ მოვიდნენ. ამიტომაც მეგონა, რომ უკვე აღარასოდეს მეღირსებოდა ამგვარი პატივი. უკვე ვიცოდი, რას გრძნობდნენ ძველი მოკრივეები. ცხოვრებისგან გარიყული და უფულო აღარავის სჭირდები და ყოველდღე ელოდები ზარს, რომელიც შეიძლება არ შედგეს.

მაგრამ თებერვალში ზარი გაისმა
და ვიღაც ბიჭმა მითხრა: "ახლახან დიდების დარბაზში აგირჩიეს". ყურმილი დავკიდე და ტირილი დავიწყე. მთელი ცხოვრება მივუძღვენი კრივს. მივდიოდი დასაძინებლად და თან გულში ჩაკრული მქონდა კრივის ხელთათმანები. მინდოდა, მხოლოდ მოკრივე ვყოფილიყავი. უკვე სისულელეა ამ თემაზე მსჯელობა, მაგრამ შემეძლო, დიადი მოკრივე გავმხდარიყავი, ისეთი, როგორიც არასოდეს ჰყოლია სამყაროს. ჩემმა ქედმაღლობამ, თავმოყვარეობამ ძალიან დამღალა. ამიტომაც, უბრალოდ, იძულებული ვიყავი, ამ თვისებებზე უარი მეთქვა. ისინი მიბიძგებდნენ მრავალი სიმაღლის დაპყრობისკენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, უარი ვთქვი მათზე, რადგან ოჯახის შენარჩუნება მინდოდა.

საკუთარ თავს არ ვაქებ, უბრალოდ, კრივის ისტორიის გასააზრებლად უნდა აღვნიშნო, რომ რთულია იპოვო რომელიმე სხვა ბიჭი, რომელმაც რინგზე იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენიც მე თავის დროზე. დღეს მოკრივეებს არ ესმით სპორტის არსი, არ იციან, როგორ გამოვიდნენ მაყურებლის წინაშე. ისინი არასაკმარისად მონდომებულები არიან იმისთვის, რომ შეისწავლონ წარსული და გაიგონ ფაქტები არა მხოლოდ თავად მოკრივეებზე, არამედ მათი ურთიერთობების წრეზე.

ჯინ ტანისა (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში) და ბენი ლეონარდს ურთიერთობა ჰქონდათ ჯორჯ ბერნარდ შოუსთან, მიკი უოკერი (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი ნახევრად საშუალო და პირველ საშუალო წონაში) და გარი გრები ახლოს იყვნენ ერნესტ ჰემინგუეისთან. ვისაც რა უნდა ეთქვა, სწორედ მე წარმოვადგენდი ძველი თაობის ყველა მოკრივეს. ვზრუნავდი იმაზე, რომ ისინი დავიწყებას არ მისცემოდნენ. თუ ბენი ლეონარდისგან ან გარი გრებისგან ნასწავლ დარტყმას ვასრულებდი, ყოველთვის საჯაროდ მადლობას ვუცხადებდი მათ.

ლეგენდარული ბიჭები - ჯო განსი (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მჩატე წონაში; კრივზე პოპულარული ჟურნალის The Ring-ის დამაარსებელი), ლეონარდი, ჯონ სალივანი - პირველები იყვნენ, პირველებს კი ყოველთვის პატივი უნდა სცე. მათ კრივი ხელოვნებად აქციეს.

მოხარული ვიყავი იმის გამო, რომ დიდების დარბაზში ჩემს შესვლას კენჭი უყარეს, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ცერემონიაზე უნდა წავსულიყავი. შესაძლოა, ცოტათი ნაწყენი ვიყავი იმის გამო, რომ დიდი ხანი უარყოფდნენ ჩემს კანდიდატურას, მაგრამ ჩემმა მეგობარმა დევიდ მელოუნმა (ამერიკელი ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი), ჩემთან სტუმრად ყოფნისას, ამ თემაზე პატარა სიტყვა წარმოთქვა:

- მისმინე ბიჭო, შენი დედაც, გამოიჩინე საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. შენ ცდილობდი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი ბრაუნსვილისთვის, მთელი გეტოსთვის. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. შენ გეტოს თავი დააღწიე და დიდების დარბაზში მოახერხე შესვლა, შენი დედაც. წადი იქ და გააკეთე ყველაფერი, რაც საჭიროა!

ის მართალი იყო. ცერემონიაზე ყოფნისას, კასზე ვფიქრობდი. 14 წლისა ყოველთვის ვეკითხებოდი მას: "როგორ ფიქრობთ, მოვხვდები დიდების დარბაზში?"

კასი აღფრთოვანებული იყო ჩემი საკრივო მისწრაფებებით. ის ყველას ეუბნებოდა: "ჯერ არასოდეს მინახავს, ვინმე ასეთი აღფრთოვანებული ყოფილიყო კრივზე, როგორც ეს ბიჭი". საკუთარი ხუთი თითივით ვიცოდი სპორტის ისტორია. ვიცოდი, რომ ბევრი ცნობილი მოკრივე, ბოლოს და ბოლოს, ფულის გარეშე რჩებოდა, არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნდა და შავ სამუშაოს თანხმდებოდა. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მეც დამმართნოდა, მაგრამ მაინც მინდოდა, ამ საძმოს წევრი ვყოფილიყავი. მართალია, ბევრი მათგანი უკვე მკვდარი ან მოხუცი იყო, მათზე მაინც ლაპარაკობდნენ მამაკაცთა შეკრების ადგილებში.

მსოფლიოში არ არსებობს სპორტის სხვა სახეობა, რომელშიც ისეთი ვნებები იყოს, როგორც კრივში, ოღონდ ყველაფერი სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. მზად ხართ, დაასახიჩროთ თქვენი ძმა ან მამა, რადგან ბიჭი, რომელსაც გულშემატკივრობ - თავად შენ ხარ. ის ისევე გრძნობს და ფიქრობს, როგორც შენ. დღეს შერეული საბრძოლო ხელოვნება უფრო პოპულარულია, ვიდრე კრივი, რადგან არენაზე უფრო მეტი ბრძოლა და ვნებაა. კრივში ასეთი ვნებები აღარ არის.

უკვე ვეღარ იპოვით ბიჭს, რომელიც ასეთ რამეს იტყვის: "დაე, ღმერთებმა გადამარჩინონ და დამტანჯონ, მაგრამ მოვა დღე და მეც თქვენნაირი გავხდები". დღევანდელი ბიჭები არ ლაპარაკობენ ასეთ სისულელეს, მათ არ ჰყოფნით სიმამაცე, სულელურ წრეში იზრდებიან, რომელიც საშუალებას არ აძლევთ, ჩაწვდნენ ჩემი თაობის რეალურ არსს. მათ არ უნდათ ამის გაკეთება, რადგან ეშინიათ, რომ წარუმატებლობა ელოდებათ და დასცინებენ. აი, ამიტომაც დღევანდელი მოკრივეები აღარ სარგებლობენ საყოველთაო პატივისცემით - მათ ეშინიათ ნამდვილი სიდიადის მიღწევის. ისინი კრივს უყურებენ, როგორც ფულის ქვითარს და არ განიხილავენ მას, როგორც რაღაც კეთილშობილს. მათ უნდათ ფული და შექება. მეც მინდოდა შექება, თაყვანისცემა და უკვდავება.

მოკრივეში მხიბლავს მისი უნარი და მზადყოფნა - ტკივილი მიაყენოს მეორე ადამიანს. სწორედ ეს თვისება გამოარჩევთ დიად მოკრივეებსა და სუპერვარსკვლავებს. რინგზე ყოფნისას, საკუთარ თავს მხეცის რანგში წარმოვიდგენდი. უნდა გამერთო პუბლიკა, როგორც დათვი გალიაში. და რაც უფრო მეტ ტკივილს ვაყენებდი, მით უფრო მეტ შექებას ვიღებდი ბრბოსგან. ამით ვშოულობდი ფულს. დღეს აღარ ისწრაფვიან იმისთვის, რომ მეტოქეს ტკივილი მიაყენონ. კრივი სუსტების ჩხუბს დაემსგავსა.

არადა, თავის დროზე, შუგარ რეი რობინსონი, როკი მარჩიანო მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ საჩემპიონო ქამრისთვის, და უნდა მოგეკლათ ისინი, რომ ეს ქამრები წაგერთვათ მათთვის.

ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ კრივი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ჯერ ნაადრევია. დამიჯერეთ, კრივი კიდევ დაბრუნდება. ოფიციალურად, ის თითქმის 200 წლის წინ გამოჩნდა და ასე იოლად არ დათმობს თავის პოზიციებს. უბრალოდ, დაელოდეთ შემდეგ ნიჭიერ მოკრივეს მძიმე წონაში. ყველას მოუნდება მისი ყურება კიდევ და კიდევ.

ივნისის ბოლოს მე და კიკიმ გადავწყვიტეთ, გაგვემეორებინა ჩვენი საქორწინო ცერემონია. ეს ჩემი იდეა იყო. ჩვენ ხომ არასოდეს გვქონია ნამდვილი ქორწილი. ივნისის ბოლოს დაბადების დღე მქონდა, კიკის კი შუა თვეში, ამიტომაც თავში მომივიდა იდეა - მომეწვია ხალხი ჩვენ დაბადების დღეების ერთობლივ ზეიმზე. ამ ღონისძიებაზე გვინდოდა გაგვეკვირვებინა ისინი ჩვენი ქორწილის შესახებ განცხადებით.

თავდაპირველად, მხოლოდ 25 ადამიანის დაპატიჟებას ვაპირებდით, მაგრამ მათი რიცხვი 250-მდე გაიზარდა. ვიქირავეთ საბანკეტო დარბაზი ლას ვეგასის სასტუმრო M Resort-ში, რომელიც ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს იყო. კიკიმ ქორწილების მოწყობის ცნობილი ორგანიზატორი დაიქირავა. გვქონდა კოქტეილი, რომელზეც ორივენი 10 წუთი ვიყავით, შემდეგ გავიპარეთ, საქორწინო ტანსაცმელში გამოვეწყვეთ და რიტამ ყველა სტუმრისთვის განცხადება გააკეთა.

- ვიცი, თქვენ ყველანი ფიქრობთ, რომ აქ დაბადების დღეზე იმყოფებით, მაგრამ, სინამდვილეში, მაიკი და კიკი აპირებენ, გაიმეორონ საქორწინო ცერემონია, - თქვა მან.

ფარდა გაიხსნა და ყველას წინაშე გადაიშალა ლამაზად გაწყობილი ბილიკი ახალდაქორწინებულებისთვის. სტუმრები განცვიფრებულები იყვნენ. სანამ ამ ბილიკზე გავივლიდით, მე და კიკიმ სულელური ჩხუბი გავმართეთ.

უკვე მზად ვიყავი ბილიკზე გასასვლელად, როცა კიკიმ მიბრძანა: "ხმა ჩაიწყვიტე!" მე ვუპასუხე: "წადი, შენი! თავად გაჩუმდი!"

- არ მინდა შენზე დაქორწინება, - თქვა მან.
- არც მე მინდა შენთან, - ვუპასუხე მე.

უბრალოდ, ვნერვიულობდით. წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი ნერვიულობა ახლავს ასეთ ცერემონიას. მანამდე ორჯერ ვიყავი დაქორწინებული, მაგრამ ეს პირველი ოფიციალური ქორწილი იყო ორივესთვის.

ჩხუბის მიუხედავად, ცერემონია გაგრძელდა და საკმაოდ კარგი წვეულება გამოგვივიდა. შემდეგ ჩემსა და კიკის შორის კიდევ ერთი ჩხუბი მოხდა. ამიტომაც ჩემს მეორე საქორწინო ღამეს ნომერში დივანზე მეძინა, კიკის - საძინებელში. ჩვენ შორის მუდმივად იყო კამათი არაფრის გამო, რადგან ორივეს ფეთქებადი ხასიათი გვქონდა, მაგრამ მეორე დილით ყველაფერი წესრიგში იყო და ჩვენ სახლში გავემგზავრეთ.

კარგი იყო, რომ შევრიგდით, რადგან იმ დროს, მე და კიკი ფულის შოვნას ვცდილობდით ახალი ავტომობილისთვის. მას შემდეგ, რაც HBO-მ უარი თქვა ჩვენს პროექტზე, გადავწყვიტეთ, რაიმე სხვა გვეცადა. 2009 წლის ოქტომბერში მე და კიკი "ვინიშენის" სასტუმროში წავედით ჩეზ პალმინტერის (ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მწერალი; კინოპრემია "ოსკარის" ნომინანტი) მონოსპექტაკლის - "ბრონქსული ისტერიის სანახავად". გაოცებულნი დავრჩით იმით, როგორ მონუსხა დარბაზი და დაძაბულობაში ამყოფებდა პუბლიკას საათნახევრის განმავლობაში.

უკანა გზაზე აღმაფრენას ვგრძნობდი.

- ეს ძალიან ჰგავს იმას, რისი კეთებაც მიწევს ევროპაში ან აზიაში ყოფნისას, - ვუთხარი კიკის. - ადამიანები მისვამენ შეკითხვებს და მე ისე დიდი ხანი ვპასუხობ ერთ კითხვას, რომ სხვები ბრაზდებიან, რადგან საკუთარ შეკითხვას ვერ სვამენ. ვერ ვიტან საკუთარი თავის ყურებას, სამაგიეროდ, მიყვარს ჩემ შესახებ მოყოლა. ვფიქრობ, შევძლებ ამის გაკეთებას. მაგრამ ჩემი შოუ ოდნავ სულისშემძვრელი იქნება.

კიკი აღელვებული ჩანდა. სახლში დაბრუნების შემდეგ მაშინვე რამდენიმე გვერდი დაწერა. ეს იყო შესავალი. მომდევნო დღეს ეს წავიკითხე, ბრწყინვალე იყო. კიკიმ ყველაფერი ისე წარმოაჩინა, როგორც მე გავაკეთებდი ამას.

მაგრამ ეს გრძელი და დაძაბული პროცესი აღმოჩნდა. კიკი მზად იყო, დამჯდარიყო და დაეწერა, მაგრამ მერჩივნა, მას ამაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან ჩემთვის მტანჯველი იყო ჩემს ცხოვრებაში აღმაფრენებსა და დაცემებზე მოყოლა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული