მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
კიკი იმ დროს ძალიან ნერვიულობდა ფულის გამო, რადგან არ შემეძლო ბავშვის თუნდაც მინიმალურით უზრუნველყოფა. ბავშვის საფენების შეძენაც კი გვიჭირდა.

კიკი იმუქრებოდა კიდეც, რომ მილანთან ერთად წავიდოდა სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში და შემწეობაზე დოკუმენტებს შეავსებდა. მაგრამ მე მართლაც ნულზე ვიყავი. ჩემს საბანკო ანგარიშზე დაახლოებით 7 ათასი დოლარი იყო, ყოველთვიურად კი 8 ათას დოლარზე მეტი ალიმენტი უნდა მეხადა.

ჯეფი სარეაბილიტაციო ცენტრში ჩემს მკურნალობას აფინანსებდა. იმისთვის, რომ რაღაც ფული მიმეღო, რამდენადაც შესაძლებელი იყო, საკუთარი პოპულარობის გამოყენებას ვცდილობდი - სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩემ გამოჩენას 10 ათას
დოლარად ვყიდდი. ამიტომაც მუქარა სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წასვლაზე დიდად არ მაღელვებდა. მე ხომ გავაფრთხილე კიკი, რომ არ მოუწევდა ჩემთან ერთად სიმდიდრეში ცხოვრება. მაშინ წავიდეს და ჩადგეს რიგში სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში. ვეჭვობ, რომ ის უკვე იდგა ამ რიგში, როცა მასთან დერილი მივიდა და 250 დოლარი მისცა კვების პროდუქტებისთვის და საფენებისთვის.

თებერვალში სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოვედი და ლას ვეგასში დავბრუნდი. ჩემი გეგმა შემდეგში მდგომარეობდა - საკუთარ სახლში უნდა მეცხოვრა და ხანდახან კიკი და ბავშვი მომენახულებინა, რომლებიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ.

მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრის შემდეგ ისე დაღლილი და განადგურებული ვიყავი, რომ მათთან სანახავად მისული, უბრალოდ, იქვე დავრჩი ორი კვირით. მეშინოდა სახლიდან გამოსვლა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან საკუთარ თავს ვერ ვენდობოდი. მეგონა, რომ ისევ ავუშვებდი.

მე და კიკის დაგვიბრუნდა ძველი ურთიერთობა - რაც დავკარგეთ მაშინ, როცა ის ციხეში წავიდა. ბევრს ვიცინოდით, ვლაყბობდით, ტელევიზორს ვუყურებდით, მილანთან ერთად ვთამაშობდით. ორი კვირის შემდეგ ნიანგმა შემოგვიარა და ერთად დავიწყეთ მაკის საპარიკმახეროში სიარული და იქ ორ-ორი საათის გატარება. მაგრამ უსიამოვნებებში აღარ ვეხვეოდი.

ჩემი ანალიზის შედეგები არასახარბიელო იყო, ამიტომაც ჩემი გამოსაცდელი ვადის გავლამ ლას ვეგასიდან ფინიქსში გადაინაცვლა. მაგრამ ფინიქსში ჩემი ზედამხედველი ინსპექტორი შესანიშნავი ბიჭი აღმოჩნდა. კიკისთან და მილანთან ერთად ვესტუმრე, ის დარწმუნდა, რომ პრობლემებს ვუმკლავდები, შეიტყო ჩემი ახალი ბავშვის შესახებ და ლას ვეგასში ცხოვრების უფლება მომცა. უბრალოდ, თვეში ერთხელ, ფინიქსში უნდა მეცნობებინა მისთვის ჩემ შესახებ.

ორი დღის შემდეგ ლას ვეგასში დავბრუნდით და სანამ კიკისა და მილანს მათ სახლში დავაბინავებდი, ჩემს სახლში შევლა გადავწყვიტეთ. ისევ ბედმა მიმუხთლა. აღმოჩნდა, რომ ჩემს ჭურჭლის სარეცხის მანქანაზე მილი გასკდა და მთელი სახლი დაიტბორა. არ ვიცი, შესაძლოა, ღმერთი ჩაერია საქმეში იმისთვის, რომ მე და კიკი კიდევ უფრო დავახლოებოდით ერთმანეთს. მაგრამ ამან ბევრი უსიამოვნება და უხერხულობა მომიტანა.

კიკისთან და მილანთან ერთად დავსახლდი მათ მოუხერხებელ სახლში. ისეთ პირობებში ვიყავით, რომ მაღაზიებში სალაროსთან მისვლამდე ნაადრევად ვითვლიდით შენაძენის ღირებულებას, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ საკუთარ ბიუჯეტს არ გადავაჭარბეთ. ხანდახან კალათიდან ზოგიერთი ნივთის ამოღება და უკან დაბრუნება გვიწევდა, არადა, კიკი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი სწორად დაითვალა. უბრალოდ, არ მინდოდა, სალაროსთან სირცხვილი მეჭამა.

ბოლოს ასე მაშინ ვიქცეოდი, როცა დედაჩემი სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით ცხოვრობდა. ერთხელ მოლარემ ბევრი ნივთი უკან დაგვაბრუნებინა, რადგან ფული არ გვყოფნიდა. ამიტომაც ისევ ნერვიულობა მიპყრობდა, როცა კიკისთან ერთად მაღაზიებში დავდიოდი. მთელი ჩემი ვარსკვლავური ცხოვრება ვმოქმედებდი პრინციპით: შემიძლია ვიყიდო ყველაფერი, რასაც დავინახავ. ახლა კი ჩვეულებრივი პროდუქტების დანახვა მაშინებდა. შეგიძლიათ ასეთი რამ წარმოიდგინოთ? მე, ყველაზე ბოროტ, ყველაზე ხისტ, ყველაზე აგრესიულ მოკრივეს ისტორიაში, ბურღულეულის პაკეტის ფასის მეშინოდა.

მე და კიკი სულ უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. ბევრს ვთამაშობდით ვიქტორინებს - მხოლოდ ეს გვაინტერესებდა. საკმარისად გამოჯანმრთელებული არ ვიყავი, რომ გარეთ გავსულიყავი და ამ სამყაროს რეალიების შევჯახებოდი. ცხადია, კიკის ფარულად უხაროდა, რომ საბოლოოდ დამიპყრო. ვფიქრობ, ჩემს წინა იმიჯს ჯერ ისევ ჰქონდა სერიოზული წონა.

კიკისთან გადასვლიდან რამდენიმე კვირის თავზე, მე და ნიანგი დღისით სპორტულ დარბაზში წავედით რამდენიმე მოკრივის ვარჯიშის სანახავად. შემდეგ ნიანგს ვუთხარი, რომ მცირეოდენ კოკაინზე უარს არ ვიტყოდი. შინ ათი საათის შემდეგ დავბრუნდით, რაც ჩემთვის საკმაოდ გვიანი იყო. კიკის მეორე სართულზე ეძინა. საძინებელში შევედი - მხიარული და აღელვებული ვიყავი, აღგზნებული რაღაცას ვლაპარაკობდი. ის საწოლიდან წამოხტა, როგორც ლინდა ბლერი ფილმიდან "ეშმაკის დევნილი".

- კოკიანი მიიღე, არა? - დაიყვირა მან.
- არა, საყვარელო!

- მაშინ რატომ ლაპარაკობ ასე სწრაფად? ნიანგი აქედან წაეთრიოს! მეგონა, რომ დაგეხმარებოდა, მას კი მიჰყავხარ და შენთან ერთად ნარკოტიკს მოიხმარს, - არ წყნარდებოდა ის.
- ნიანგს არაფერი უთხრა. მან არ იცის, რომ ეს გავაკეთე, - მოვიტყუე მე.

- ფიქრობ, იმდენად სულელი ვარ, რომ ამას დავიჯერებ?

კოკაინის მიღებისთვის სახლიდან გამაგდო. ჩემი აზრით, კარგი საქმე გამიკეთა. წასვლა მხოლოდ გამიხარდა. იმ დროისთვის მერჩივნა, კოკაინი მიმეღო, ვიდრე პატარა ბინაში მეცხოვრა.

ასე გავატარე ორი დღე, შემდეგ კი კიკის დავუბრუნდი. ძალიან ნერვიულობდა ჩემ გამო. დავიფიცე, გზიდან აღარასოდეს გადამეხვია და ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდა.

ასე გრძელდებოდა მარტამდე, სანამ კიკის დედა რიტა არ დაბრუნდა საერთო საცხოვრებლიდან, რომელშიც ვადაზე ადრე გათავისუფლებულები ცხოვრობდნენ. ის ჩვენთან გადმოვიდა. ასეთ პატარა ბინაში ოთხ ადამიანთან ცხოვრება, მით უმეტეს, შეყვარულებულის დედასთან ერთად, არც ისე სასიამოვნო იყო. სექსიც არ შემეძლო, რადგან სახლში კედლები საკმაოდ თხელი იყო.

დაახლოებით იმ პერიოდში ისევ დამეწყო რეციდივები. რამდენიმე კვირა ვუძლებდი, შემდეგ სახლიდან მივდიოდი და "ვგიჟდებოდი". რამდენიმე დღე ვიკარგებოდი და შემდეგ ვინანიებდი.

- ნაგავი ვარ. უმჯობესია, ჩავძაღლდე. სამწუხაროა, რომ ასე გექცევი, - ვამბობდი მე.

ასეთი სეირნობების შემდეგ ურჩხულს ვემგვანებოდი. როცა კოკაინს ვიღებდი, მთელ სხეულზე ლაქები მიჩნდებოდა - ეპიდემიით დაავადებულს ვგავდი. სახეზე წყლულები მიჩნდებოდა. არავისთვის კოცნა არ შემეძლო, რადგან სხვა ადამიანის სველი ტუჩისგან, შესაძლოა, ვირუსი გადამდებოდა. არ შემეძლო ნორმალურად ლაპარაკი - ყელი მიშრებოდა. კიკი ბრაზობდა ჩემზე, იწყებდა ყვირილს, იდიოტსა და ნეხვს მიწოდებდა.

- რაშია საქმე? რატომ იქცევი ასე? - ვცდილობდი მის გაგებას.

შემდეგ სახლიდან წავიდა, მე კი იმდენად დაშორებული ვიყავი რეალობას, რომ ვერც გავაცნობიერე, რომ მან ეს გააკეთა. აი, ასე ხდებოდა მაშინ ყველაფერი. როცა კაიფს ვიჭერდი, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ ისინი, ვინც მიყვარდა, ამ დროს ცუდად იყვნენ. ხოლო, როცა ისინი ნორმალურად იყვნენ, მე ვგრძნობდი თავს ცუდად, რადგან ფხიზელი ვიყავი.

ამ რეციდივების შემდეგ, ერთი ან ორი კვირა ვძლებდი, მაგრამ შემდეგ ნერვიულობას ვიწყებდი და აღგზნებულ მდგომარეობაში ვვარდებოდი.

- ისევ მზად ხარ ამის გასაკეთებლად, ხომ ასეა? - ამბობდა კიკი. - დრო მოვიდა.

მან საბოლოოდ მოიწყინა, რადგან ხედავდა, რომ რეალურად, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მეხვეწებოდა, შინ დავრჩენილიყავი, იმაზეც კი თანახმა იყო, რომ სახლში მიმეღო კოკაინი, რომ სხვაგან რაიმე ხიფათს არ გადავყროდი. სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია რეციდივების გარეშე და მთელი ძალით ვცდილობდი, ფხიზელი დავრჩენილიყავი.

სადღაც იმ პერიოდში, ნიანგი ლას ვეგასიდან წავიდა. მან მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვარ იმისთვის, რომ ჩემთან დარჩეს და ამით, უნებლიეთ, ხელი შეუწყოს ჩემს დაცემას. ის არიზონაში გადავიდა და კანონმორჩილი მუსულმანიდან ქრისტიანად გადაიქცა. მე მას ვუთხარი, რომ იესო, რა თქმა უნდა, მაგარია, მაგრამ არ უნდა დაკარგოს თავისი ინდივიდუალობა. იესოს მხოლოდ ველურები ეხვივნენ გარს.

მე ვუთხარი ნიანგს, რომ თუ ის ქრისტიანობას მოისურვებს, მაშინ ცალ ხელში ბიბლია უნდა დაიჭიროს და მეორეში - პისტოლეტი - როგორც იმ ბიჭმა ფილმიდან "ბაკი და მღვდელი". ნიანგმა ნარკოტიკებს თავი დაანება და აღარ მიუღია 2010 წლის შემდეგ.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჩემი პრობლემები კიკისთვის ახალ საქმედ იქცა. ერთხელ ინტერნეტში შევიდა და აღმოაჩინა, რომ ჩვენს სახლთან ახლოს იმართებოდა ანონიმური ნარკომანების შეკრება. მისამართი ჩაიწერა და იქ ერთად წავედით.

ორი წუთით დავაგვიანეთ, დავსხედით და იქ მყოფთა ისტორიების მოსმენა დავიწყეთ. საინტერესო ისტორიები იყო იმის შესახებ, რომ ვიღაცამ მთელი ფული დაკარგა აზარტული თამაშებისას. რამდენიმე წუთში კიკის ყურში ჩავჩურჩულე: "სხვა ადგილას მოვედით". ეს იყო ანონიმური მოთამაშეების შეკრება. არ მინდოდა არავის წყენინება ოთახის ნაადრევად დატოვებით, მაგრამ იქ ვერ დავრჩებოდი. ამიტომაც ნახევარი საათის შემდეგ ავდექი და იქ მყოფებს გამოვუცხადე:

- ბიჭებო, ბოდიში. სამწუხაროა, მაგრამ ჩემმა გოგონამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო ანონიმური ნარკომანების საზოგადოება. მე არ მაქვს პრობლემები აზარტულ თამაშებთან. ღმერთმა დაგლოცოთ!

მთელი ამ რთული დროის განმავლობაში, კიკი ცდილობდა მორალურად არ დაცემულიყო. ხშირად ზედმეტ დოზას ვიღებდი, კიკი კი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა, თუ საკუთარ პროდიუსერულ კომპანიას გავხსნიდი და გავაფორმებდი ლიცენზიას ჩემს გამოსახულებაზე სხვადასხვა სახის პროდუქციისთვის. მას ყოველთვის ნათელი გეგმები და ათასგვარი ოცნება ჰქონდა ჩვენს მომავალზე. ყოველდღე, ნარკოტიკებით დაბრუებული, ვუყურებდი კიკისა და მილანს და ვხედავდი, როგორ იმედიანად იყო ჩემი შეყვარებული, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა.

ერთხელ გავიღვიძე და საკუთარ თავს ვუთხარი: "მეყოფა ეს ნაგავი!" მინდოდა ამ კაიფისგან გამოვფხიზლებულიყავი, საჭირო ადამიანი გავმხდარიყავი. მინდოდა ჩვეულებრივი ცხოვრება, როცა ტვინი სრული დატვირთვით მუშაობს და პასუხს აგებს ყველა გაკეთებულ საქმეზე. აი, ასეთი ცხოვრების დაწყება მინდოდა.

შემდეგ კი გაისმა სატელეფონო ზარი, რომელსაც არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ. ფინიქსიდან შელიმ დამირეკა - ჩემი ორი შვილის დედამ.

- შენი შვილი მკვდარია!

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული