დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
"უანდერლენდში" ძალიან მგულშემატკივრობდნენ. ერთმა როკ-მუსიკოსმა, რომელიც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ჩემი პრობლემების შესახებ შეიტყო და მაშინვე დამირეკა:

- მაიკ, როცა რაღაც დაგჭირდება, აუცილებლად მოდი ჩემთან.

მან იცოდა, რა ხდებოდა ჩემს გულში. შესანიშნავი ბიჭი იყო. ერთხელ ერთი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მოვიდა ჩემ სანახავად. ისიც ბრწყინვალე ადამიანი აღმოჩნდა. ნარკომანები ყველას უსახლკაროებად და საშიშ ადამიანებად მიაჩნიათ, ისინი კი ჩვენი დროის გენიოსები არიან.

რეაბილიტაცია ყოველთვის კარგად არ სრულდება, მაგრამ თუ მონდომება წარმატებულია, მაშინ ეს ყველაფერი - ღმერთის საჩუქარივითაა. ჩვენი ახლობლები, რომლებიც სარეაბილიტაციო პროგრამას გადიან, ყველაფრისთვის
მზად არიან: მოკვდნენ, გაიქცნენ, კაიფი დაიჭირონ, ნარკოტიკის სასიკვდილო დოზა მიიღონ... ჩვენ ჯერ ისევ ავად ვართ, ისევ განაწყენებულები, მოტყუებულები, ცხოვრებიდან მოკვეთილები... მაგრამ გვიჩნდება რეალური შესაძლებლობა - გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს.

სარეაბილიტაციო პროგრამაში მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, ხოლო ისინი, ვინც ამ ყველაფრის გადალახვაში გეხმარებიან - დიადი ადამიანები არიან და მათ არანაირი აღიარება არ აქვთ საზოგადოებისგან.

"უანდერლენდში" მკურნალობის კურსი გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. თავად შემეძლო საკუთარი თავის კორექცია - კასმა ეს მასწავლა. მაგრამ ახლა რთული იყო ამის გაკეთება, რადგან ნარკოტიკებმა ჩემგან ყველაფერი კარგი გამოდევნა. თავისთავად, უკვე ისიც კარგია - უბრალოდ დაბრუნდე ნორმალურ ყოველდღიურ რეჟიმში: იარო მეცადინეობებზე, კრებებზე, ვახშამზე თანატოლებთან ერთად. დავინახე, რომ ერთ დროს გამოუსწორებელი ნარკომანები შესანიშნავად აკეთებდნენ ამას და მომინდა მათთვის მეტოქეობის გაწევა. თუ ამ ბიჭებს განკურნება შეეძლოთ, მაშინ მეც შემწევდა ამის უნარი.

არავის მივცემდი ჩემი გასწრების საშუალებას. ერთი ბიჭი ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ფხიზელ მდგომარეობას. შევხვდი მას და ჩავთვალე, რომ წმინდანი იყო, მაგრამ მისმა მშობლებმა მაინც აღარ აღადგინეს მასთან ურთიერთობა. ცხოვრების დიდი ნაწილი ნამდვილი ურჩხული იყო. ახლა კი სამუშაო ჰქონდა და თავის ოჯახსაც არჩენდა. მისი მთავარი მიზანი ცხოვრებაში სხვების დახმარება გახდა, რომლებიც მსგავს გაჭირვებაში ჩავარდნენ და რეაბილიტაცია ესაჭიროებოდათ.

ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრის შემდეგ ძველ ცოდვებს უბრუნდებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. თუ ასეთ ადგილას უცებ ნარკოტიკებს მივუბრუნდებოდი, თავს სრულ არარაობად ჩავთვლიდი. ამ ცენტრში ჩემი მკურნალობის მიზანი - ნარკოტიკებზე მთლიანად უარის თქმა იყო. როცა დადებითი ენერგია ახლოსაა, მას ღრუბელივით ვისრუტავ. მე ძალიან კარგად მერგება დამხმარე ჯგუფის კაპიტნის როლი:

"ეი, ჩვენ აქ ვარ იმისთვის, რომ ფხიზლები ვიყოთ! მოდით, ეს გავაკეთოთ!" მაგრამ მარტო რომ დავრჩენილიყავი, ეს ყველაფერი სრულიად განსხვავებულ სახეს მიიღებდა: "ეი, შპრიცი მოგეძევება?"

ერთ-ერთი ყველაზე საშიში, მაგრამ, ამასთან, სასიამოვნო საქმე იყო "12 ნაბიჯის" პროგრამის ფარგლებში სხვებისთვის დახმარების გაწევა. ზოგიერთები სიფხიზლეს 20 წელი ინარჩუნებდნენ. და უცებ ვიგებდით, რომ ისინი საავადმყოფოში აღმოჩნდნენ, რადგან ისევ დაეცნენ და სმა დაიწყეს. რამდენიმე ბიჭთან ერთად ჩუმად ვიპარებოდით "უანდერლენდიდან" მათ მოსაძებნად.

უბრალო პაციენტი ვიყავი და მიშვებდნენ ამ ბიჭების დასახმარებლად. მივდიოდით "ჰოლივუდი და ვაინის" რაიონში, მივადგებოდით პირდაპირ ნარკოტიკების სავაჭრო წერტილს და სწორედ იქ ვპოულობდით მათ. ქუჩაში ისხდნენ. იმდენად საშინლად გამოიყურებოდნენ, რომ მათი ცნობა ძალიან რთული იყო. მზისგან სახე ისე ჰქონდათ დამწვარი, რომ არა თეთრები, არამედ რაღაცნაირი მუქები იყვნენ. იმ წელს ბევრი საშინელება ვნახე.

სანამ "უანდერლენდში" ვიყავი, ყველანაირი ფსიქოლოგი ვნახე. თავის დროზე, გზაზე აგრესიულ ქცევაში დამადანაშაულეს, ამიტომაც საკუთარი თავის კონტროლისა და ფლობის კურსებზე გამიშვეს. კურსებს უძღვებოდა პატარა მამაკაცი, სახელად იანი. წარმოდგენა არ მქონდა - რა უნდა სცოდნოდა მას საკუთარი თავის კონტროლზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დავრწმუნდი - იანი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, მაგრამ თავს იკავებდა.

ჩემი აზრით, ის ძალიან კარგად ერგებოდა თავის სამუშაოს. პირველივე გაკვეთილზე მასწავლა ებრაული სიბრძნეები: "კაშკაშა სინათლე, მუქი ჩრდილები. რაც უფრო კაშკაშაა სინათლე, მით მუქია ჩრდილი". მან ამიხსნა, რომ ყველაზე დიდი ვარსკვლავები ყველაზე მუქები არიან. აი, ამიტომაც ვარ აქ, მათთან.

მერილინმა შემომთავაზა, ასევე შევხვედროდი სექსუალური ურთიერთობების ფსიქოლოგს. მან ამისთვის არიზონაში გამიშვა, თუმცა ამ საკითხს სერიოზულად მაშინ მოვკიდე ხელი, როცა "უანდერლენდში" მოვხვდი. როცა მერილინთან ერთად ვისვენებდი, ის ყოველ ჯერზე აკვირდებოდა - როგორი რეაგირება მქონდა ქალებზე, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ.

- ლაპარაკზე ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ, - მიკითხავდა ლექციას მერილინი. - თქვენ არ ამბობთ: "მადლობა" და არ კმაყოფილდებით, უბრალოდ, ავტოგრაფის მიცემით. ყოველ ჯერზე ინტერესდებით - საიდან არის, რამდენი ხანია აქ ცხოვრობს, გათხოვილია თუ არა. აქ 30 წუთია ვართ, თქვენ უკვე ათი სატელეფონო ნომერი შეაგროვეთ. არის ვინმე, ვისაც უარი უთხარით?

მივმართე ფსიქოთერაპევტ შონ მაკფარლენდს, რომელიც სექსუალური დამოკიდებულების საკითხებში სპეციალიზდებოდა. მას ჰქონდა ოფისი ვენეციაში (რაიონი ლოს ანჯელესის დასავლეთით). პირველ მიღებაზე ჩემთან ერთად შეილა ბალკანი წამოვიდა, რადგან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ისეთი ცნების მიმართ, როგორიც არის სექსუალური დამოკიდებულება.

- კარგი, ვივარაუდოთ, რომ თქვენ სპეციალისტი ხართ სექსუალური დამოკიდებულების საკითხში. საერთოდ, როგორ მუშაობს ეს და რას ნიშნავს? - ვკითხე მას.

შონმა მიჩვენა თავის ვაჟისა და ცოლის ფოტო, რომელიც მისი კაბინეტის კედელზე ეკიდა.

- მაიკ, ეს შესანიშნავი კითხვაა. მომწონს ქუჩის მეძავებთან სექსი, ეს ლამაზი ბიჭი და ქალი ამ სურათზე - ჩემი ცოლა და შვილია. ამიტომაც, როცა ვსვამ, ნარკოტიკებს ვიღებ და სკანდალებს ვაწყობ, მათ ვეუბნები: "წადით, თქვენი!" ეს მათ გამიფუჭეს ცხოვრება, რადგან არ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მომწონს. აი, ასეთი სექსუალური დამოკიდებულება შემესაბამება მე.

მე მაშინვე მოვაწერე მათთან ხელშეკრულებას ხელი. ერთად ბევრი დრო გავატარეთ. შონი კურირებდა ანონიმური სექსუალური ნარკომანების კრებებს და მე იქ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს მივდიოდი. ამ ჯგუფში მუშაობა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იქ შესანიშნავი ბიჭები იყვნენ და საინტერესო იყო ამ სფეროში მათი ისტორიების მოსმენა.

ერთხელ კრებაზე გამოვიდა ბიჭი, რომელსაც მიაჩნდა, თავისი სიტუაციიდან გამომდინარე, ის ჩვენზე უკეთესი იყო.

- ვფიქრობ, მე არ მივეკუთვნები თქვენს კატეგორიას, ბიჭებო, - თქვა მან. - არასოდეს ვდევნიდი ქალს ქუჩაში და არ ვეუბნებოდი მას, რომ მასთან სექსი მინდა. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც აქ ვარ, ის არის, რომ ჩემი ცოლი ფრიგიდულია.

- უკვე ამ ნათქვამის გამო მიეკუთვნებით ჩვენს კატეგორიას, - ვუთხარი მას. - ნუ ცდილობთ ყველაფერი ერთ დღეში გაიგოთ. უბრალოდ, გააგრძელეთ აქ სიარული.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული