დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
იმ დონემდე უმოქმედო ვიყავი და იმდენად ამოვვარდი ფორმიდან, რომ ოჰაიოს შტატის ქალაქ იანგსტაუნში გავემგზავრე იმისთვის, რომ 20 ოქტომბერს მონაწილეობა მიმეღო ოთხრაუნდიან საჩვენებელ ბრძოლაში ჩემს ძველ სპარინგ-პარტნიორთან, კორი სანდერსთან.

ამ ბრძოლის პრომოუტერი იყო ყოფილი მოკრივე სტერლინგ მაკფერსონი. არც კი მახსოვს, გადამიხადეს თუ არა ამ გამოსვლისთვის, თუმცა სტერლინგმა გაყიდა ექვსი ათასიდან ოთხი ათასი ბილეთი, რომელთა ფასი 25-დან 200 დოლარამდე იყო. აგრეთვე, დანიშნა ერთჯერადი სააბონენტო ფასი - 29.95 დოლარი ამ ბრძოლის ტრანსლაციის სანახავად.

მაშინ უბრალოდ გადავწყვიტე, რომ რაღაცით ვიყავი დაკავებული, რაც ნარკოტიკებზე უარს
მათქმევინებდა. მაკფერსონი ლაპარაკობდა საჩვენებელი გამოსვლებით მთელ მსოფლიოში გასტროლებზე. ამიტომაც, შესაძლოა, რაღაც თანხაც კი მეშოვა.

ბრძოლამ სრული ფიასკო განიცადა. ჩხუბი არ გამოვიდა. კორი რინგზე 300 ფუნტი (136 კგ) წონით გამოვიდა, რაც დაახლოებით 50 ფუნტით (22.7 კგ) მეტი იყო ჩემს წონაზე. ჩაფხუტიც მოირგო, რის გამოც მაყურებელმა სტვენა აუტეხა. დავიწყეთ სპარინგი. კარგი დარტყმა გამომივიდა და კორი ნოკდაუნში გავუშვი პირველივე რაუნდში. პრობლემები შევუქმენი მესამე და მეოთხე რაუნდებშიც, მაგრამ ბოლო ვერ მოვუღე. აღმოვაჩინე, რომ სრულიადაც არ მომნატრებია კრივი.

ამ ბრძოლის შემდეგ მაშინვე ლას ვეგასში დავბრუნდი და ისევ აქტიურად დავიწყე ნარკოტიკების მიღება. ერთ საღამოს გადავეყარე ბიჭს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ იარაღი მომიშვირა ნიუ იორკის ღამის კლუბ "ბენტლიში". დაქორწინებული იყო. მათ კლუბში დამინახეს და ისე საშინლად გამოვიყურებოდი, რომ გულწრფელად შევეცოდე.

- ყველაფერი წესრიგში გაქვს, მეგობარო? - მკითხა მან.

თავისუფლად შეეძლო, იქვე მოვეკალი. მაშინ სრულიად დაუცველი ვიყავი.
იმ დროს კოკაინის გამუდმებული მოხმარების გამო ცხვირი ისეთ საშინელ მდგომარეობაში მქონდა, რომ მოწევა დავიწყე. სიგარეტიდან თუთუნის ნაწილს ვყრიდი, შემდეგ ჩვეულებრივ დაფხვნილ კოკაინს ვიღებდი და სიგარეტში ვამატებდი. ამას ბრუკლინში ვაკეთებდით, როცა ბავშვები ვიყავით. ყველა, ვინც კოკაინს ყნოსავდა, ვერ მიტანდა იმის გამო, რომ ამ ნარკოტიკს ვეწეოდი. ანთებულ კოკაინს ყველაზე საშინელი სუნი აქვს მსოფლიოში. ეს არის ერთად აღებული დამწვარი პლასტმასისა და ვირთხის საწამლავის სუნი.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა - თუ გინდა, შეიტყო ყველაფერი რაღაცის შესახებ, მას ცეცხლი შეუნთე და ის ყველაფრის გაგებაში დაგეხმარება. ან თუ გინდა, ყველაფერი გაიგო ვინმე ნაბიჭვარზე, უკანალში ცეცხლი უნდა შეუნთო. როცა კოკაინს ცეცხლს წაუკიდებ, გაიგებ სიმართლეს, რისგანაც არის დამზადებული - მთელი შხამი, ნაგავი გარეთ გამოდის და ისე იწვის, როგორც ჯოჯოხეთში.

ამ ნაგავს ლას ვეგასში ჩემს საყვარელ სტრიპტიზ-კლუბშიც კი ვეწეოდი. მასპინძელი საშუალებას მაძლევდა, ტუალეტით მესარგებლა. ის თვითმკვლელობაში მეხმარებოდა. ფინიქსშიც ნებას მრთავდნენ, კლუბში კოკაინი მომეწია. მადლობა ღმერთს, ჩემს იქ ყოფნაში პოლიციელები არ შემოდიოდნენ, როცა ამით ვიყავი დაკავებული. ჩემთვის კოკაინის პორციის მიღება რიტუალი გახდა. სტრიპტიზ-კლუბში საკუთარი რიტუალების მთელი სისტემა შევქმენი. გარშემო ჩემი საგნები ელაგა: კონიაკი "ჰენესი", პოტენციის ასამაღლებელი საშუალება "სიალისი", სიგარეტი "მარლბორო". და, რა თქმა უნდა, კოკაინი, რომელსაც ყველა ჩემს მეგობარს ვთავაზობდი.

ამ გიჟურ პერიოდში, როცა ნარკოტიკს ვეტანებოდი და მეძავებში ვტრიალებდი, გონებაში ყოველდღე მესმოდა კასის ხმა, მაგრამ ფეხებზე მეკიდა. იმ პერიოდში ჩემთვის სიცოცხლე არ იყო ძირითადი პრიორიტეტი. დღეს სხვანაირადაა. დიახ, დღეს მინდა ვიცოცხლო, მაგრამ მაშინ, ოპტიმალურ ასაკში სიცოცხლე ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. იმ დროისთვის, როცა 20 წლის ასაკში ჩემპიონი გავხდი, ბევრი ჩემი მეგობარი ან მოკვდა, ან სხვამ გამოასალმა სიცოცხლეს. ზოგიერთი მათგანი ისე დიდი ხნით ჩასვეს ციხეში, იქიდან გამოსულები ზომბებს ჰგავდნენ. მათ არ ესმოდათ, რომელ პლანეტაზე იყვნენ. ზოგიერთი გაზრახ ჩადიოდა დანაშაულს, რომ ისევ საპყრობილეში აღმოჩენილიყო.

იმ წლებში სამნახევარი გრამი კოკაინის მიღება კარგ, სასიამოვნო საღამოს ნიშნავდა, მაგრამ, რაც უფრო მეტად ვიყავი დაკავებული ამით, მით უფრო ხშირად მინდოდა, ეს განმარტოებით მეკეთებინა. შესაძლოა, უბრალოდ, საქონელი ვიყავი; შესაძლოა, არ მინდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ვენახე. იმ დროისთვის კოკაინს აღარ შევყავდი ეიფორიის მდგომარეობაში, არამედ სრულ უმოქმედობაში მაგდებდა. კოკაინის ზემოქმედების ქვეშ სექსიც აღარ მქონდა ქალებთან. დროდადრო მყავდა ახალი გოგო, მაგრამ უფრო მოდუნებისთვის და დამშვიდებისთვის, ვიდრე სექსისთვის.

სრულიად გიჟური ცხოვრება მქონდა. ერთ დღეს ქუჩაში ბინძურ მეძავთან სექსს ვცდილობდი პრეზერვატივის გარეშე, მეორე დღეს კი სასტუმრო "ბელ ეირში" მდიდარ ნაცნობებთან ერთად, ბედნიერი სახით ვხვდებოდი ებრაულ ახალ წელს. ამის შემდეგ ფსკერზე დავეშვი: ფინიქსში სასტუმროს ლუქსში ვიყავი. ვენაში მორფინი შემიყვანეს, თან მქონდა "სიალისი" და "ჰენესი". გარშემო შვიდი მეძავი მეხვია. მოულოდნელად, კოკაინის დოზამ პარანოიდად მაქცია. გადავწყვიტე, რომ ამ ქალებს ჩემი გაძარცვა უნდოდათ და მათი ცემა დავიწყე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თვით სატანა დამეპატრონა და მან გაიმარჯვა. მეძავები საკუთარი ნომრიდან გავყარე და კოკაინის ნარჩენები შევიყნოსე.

ყველა ჩემი მეგობარი შეშფოთებული იყო იმით, რომ ნარკოტიკებს ვიღებდი, მაგრამ მათ ესმოდათ - არ შეიძლებოდა ჩემთვის პირდაპირ სახეში იმის თქმა, რომ აღარ მეკეთებინა ის, რაც მიყვარდა. ყველას ვშორდებოდი, სულ უფრო ხშირად მარტო ვრჩებოდი, რომ მათი რჩევები არ მომესმინა. მყავდა მხოლოდ ერთი მეგობარი, რომელსაც დაუსჯელად შეეძლო ჩემთვის ამის თქმა. ეს იყო ზიპი. ამ ყველაფერს ის ძალიან ბრძნულად აკეთებდა. იჯდა ჩემთან მოდუნებული, ეწეოდა მარიხუანას, შემდეგ კი სერიოზული გამომეტყველებით ჩემკენ ბრუნდებოდა:

- ნუ ნერვიულობ, მაიკ. მდიდრულ დასაფლავებას მოგიწყობთ. უკვე გადავდე ამისთვის ფული. მოვწევთ მარიხუანას, დავლევთ ძვირფას შამპანურს და შენ გაგიხსენებთ. შენს კუბოს ქალაქის ყველა რაიონში ჩამოვატარებთ, მეგობარო. მაგარი იქნება!

ოქტომბრის ბოლოს, ფინიქსში ვსადილობდი ჩემს ფსიქოთერაპევტ მერილინთან ერთად, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. მეზობელ მაგიდაზე მარტოხელა ლამაზი ლედი შევამჩნიე და ოფიციანტს ვუთხარი, რომ მის ანგარიშს მე ვიხდიდი. ლედი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა.

როცა წავიდა, მერილინი წამით გაჩუმდა და შემდეგ თქვა:

- სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ვერ გაჩერდებით სარეაბილიტაციო ცენტრში ექვსი კვირა.

უნდოდა, ამ სიტყვებით ჩემს თავმოყვარეობაზე ეთამაშა:

- რას ლაპარაკობთ! თავისუფლად შემიძლია გავძლო ექვსი კვირა! ყოველთვის დისციპლინირებული ვიყავი!

სიმართლე გითხრათ, სრულიად მზად ვიყავი ამისთვის. მომბეზრდა ყველგან წარუმატებლობები. გამიფუჭდა ურთიერთობა შვილებთან, ჩემი შვილების დედებთან, ბევრ ჩემს მეგობართან. ზოგიერთს ეშინოდა ჩემ გვერდით ყოფნა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული