დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
კიდევ რამდენიმე გაჩერება გვქონდა, მათ შორის, ერთი თურქეთში, სადაც პრემიერ-მინისტრი გავიცანი. მაგრამ მოუთმენლად ველოდი მგზავრობას მოსკოვში, რადგან იქ ჩემს ფსიქოთერაპევტს უნდა შევხვედროდი. მას მერილინ მიურეი ერქვა.

უმაღლესი დონის ფსიქოლოგი იყო, 70 წლის. 1999 წლიდან ვხვდებოდი. იმ ზაფხულს გავიცანი, როცა სასამართლოს დადგენილებით, იძულებული გავხდი საკუთარი თავის გაკონტროლების სეანსებზე მევლო. მონიკაც თან მახლდა და გადავწყვიტეთ ქორწინების საკითხზეც გაგვევლო კონსულტაცია.

მივმართეთ შესაბამის დაწესებულებას ფინიქსში. ჩემი იქ მისვლა ისე მოვაწყვე, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვიყავი - ორი ლიმუზინი, შავ კოსტუმებში გამოწყობილი პირადი მცველები,
რომლებიც საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს ჰგავდნენ.

სპეციალურად გავიკეთე ძვირფასი სამკაულები და ბრილიანტები, ჩავიცვი ვერსაჩეს ტანსაცმელი და ნიანგის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი, რომელიც 6 ათასი დოლარი ღირდა. ფსიქოთერაპევტთან ერთად დავჯექი და სეანსი დაიწყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მონიკა წინასწარ მოელაპარკა ამ ბიჭს. ორივემ ერთად გამანადგურეს. ფსიქოთერაპევტი მონიკას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და მხოლოდ მე მამუშავებდა.

- წადით, თქვენი! ჩათვალეთ, რომ უკვე მომარჩინეთ! - დავიყვირე მე და კაბინეტიდან გამოვარდი.

ექვსი თვის შემდეგ, იქ მარტო დავბრუნდი. გაკოტრებული და მოტეხილი. ამჯერად, ტაქსით მივედი.

- იქნებ კიდევ ერთხელ ვცადოთ, სერ? - ვთხოვე თვინიერი ტონით.

და, ამჯერად, მერილინთან წამიყვანა. ამ ქალს მეტად საინტერესო წარსული ჰქონდა. თავის დროზე, სამხატვრო გალერეას ფლობდა ფინიქსში, მაგრამ ავადმყოფობის გამო, იძულებული იყო მკურნალობის კურსი გაევლო: ჯერ კიდევ ბავშვობაში, ძალადობის მსხვერპლი გახდა. 45 წლის ასაკში სწავლა განაახლა, მიიღო ხარისხი ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპევტი გახდა.

რამდენიმე წელი უსასყიდლოდ მუშაობდა არიზონას შტატის ციხეებში სექსუალური ხასიათის დამნაშავეებთან, სასტიკ მოძალადეებთან და პედოფილებთან. მას იმ სპეციალისტის რეპუტაცია ჰქონდა, ვინც ყველაზე რთული შემთხვევებით იყო დაკავებული, მუშაობდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცხოვრებაში ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს.

მიიჩნიეს, რომ სწორედ მისი პაციენტი ვიყავი. მრავალი წლის განმავლობაში გავდიოდი მკურნალობის სხვადასხვა კურსს, მაგრამ ყველა წინა ექიმი ჩემთვის მეტად კონსერვატული აღმოჩნდა. თავდაპირველად მეგონა, რომ მერილინიც იმ თეთრი ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ეგონათ, რომ იოლად მომარჯულებდნენ. დავაპირე კარგი შავი ბიჭის როლი მეთამაშა, რათა ჩემი პიროვნება არ ამოეცნო. მაგრამ არ ვიცოდი, რომ მერილინი თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი იყო. მას ვერ მოატყუებდი, ასეთი ხრიკები მრავლად ჰქონდა ნანახი.

მას, ვისაც ჩემთან ურთიერთობის დალაგება უნდა, ჩემი ყურადღება უნდა დაიმსახუროს, უნდა ჰქონდეს თვისება მრისხანე მხეცის მოსაგერიებლად. მან შეიძლება ყველაფერი ძალიან ტაქტიანად გააკეთოს - ისე, რომ ეს არ იყოს შესამჩნევი შეუიარაღებული თვალისთვის. და მერილინში ეს ყველაფერი იყო.

გარკვეული დროის შემდეგ, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მერილინის მუშაობა ადამიანების დახმარებაში მდგომარეობდა. ზოგიერთებისთვის ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მათთვის რთულია ისეთი ადამიანის წარმოსახვა, რომლის მიზანია - საკუთარი ცხოვრებისეული ენერგია სხვებზე ზრუნვაში დახარჯოს. ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ ასეთ ადამიანებს რაღაც ფარული მოტივები გააჩნიათ. მაგრამ მერილინს მისია ჰქონდა. თავის დროზე, კასმა ასეთი რამ თქვა:

"ბიჭთან ჩემი მუშაობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ადგილი მიეჩინოთ ჯანმრთელ, ძლიერ და საშინელ მამაკაცებს". ზუსტად ასევე, მერილინის სამუშაო მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოებისგან გარიყული ასეთი მამაკაცები უკან მიეღო საზოგადოებას, და როცა ეს მოხდებოდა, მათ წარმატებული ცხოვრება უნდა ჰქონოდათ.

მერილინმა გამაცნო კონცეპცია სახელწოდებით - ცხოვრების სტილისა და ფსიქიკის "ნორმალური საწყისი დონე". ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაღალი საწყისი დონე, მაგრამ მე უიმედო მდგომარეობაში ვიყავი. ჩემი საწყისი დონის ნორმალური მდგომარეობა იყო - სექსი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ძალადობა... კიდევ უფრო მეტი სექსი, ალკოჰოლი და ძალადობა. და სრული ქაოსი.

მერილინს ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე ის იყო, როცა საჩემპიონო ქამარი მოვიგე, კასი კი ჩემს გვერდით აღარ იდგა. უამრავი ფული გამიჩნდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა - რა უნდა მეკეთებინა. და სწორედ მაშინ გამოჩდნენ წურბელები.

მე ვიყავი სუსტი მამაკაცი, რომელსაც არ გააჩნდა საკუთარი ღირსების გრძნობა. გარშემო კი ყველა ამტკიცებდა, რომ ტაისონი დიადი იყო. მერილინს მიაჩნდა, რომ ვერ მოვიშორე დაუწყობელი ცხოვრებისა და ქაოსის შეგრძნება, რომელიც ბავშვობიდან მომყვებოდა, ამიტომაც, ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდებოდა, ისე ვიქცეოდი, რომ აუცილებლად ვაფუჭებდი პოზიტივს.

ასე მაგალითად, ვიქორწინე ექიმზე და ორი შესანიშნავი შვილი მყავდა, მე კი ქაოტური კავშირები მქონდა სტრიპტიზიორ-გამომძალველებთან, ვიღებდი ნარკოტიკებს და უგონო მდგომარეობამდე მივდიოდი. მერილინს უნდოდა დამეძლია მიდრეკილება ქაოსის მიმართ და ნორმალურამდე აემაღლებინა ჩემი საწყისი დონის მდგომარეობა.

ყველაფერი, რასაც ის ლაპარაკობდი, ასი პროცენტი სიმართლე იყო. ვიცოდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან თან დამყვებოდნენ ჩემი ბავშვობის დემონები. მერილინს უნდოდა გარკვეულიყო იმ პატარა ბიჭთან დაკავშირებით, რომელიც ჩემში ცხოვრობდა მთელი ჩემი საკრივო კარიერის განმავლობაში. ამოეცნო ბიჭი, რომელსაც დასცინოდნენ, სასტიკად ეპყრობოდნენ.

მერილინი ჩემთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ფსიქოთერაპევტი. ის ჩემი მასწავლებელი გახდა. მპატიჟებდა ვახშამზე, დამატარებდა კინოში. ერთად ვათვალიერებდით ღირსშესანიშნაობებს. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. მისი გული სავსე იყო სიყვარულით, მზრუნველობით, სულიერი მღელვარებით. ის არ ცდილობდა ჩემით ფულის შოვნას, უბრალოდ, უნდოდა გაეუმჯობესებინა ჩემი მდგომარეობა. არც კი ვიცი, რა დაინახა მან ისეთ გამოუსწრებელ ადამიანში, როგორიც მე ვიყავი.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული