დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
დავიწყეთ იმ ობობის ქსელის დაშლა, რომელიც დონ კინგმა მოქსოვა. კერძოდ, გაურკვეველი სიტუაცია იყო ტელეარხ Showtime-თან დაკავშირებით. დონის ანგარიშებზე აღმოვაჩინეთ "მაიკ ტაისონისთვის განკუთვნილი" უდიდესი თანხები, მაგრამ მე იქიდან ერთი პენიც არ მინახავს.

Showtime ამტკიცებდა, რომ თურმე მათი ვალი დამიგროვდა. ჯეფმა დაურეკა ტელეკომპანიის ბიჭებს, უყვირა მათ და აიძულა კალიფორნიაში ჩამოსვლა ჩვენს იურისტებთან შესახვედრად.

- ბიჭებო, თქვენ დონ კინგზე უარესი დამნაშავეები ყოფილხართ, - უთხრა მათ. - უვარგისი მმართველები ხართ.

ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავდნენ, რომ წლის ბოლოს საკუთარი ბონუსები მიეღოთ. მაგრამ ვერ მივართვით, რადგან
სწორად გვქონდა შედგენილი კონტრაქტი Showtime-თან. მე ნაკლებად ლმობიერი ვიყავი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან. მაგრად დავუდექი. სულაც არ მიმაჩდნენ ასეთ მაგარ მმართველებად. უბრალოდ, დავურეკე მათ და ჯეი ლარკინის (ტელეარხ Showtime-ზე საკრივო თემატიკის პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი) ცემით დავიმუქრე. მათ მიპასუხეს: "თქვენ მოგივათ წერილი ჩვენი ადვოკატისგან".

- თქვენი ადვოკატის დედაც...! - ასეთი იყო ჩემი პასუხი.

დონისა და Showtime-ის გარიგებებში იმდენი ნაგავი აღმოვაჩინეთ, რომ ჯეფმა ამ საკითხზე დეილ კინსელთან - ჰოვარდ ვეიცმანის (ცნობილი ამერიკელი ადვოკატი, აღიარებული სპეციალისტი სისხლის საართლის უფლებების სფეროში) პარტნიორთან დალაპარაკება გადაწყვიტა. დეილი მეტად ცნობილი ადვოკატი იყო, რომელიც სასამართლო პროცესებზე სხვადასხვა მხარეს წარმოადგენდა. მას რამდენჯერმე შევხვდი. დეილმა ის შეხვედრა გაიხსენა, როცა ჩემს შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუ მისცა:

- დონ კინგმა მაიკის მომავალი საგულდაგულოდ დაგეგმა ჯერ კიდევ მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მაიკმა დონს ბევრ სფეროში სრული ნდობა მიანიჭა. და დონმაც შეძლო ყველაფერი ისე მოეწყო, რომ მაიკს არ ჰყოლოდა იურისტები, ფინანსური კონსულტანტები, ბუღალტერები. მე განვუმარტე მაიკს რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტის თანახმად, დონმა მაიკს ჯიბიდან 43.5 მილიონი დოლარი ამოაცალა და თავის ჯიბეში ჩაიდო. და ეს ერთ-ერთია ბევრი ასეთი დოკუმენტიდან.

დიახ, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო.

კარგი ამბავი იყო ის, რომ დეკემბრიდან ფსიქოთერაპევტთან სიარული დავიწყე. მონიკამ გამაცნო დოქტორი რიჩარდ გოლდბერგი - ჯორჯთაუნის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი. თავდაპირველად, არ მქონდა დიდი სურვილი საშუალო ასაკის ებრაელისთვის გული გადამეშალა, მაგრამ შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა და მასთან ვიზიტებისგან ბევრი სარგებელი ვნახე.

გოლდბერგმა დამისვა დიაგნოზი - "დისთიმური აშლილობა" (მცირე დეპრესია - ხასიათის ხანგრძლივი აშლილობა, ყოველდღიური ცხოვრების მიმართ ინტერესის არქონა), რომელიც, ჩვეულებრივ ენაზე ქრონიკულ დეპრესიას ნიშნავს. პირდაპირ მიზანში მოარტყა. დამინიშნა ზოლოფტი (ანტიდეპრესანტ სერტრალინის სავაჭრო დასახელება) და ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე პრობლემების ფონზე, თავი უკეთ ვიგრძენი. რა თქმა უნდა, მის მიერ დანიშნულ პრეპარატებს ჩემსას ვუმატებდი: ნარკოტიკებსს რეგულარულად ვიღებდი.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ზოლოფტმა იმოქმედა ჩემზე და არ მომცა განრისხების საშუალება ერთი სულელური შემთხვევისას, რომელსაც მერილენდის შტატის ღამის რესტორანში ჰქონდა ადგილი. ვაშინგტონში, კლუბ DC Live-ში კარგად გავერთე. კლუბის დახურვის შემდეგ, რესტორანში წავედი ქალთან ერთად, რომელსაც ადორია ერქვა. ის კლუბში VIP-პერსონებთან ურთიერთობაზე იყო პასუხისმგებელი.

თან გვახლდა მისი კოლეგა ქალი და ჯეფრი რობინსონი, რომელიც ჩემი მეგობარიც იყო და ადორიასიც. რესტორანში დილის ხუთი საათისთვის მივედით და მაგიდას მივუსხედით. ცოტა ხანში, თავის "პირად მცველებთან" და 30 წელს გადაცილებულ ორ შავკანიან ქალთან ერთად მოვიდა მაიკლ კოლიარი - იუმორისტი. ის კლუბში გავიცანით. მათ ჩვენთან დაჯდომა მოინდომეს, ამიტომაც მენეჯერმა ყველანი მთავარ დარბაზში დიდ მაგიდასთან გადაგვიყვანა.

ეს ქალები თავიდანვე გამომწვევად იქცეოდნენ. ამიტომაც ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია. ამასობაში, ჩვენს მაგიდას ლამაზი ახალგაზრდა ევროპელი ქალი მოუახლოვდა და ჩემთან ფოტოს გადაღება ითხოვა. სწორედ ამ დროს, წითელ კაბაში გამოწყობილმა შავკანიანმა ქალმა ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო.

- იმედია, სიამოვნებას მიიღებთ მაიკ ტაისონთან - ცნობილ ნეხვთან ურთიერთობით, - თქვა მან.
ამასობაში, სიმპატიური ევროპელი გადამეხვია და პოზირება დაიწყო.
- ჩემი საკუთარი დები არ გამოხატავენ ასე სიყვარულს, როგორც ეს ქალი, - ვუთხარი ადორიას.

ქალი წითელ კაბაში განრისხდა ამ სიტყვების გამო.
- არ უნდა შეაქო თეთრი ქალები და არ უნდა ლანძღო შავები ორი შავი ქალის თანდასწრებით, - წამოიძახა მან.
- დიახ, არ არის სწორი უპატივცემულობის გამოჩენა შავი ქალების მიმართ იმ დროს, როცა თეთრ ძუკნას ეფერები! - დაამატა მისმა მეგობარმა, რომელსაც შავი კაბა ეცვა.

ვცდილობდი ისევ არ მიმექცია ყურადღება, მაგრამ წითელკაბიანი აგრძელებდა ლანძღვას:
- შენ არაფერი ხარ, ცარიელი ადგილი. არა, უარესი. უბრალოდ, ზანგი გეტოდან, რომელმაც ცოტა ფული იშოვნა, - თქვა მან. - მე გამოსასწორებელი დაწესებულების თანამშრომელი ვარ და ჩემს ციხეში რომ მოხვედრილიყავი, შავი დღე დაგადგებოდა.
- წადი, შენი დედაც, ძუკნა! - აღარ შემეძლო მისი შეურაცხყოფის მოსმენა. ისინი მთელს კაიფს მიფუჭებდნენ.

ადორია წამოდგა და უბრძანა იუმორისტს თავისი ძუკნები რესტორნიდან გაეყვანა. მან წითელკაბიანი კარისკენ წაიყვანა, მაგრამ ის აგრძელებდა სიბინძურეების ლაპარაკს:
- ზანგო, არაფერზე უარესი ხარ! ნულიც არ ხარ, ცარიელი ადგილიც კი!
- მართლა? ერთი თეთრი მეძავი მირჩევნია ათ შენისთანა ნათრევ შავ ძუკნას, - ვუპასუხე მე.

ამის შემდეგ, ის საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან. მეზობელი მაგიდიდან ყავის ჭიქას სტაცა ხელი და მესროლა. ჩემი ზოლიანი პერანგი გამოუსადეგარი გახდა. წამოვხტი და შემთხვევით გადავაყირავე მაგიდის სექცია. ჭიქები და თეფშები ძირს დაიყარა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ჯეფრის ჩემი შეკავება დასჭირდა.

ფული მაგიდაზე დავყარე და გარეთ გამოვედით. მოგვიანებით გავიგე, რომ იუმორისტი და მისი ქალები უკან მიბრუნდნენ, მაგიდასთან დასხდნენ და მთელი საათი ჩემს ხარჯზე იქეიფეს, თან დამცინოდნენ. როცა ბიჭმა მეზობელი მაგიდიდან მომხდარის შესახებ იკითხა, ქალმა უპასუხა: "ტაისონს უზრდელი ნაბიჭვარი ვუწოდე. ვერ მოვითმენ, უპატივცემულობა გამოიჩინოს შავკანიანი ქალების მიმართ. არ მომეწონა ის, რომ ტაისონი ელაპარაკებოდა და უცინოდა ამ თეთრებს, როცა მაგიდასთან მისი დები ისხდნენ".

ვიცოდი ამ სცენის შესახებ, ამიტომაც, როცა იმ ღამით შინ დავბრუნდი, ჯეფ ვალდს დავურეკე, ის კი რესტორნის მფლობელს შეეხმიანა, იპოვნა საჭირო კლიენტები და რესტორნის თანამშრომლები და მათგან აუცილებელი ჩვენებები აიღო. ამ ორ ბოზს უნდოდა ჩემი წყობიდან გამოყვანა და პროვოცირება იმისთვის, რომ შემდეგ სასამართლოში ეჩივლათ. ჩანაფიქრი არ გამოუვიდათ, მაგრამ მაინც არ გაჩერდნენ.

მათი ადვოკატი დაუკავშირდა ჩემს ადვოკატს და 20 მილიონი დოლარი მოითხოვა. ცხრა დღის შემდეგ, ამ ორმა ქალბატონმა ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 7.5 მილიონ დოლარზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა სექსზე უარი მითხრა. სარჩელში ჩამოთვლილი იყო: სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა, რესტორნის ინვენტარის მსხვრევა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მორალური ზარალი. ისინი იმდენად იყვნენ ტრავმირებულნი, რომ არ შეეძლოთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ურთიერთობა. მათ ნაცვლად ეს მათმა ადვოკატმა გააკეთა:

- ეს ქალები იძულებულნი იყვნენ გაევლოთ ეს საშინელი გამოცდა, ისინი შეურაცხყვეს უამრავი ადამიანის თვალწინ.

მან ოდნავ შეცვალა ტონი, როცა იმ ჩვენებებს გეცნო, რომელიც ჩვენ მოწმეებს ჩამოვართვით. წლის ბოლოს, საკითხის მოსაგვარებლად 2 მილიონი მოითხოვეს, შემდეგ ფასი 850 ათასამდე დაწიეს. საბოლოოდ, წითელკაბიანს 75 ათასი გადავუხადეთ, მის მეგობარს - 50 ათასი. ჩვენ უნდა მოგვეგვარებინა ეს საქმე. ჩემი სახელი ისედაც ლაფში იყო გასვრილი; მე ვიყავი ქედმაღალი ზანგი, რომელიც არავის მოსწონდა, განსაკუთრებით საშუალო კლასის წარმომადგენლებს. ეს ჩემთვის რთული პერიოდი იყო. დარწმუნებული ვიყავი - თუ ვინმე სიცოცხლეს გამომასალმებდა, მას არ გაასამართლებდნენ და თავისუფალს დატოვებდნენ.

თებერვლის ბოლოს განვაახლე მმართველი გუნდი. მრჩევლებად დავიქირავე ჯეფ ვალდი, ირვინგ აზოვი და შელი ფინკელი, ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც, თავის დროზე, ევანდერ ჰოლიფილდის მენეჯერი იყო. მათ ერთმანეთში გაინაწილეს მენეჯერის სტანდარტული ხელფასი 20 პროცენტის ოდენობით.

გაცილებით მეტი თანხა უნდა გამომემუშავებინა, რადგან დონ კინგის კონტრაქტების გადახედვისას, აღმოვაჩინეთ, რომ კუთვნილი ჰონორარების გარდა, ის აგრეთვე იღებდა ჩემი პირადი თანხის 30 პროცენტს, რაც უკანონო იყო. ჰოლიფილდთან ბრძოლისთვის 30 მილიონი უნდა მიმეღო, მაგრამ მხოლოდ 15 მილიონი მერგო, რადგან 9 მილიონი დონმა წაიღო, ჯონმა და რორიმ კი 6 მილიონი გაინაწილეს. გარდა ამისა, დონმა 30 პროცენტი მიითვისა ბონუსებიდან, რომელიც ტელეარხმა Showtime-მა და გასართობმა კომპლექსმა MGM Grand-მა გაიღეს

სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. კინგი იღებდა სრულ მოგებას უცხოური ტელეარხებისგან. როცა ის ჩემი სახელით აფორმებდა კონტრაქტს MGM Grand-თან, კომპლექსის ხელმძღვანელობისგან მიიღო 15-მილიონიანი კრედიტი MGM Grand-ის აქციების შესაძენად. ხელშეკრულების ამოწურვის მომენტში, ამ აქციების ფასი, როგორც მინიმუმ, უნდა გაორმაგებულიყო. მე არასოდეს მინახავს ეს 15 მილიონი.

დონს ასევე უკანონო გარიგებები ჰქონდა Showtime-ის მენეჯერებთან, რომლებიც განიხილავდნენ ჩემს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ასე მაგალითად, მათ დონს გადაუხადეს თანხა ზოგიერთი შოუ-პროგრამის რეკლამაში ჩემი სახელის გამოყენების სანაცვლოდ. მე ამაში მონაწილეობა არ მიმიღია. აგრეთვე, Showtime-თან გარიგება დონს საშუალებას აძლევდა ფინანსური დოკუმენტები შეემოწმებინათ, მე კი ასეთი უფლება არ მქონდა.

თითქოს საკმარისი არ იყო ჩემთვის ამ თანხების მოპარვა, დონი ყველანაირ წვრილმან საბაბს იყენებდა ჩემთვის დამატებითი ფინანსური ტვირთის ასაკიდებლად. ის უზარმაზარ ჰონორარებს უხდიდა სხვა მოკრივეებს ჩემი საკრედიტო ბარათებიდან და ეს ფული ჩემი ჯიბიდან გადიოდა. ამგვარი გზით გადაუხადა მან კონსულტაციისთვის 100 ათასი დოლარი თავის მეუღლეს და 50 ათასი - თავის ორ შვილს.

დონის ქალიშვილმა წელიწადში 52 ათასი დოლარი მიიღო იმისთვის, რომ მაიკ ტაისონის თაყვანისმცემელთა კლუბის პრეზიდენტი იყო, არადა, ასეთი კლუბი არ არსებობდა. "პრეზიდენტს" თავიც კი არ შეუწუხებია იმისთვის, რომ მითიურ კლუბში მოსული წერილები გაეხსნა და წაეკითხა.

უზარმაზარი ჰონორარები უნდა გადამეხადა იმ სამუშაოებში, რომელიც თითქოს ოჰაიოში ჩემს სახლში მიმდინარეობდა. მომდიოდა ანგარიშები მზარეულისა და იურისტის სამსახურზე, აუზის მოვლაზე. გარდა ამისა, კინგმა წარმომიდგინა 2 მილიონი დოლარის ანგარიში რადოკთან მომავალი ბრძოლის რეკლამაზე უფლების მოსაპოვებლად. ყველა ჩემი მგზავრობის ორგანიზატორი იყო ტურისტული სააგენტო, რომელიც დონის ცოლს ეკუთვნოდა. ამ სამსახურის საფასური არარეალურად ძვირი იყო. და კიდევ, სამჯერ ძვირს ვიხდიდი ჩემი პირსახოცებისთვის.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ikneb mal male dadot xolme gagrdzelebebi
Koko
17:11 11-02-2016
0
როგორც იქნა დადეთ!!!
0

სიახლეები პოპულარული