დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ბევრი კამათი იყო ბრძოლის ვადაზე ადრე დასრულების გამო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რადოკისთვის მატჩ-რევანშის შანსი მიგვეცა. მანჰეტენში დონის ოფისს ვესტუმრეთ მეორე ბრძოლის დეტალებზე სამუშაოდ.

დონი რორისთან და ჯონთან ერთად ზემოთ იყო, მე ქვედა სართულზე ენტონისთან ერთად ვიყავი, თან დონის მდივანთან ვსაუბრობდი. მასთან მცირე რომანი მქონდა. უცებ კევინ ალი გამოჩნდა. ის კარგი მუსულმანი ძმა იყო, მაგრამ ასეთებს აქვთ ჩვევა - გამოავლინონ საკუთარი მუსულმანური შეხედულება ყველგან: ჩხუბში, სადილობისას, ყველა სიტუაციაში. მაშ ასე, კევინმა შემომხედა და თქვა:

"ოჰო, ბრწყინვალე ჩემპიონი! დიადი ბრძოლა იყო! ნება მომეცი,
გამოვხატო ჩემი პატივისცემა. შენ ნამდვილი მეომარი ხარ". შემდეგ ენტონიზე მიმითითა და დაამატა: "მაგრამ ამას მოვკლავ".

- ეი, მეგობარო, მე შენ წინ ვარ, - თქვა ენტონიმ. - ნაბიჭვარო, არ გჭირდება ვინმეს დახმარებით შეტყობინებების გამოგზავნა. თუ რამე გაქვს სათქმელი, პირდაპირ ახლა მითხარი.

- ეს გარდაუვალია და მოგვიწევს ამის გავლა. ბოლომდე! შეგვიძლია ეს პირდაპირ აქ, ახლა გავაკეთოთ, - განაცხადა კევინმა.

- ეს უბრალოდ სამუშაო იყო, ყველაფერი დამთავრებულია, მოდი, დავხუროთ ეს საკითხი, - ვცადე სიტუაციის განმუხტვა.

- არა, ჩემპიონო, არ შემიძლია ეს ასე უბრალოდ დავტოვო. მე ეს უნდა გავაკეთო, - მიპასუხა ალიმ.

ძირს დადო თავისი "დიპლომატი" და პალტო და უცებ დარტყმის ხმა გაისმა. ენტონიმ მთელი ძალით გლიჯა. კიბეზე ჩხუბობდნენ, დონთან სახლში კი კიბეს წვრილი კედელი ჰყოფს. ამიტომაც არ დამინახავს - როგორ ჩამოგორდა კევინი ქვემოთ, სამაგიეროდ, თითოეულ საფეხურზე დაცემის ხმა მესმოდა.

შემდეგ წამოხტა, უკან კიბეზე ავარდა და ისევ ქვემოთ ჩამოცვივდნენ. სწორედ ამ დროს, ოფისში გრეგი შემოვიდა. ის პირდაპირ ბოთლიდან სვამდა ვისკის. და როცა ენტონისა და კევინის ჩხუბი დაინახა, არ დაფიქრებულა, ისე ჩაარტყა ბოთლი თავში კევინს. ალი დაეცა, გრეგმა კი მისი ჯიბეების ჩხრეკა დაიწყო.

- არა, გრეგ, ახლა არ გვჭირდება ეს ნაგავი, - ვთქვი მე. - ფული გჭირდება, ზანგო? არ შეიძლება ამ ნაბიჭვრების გაქურდვა.

ხმაურით შეწუხებული დონი, ჯონი და რორი ქვემოთ ჩამოვიდნენ ამბის გასაგებად. ალი წამოდგა და მტკიცება დაიწყო, რომ ენტონიმ მოტყუებით დაარტყა.

- სისულელეს ამბობს! - წამოვიძახე მე. - ენტონი ისვენებდა, არაფერს ჩაუდენია, ეს ნაბიჭვარი მოვიდა და გვემუქრებოდა. ენტონი, უბრალოდ, თავს იცავდა.

დონმა კევინ ალი ოფისიდან გააგდო და მან სახლის წინ, ქუჩაში სიარული დაიწყო. ოფისიდან გამოვედით, ალი კი ჯერ ისევ იქ რჩებოდა. იმ დროს ჩვენი მძღოლი იყო კაპიტანი ჯო, "ისლამის ერის" (შავკანიანთა რელიგიური და ნაციონალისტური ორგანიზაცია აშშ-ში. დაარსდა 1930 წელს დეტროიტში უოლეს ფარდ მუჰამედის მიერ. ორგანიზაციას ნაციონალური და რასისტული მიდრეკილება ჰქონდა, რომელიც ეფუძნებოდა თეთრებთან და ამერიკის სახელმწიფოსთან დაპირისპირებას) ერთ-ერთი დამაარსებელი. ის იცნობდა ალისა და მის ტყუპისცალს. ალის ჩხუბის გაგრძელება სურდა, მაგრამ შევახსენე მას, რომ რამადანის მუსულმანური თვე იყო, ანუ მშვიდობისა და სიმშვიდის ჟამი.

- მაიკ, ეს კაცური საქმეა, - თქვა კაპიტანმა ჯომ. - მას არ შეუძლია რამადანის თვეში მშვიდად ცხოვრება იქამდე, სანამ საკუთარ თავში არ იგრძნობს მშვიდობას. ის უნდა გაერკვეს ამაში.

- იჩხუბებ? - ჰკითხა ალიმ ენტონის.
- კი! შენ ხომ თავად თქვი: ბოლომდე.

ისინი ტროტუარზე გავიდნენ და მოემზადნენ, როგორც მებრძოლი რობოტები ვიდეოთამაშიდან - Rock’ Em Sock’ Em. ენტონიმ ალი ძლიერი დარტყმით წააქცია, შემდეგ კი ფეხბურთელივით თავში ორჯერ მოარტყა ფეხი. ამის გაკეთებას მესამედაც აპირებდა, როცა რორიმ გააჩერა:

- მოკლავ, მეგობარო!
- მაგრამ ეს ხომ მისი იდეაა! - შეეპასუხა ენტონი. - მან თავად თქვა: "ბოლომდე!"
გეგმაში გვქონდა კინოში წასვლა. ენტონიმ კევინს გადააბიჯა, მანქანაში ჩავსხედით და იქაურობა დავტოვეთ.

ამ დროს ოფისთან ლეგენდარული მწვრთნელი ელ ბრავერმანი მოვიდა, რომელიც დონის თანაშემწედ მუშაობდა. დაინახა უგონო მდგომარეობაში მყოფი ალი, ოფისში შეირბინა, ქაღალდის პირსახოცები და წყალი მოიტანა, ალი გრძნობაზე მოიყვანა. შემდეგ "სასწრაფო" მოვიდა. ამით ყველაფერი დამთავრდა.

მატჩ-რევანში 28 ივნისისთვის დაინიშნა. გარკვეული დრო მრჩებოდა საწვრთნელი ბანაკის დაწყებამდე, ამიტომაც ჩემი შავი "ლამბორგინი დიაბლოთი" ნიუ იორკიდან ოჰაიოში გავემგზავრე და რამდენიმე ღირსშესანიშნაობას ვეწვიე. შემდეგ ვარჯიშებისთვის ლას ვეგასში დავბრუნდი. რიჩიმ მკაცრი რეჟიმი განსაზღვრა, რომელიც საღამოს შვიდი საათიდან კომენდანტის საათს ითვალისწინებდა.

ამ გზით უნდა დამესვენა დილის 5 საათზე ექვსი მილის გარბენის შემდეგ. მოწყენილობა იყო. ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს, მულტფილმებს ვუყურებდი. ხანდახან ჩემთან ოთახში დონ კინგი შემოვარდებოდა ხოლმე.

- ეშმაკმა დალახვროს, მაიკ, იქნებ სხვა რამესაც უყურო ამ მულტფილმების გარდა! - ამბობდა ის და მორიგ დოკუმენტურ ფილმს რთავდა ნაცისტურ გერმანიაზე. შეშლილი იყო ნაცისტებზე. ყველგან ჰყავდა ჰიტლერი. დონს მიაჩნდა, რომ ებრაელები - გერმანიის ზანგები იყვნენ და რომ ფაშიზმი შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს, ამიტომაც საჭიროა ისტორიისგან გაკვეთილების მიღება.

ბანაკში ახალი შეფ-მზარეული გვყავდა. წინა მზარეული - ერლი, რომელიც ჩვენთან დიდი ხანი მუშაობდა, დონმა გაათავისუფლა იმ მიზეზით, თითქოს ხორცს იპარავდა. ეს სრულ სისულელედ მეჩვენა. ჩემმა ერთ-ერთმა პირადმა მცველმა რუდი გონსალესმა რამდენიმე წლის შემდეგ, ირლის ნათესავთან საუბარში აღიარა, რომ დონმა შეფ-მზარეული იმის გამო გაუშვა, რომ ჩემს საკვებში "ჯადოსნური ფხვნილის" ჩამატებაზე უარი თქვა.

ის ამტკიცებდა, რომ ჯონ ჰორნმა მისცა ერლის რაღაც ფხვნილი, ვითომდა "ვიტამინები ამტანობისთვის", რის მიღებაზეც კატეგორიულ უარს ვაცხადებდი. ერლიმ შეისწავლა ეს ფხვნილი და მასში იპოვა ნარინჯისფერი კაფსულა. გაირკვა, რომ ეს იყო "ტორაზინის" აბები. ვფიქრობ, დონს ისე ეშინოდა მაიკ ტაისონის, რომ დაუკითხავად ცდილობდა ჩემ მკურნალობას.

რიჩის მიერ შემუშავებული რეჟიმი ჭკუიდან მშლიდა. ერთხელ, ღამით, რუდი გავაღვიძე, ჩუმად მივაღწიეთ ჩემს "ფერარიმდე" და ლოს ანჯელესში წავედით, სადაც ჩემთვის სექსის საღამო უნდა მოეწყოთ. რუდი საათში 190 მილი სიჩქარით მიქროდა და ლოს ანჯელესში ორსაათნახევარში ჩავედით. ამ პრაქტიკამ რეგულარული სახე მიიღო, შესაბამისად, ეს ყველაფერი სპორტდარბაზში აისახა - ძილისთვის ხომ მხოლოდ ორი საათი მრჩებოდა. ჯაკეტის წარმოდგენა არ ჰქონდა - რატომ გამოვიყურებოდი ასე არადამაჯერებლად, სანამ არ გამოგვიჭირა. მან შეამჩნია, რომ "ფერარიზე" მაყუჩის მილები გადახურებისგან წითელი იყო. ამის შემდეგ რუდის უბრძანეს, ყველა კარზე სიგნალიზაცია დაეყენებინა, რომ ღამით არსად გავპარულიყავი.

ერთ ღამეს რუდის ხმაურისგან გაეღვიძა. ადგა, შუქი აანთო, გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ეკლიან ბუჩქებში ვიყავი გახლართული. მეორე სართულის ფანჯრიდან გადავხტი და სახლიდან გაპარვას ვცდილობდი. ჩემი გეგმა იყო "ფერარის" ქუჩაში გაგორება და შემდეგ ლოს ანჯელესში წასვლა.

მთელი ცხოვრება ვცდილობდი თავისუფლების მოპოვებას - გართობის მიზნით. უნდა მეთქვა: "წადით ყველანი, თქვენი დედაც, მე მივდივარ!" მაგრამ, ამის ნაცვლად, ჩუმად მივიპარებოდი გასასვლელისკენ. ლას ვეგასში ჩემს საყვარელ რესტორანში, "ნიკი ბლერში" დროს ვატარებდი, გოგონების გარემოცვაში თაყვანისმცემლებს ვესალმებოდი. და უცებ გამოჩნდა დონი და ღრიალით მეცა:

- ჯანდაბა, აქ რას აკეთებ, მაიკ? ჩვენ ხომ ბრძოლა გვაქვს წინ!
- ბოდიში, დონ, - ვუპასუხე მე. - დიდად მადლიერი დაგრჩები, თუ აქედან წახვალ. სხვათა შორის, გოგონებო, გაიცანით - ეს არის დონ კინგი!

რადოკთან ბრძოლის წინ ორივემ მივიღეთ მონაწილეობა ტელეარხ Showtime-ის გადაღებაში. შავი სათვალით ვიყავი და საკმაოდ მკაცრად გამოვიყურებოდი.

- ჩემს გოგონად გაქცევ, - ვუთხარი რადოკს.
- არ ვაპირებ შენს დონეზე დაშვებას, - მიპასუხა მან.
- შეეცადე, წესიერად მაკოცო შენი მსხვილი ტუჩებით, - ვაგრძელებდი მე.

ჩემი საქციელი საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ მაგარ ბიჭთან მქონდა საქმე, თან ტესტოსტერონით იყო გაჭყეპილი. ჩემთვის საჭირო იყო მის ფსიქიკაზე ზემოქმედება. ეს კასის ტაქტიკა იყო - მეტოქის სულზე კონტროლის დაწესება.

ლოს ანჯელესში იმის გამოც ვმგზავრობდი, რომ ჩემმა მეგობარმა კევინ სოიერმა, რომელსაც პეიჯერების მაღაზია ჰქონდა, შეტყობინება გამომიგზავნა: მასთან გოგონების რიგი დადგა, რომლებსაც ჩვენთან შეხვედრა სურდათ. მას ბევრი გოგო ჰყავდა, ჩვენ ნომერს ვუკვეთავდით და ორგიებს ვაწყობდით.

მომწონდა კევინთან ერთად გართობა. იმ დროს გოგონებთან უხეში და გაუმაძღარი ვიყავი. ამიტომაც, ჩვეულებრივ, კევინი აფრთხილებდა მათ: "სინამდვილეში, მაიკი კარგი ბიჭია. უბრალოდ, აღზრდა დააკლდა. მასზე ბავშვობაში არ ზრუნავდნენ, ამიტომაც ადამიანების მიმართ ნდობის მხრივ პრობლემები აქვს". და ეს სისულელე მუშაობდა.

მე მათ მეძავებს ვუწოდებდი, ისინი კი მპასუხობდნენ: "როგორ მესმის შენი! ჩემმა მშობლებმაც უარი თქვეს ჩემზე".

დონ კინგი და რორი ბრაზს ვერ მალავდნენ, როცა ჩემს პეიჯერზე შეტყობინება მოდიოდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩემი პეიჯერი საყინულეში შეაგდეს და კევინის მოკვლით დაიმუქრნენ.

ჩემი მეორე ბრძოლა რადოკთან მთელი ეპოპეა იყო. ის რინგზე ათი ფუნტით (4.5 კგ) უფრო მძიმე გამოვიდა. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 35 ფუნტი (15.8 კგ) დავიკელი. ყოველგვარი კონტროლი დავკარგე ამ საკითხზე ჩემი გაუთავებელი ქეიფების გამო. ლოს ანჯელესში "როსკოს" რესტორანში ვიპარებოდი, შემწვარი ქათამი რომ მეჭამა. ასე რომ, იძულებული გავხდი, ცხიმის დაწვის ტაბლეტებისთვის მიმემართა. ვვარჯიშობდი დილით, დღისით და ღამით.

მეორე და მეოთხე რაუნდებში რადოკი ნოკდაუნში გავუშვი, რამდენჯერმე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მოვუღე ბოლო, რადგან გადამჭრელი მოქმედება მაკლდა. მას ძლიერი დარტყმები გამოსდიოდა, მაგრამ კონცენტრირებული ვიყავი.

ორივეს ჩამოგვაკლეს ქულები გონგის შემდეგ დარტყმის გამო, მერე კიდევ ორი ქულა წამართვეს მუცლის ქვემოთ დარტყმისთვის. ეს ომი იყო. მაგრამ მაინც იოლად მოვიგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული