მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს ხუთი ქართველი შემორჩა

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაალ კვაჭაძე
საქართველოს რვა წარმომადგენელი (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური, მწვრთნელები - ზურაბ გუნია და ლაშა დუნდუა) ჩაება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ბულგარეთის ქალაქი სამოკოვო მასპინძლობს.

ოთხდღიანი ასპარეზობის შემდეგ ჩვენებურთაგან რინგს ხუთი სპორტსმენი შემორჩა.

ტურნირი კარგად დაიწყო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ. 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოკრივემ სტარტზე ლიტველ ტომას პივორუნს სძლია - 3:0 და მერვედფინალში გავიდა. 10 აგვისტოს მისი მეტოქე იყო სლოვენიელი ანდრეი ბაკოვიჩი, რომელმაც პირველ შეხვედრაში ხორვატ პოლ ვრგოკს აჯობა - 2:1. კვაჭატაძის უპირატესობა ამჯერადაც
აშკარა იყო და ზაალმა 3:0 გაიმარჯვა.

12 აგვისტოს მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე სომეხ არმან ჰოვიკიანს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ბერძენი პავლოს ცაგრაკოსი და პირველ ნომრად განთესილი თურქი ოსმან აიდინი ჩამოიშორა გზიდან.

მეოთხედფინალში იასპარეზებს ასევე 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91). იგი პირველ წრეში ისვენებდა. მერვედფინალში იოლად მოუგო ლიტველ მანტას ვალავისიუჩს - 3:0. მძიმე წონაში ამ ჩემპიონატის რეიტინგფავორიტია ხორვატი ფილიპ ჰრგოვიჩი. სტარტზე მან ირლანდიელი თომას გარდინერი დაჯაბნა.

12 აგვისტოს სწორედ ბახტიძე და ჰრგოვიჩი გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. მათ შორის უძლიერესი ბრინჯაოს მედალს დაიბევებს.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ სეხნიაშვილმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკდაუნით დაამარცხა კვიპროსელი იოანის კოკინოსი.

ქართველი სპორტსმენი 11 აგვისტოს მეორე წრეში ირლანდიელ ჯოზეფ ვერდის გაუწევს მეტოქეობას. ირლანდიელმა სტარტზე რუსი იდრის შახმანოვი გაისტუმრა მაყურებლებში.

ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) პირველი პაექრობა ელმოგ ბრიგას (ისრაელი) მოუგო 3:0, მეორე ბრძოლა 11 აგვისტოს სლოვაკი მიხალ ზატორსკის მძლეველ (2:1) სომეხ რობერტ ჰარუთინიანთან ექნება.

პირველი წრე იოლად გადალახა 69 კილოში გელა აბაშიძემაც - სტარტზე მიხაელ გუნისბერგერი (ავსტრია) დაჯაბნა - 3:0. მეორე ორთაბრძოლას ისიც დღეს, 11 აგვისტოს გამართავს. მეოთხედფინალში გასასვლელად მასპინძელ სიმეონ ჩამოვს შეხვდება. ბულგარელმა ბოსნიელ აჰმედ ჯანანოვიჩს მოუგო - 3:0.

91 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან გულედანმა სტარტზე ხორვატი მარკო კალიჩი ჩამოიშორა გზიდან, გუშინ კი გერმანელ რომან ფრესის ვეღარ გაუმკლავდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წინა დღეებში მისი ბედი გაიზიარეს მიხეილ კაზანჯიანმა და ირაკლი მელიქიშვილმა. 49 კილოში კაზანჯიანი რუფატ ჰუსეინოვთან (აზერბაიჯანი) დამარცხდა, მელიქიშვილი (64) კი დაძაბულ პაექრობაში ბელორუს იაუჰენ დაუჰალიავეცს დანებდა - 1:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორი გამოთქმაა დანებდა, რადგან დანებება ნიშნავს რომ მოკრივე ბრძოლის გაგრძელებაზე უარს აცხადებს. რაც საერთოდ ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ბრძოლები ვადამდე მთავრდება ნოკაუტით, დაზიანების შედეგად (ექიმი ხსნის) სეკუნდანტის უარის გამო ან მსაჯი წყვეტს ერთერთის აშკარა უპირატესობი გამო, კიდე დისკვალიფიკაციის გამო (არასწორი დარტყმა და სხვა). ასე რომ როცა 2:1 აგებ ეგ არ ნიშნავს დანებებას.
aleqsandre
21:51 11-08-2015
0

სიახლეები პოპულარული