ანდრე უორდი სუპერჩემპიონია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე კალიფორნიის შტატის ქალაქ ონტარიოში გათამაშდა WBA-ის სუპერჩემპიონის ტიტული მეორე საშუალო წონაში (76.2 კგ). ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ტრიუმფალურად დაბრუნდა რინგზე საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგის მეორე ნომერი, ამერიკელი ანდრე უორდი (27-0, 14KO), რომელიც დომინიკელ ედვინ როდრიგესს (24-1, 16KO) ხვდებოდა.

როდრიგესმა პირველივე რაუნდიდან სცადა თავისი მეტსახელის (La bomba) გამართლება და ძლიერი დარტყმებით დაიწყო მოქმედება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან ანდრე დაცვაში კარგად მუშაობდა.

საერთო ჯამში, თორმეტივე რაუნდი ერთი სცენარით წარიმართა: უორდი კარგად იყენებდა მარჯვენა ხელს, რამაც ედვინს ბევრი პრობლემა შეუქმნა. თუმცა ამერიკელი მხოლოდ
ჯებით არ შემოიფარგლებოდა და მის არსენალში იყო მარცხენა გვერდითი დარტყმა, რომელმაც არაერთხელ შეაზანზარა მისი მოწინააღდეგე.

მეოთხე რაუნდამდე როდრიგესი აწუხებდა ჩემპიონს ძლიერი დარტყმებით და იმის იმედი ჰქონდა, რომ ამერიკელი რომელიმეს გაატარებდა, თუმცა, შემდეგ, დომინიკელი ამასაც ვეღარ ახერხებდა და მორჩილად იღებდა უორდის დარტყებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრძოლა საკმაოდ "ბინძური" გამოვიდა, რაზეც მეტყველებს მეოთხე რაუნდში მოკრივეებისთვის ჩამორთმეული ორ-ორი ქულა. ეს იმ დროს მოხდა, როცა რეფერიმ მებრძოლების დაშორება გადაწყვიტა, მათ კი ჩხუბი გააგრძელეს და რამდენიმე დარტყმა რეფერისაც მოხვდა.

რომ არა როდრიგესის "ქვასავით" ყბა, ბრძოლა უფრო ადრე დასრულდებოდა. ედვინი უპრობლემოდ უძლებდა ყველა დარტყმას, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე არ უმოქმედია. უორდის საკრივო გაკვეთილი მსაჯებმა ასე შეაფასეს - 118:106, 117:107, 116:108 ჩემპიონის სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული