ფლოიდ მეივეზერი ციხიდან გამოსულა

AutoSharing Option
ცნობილი ამერიკელი პრომოუტერი ბობ არუმი 33 წლის ფილიპინელ ჩემპიონს, მენი პაკიაოს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრძოლა პაკიაოსა და ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს შორის 2013 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ფილიპინებიდან ამერიკაში დაბრუნებულმა პრომოუტერმა ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა. მან მენისთან განიხილა "საუკუნის ბრძოლად" მონათლული შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივა და ამასთან დაკავშირებით შემდეგი თქვა: "ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მომავალი წლის აპრილთან დაკავშირებით".

არუმი დარწმუნებულია, რომ ბრძოლიდან შემოსული თანხის გაყოფა, რაც წინა მოლაპარაკებების დროს მთავარი საკამათო საკითხი იყო, შეიძლება იოლად გადაიჭრას. "ვიცი, როგორ გადავწყვიტო ეს საკითხი
მეივეზერის გუნდთან და შევთავაზო მათ საუკეთესო გარიგება", - განაცხადა არუმმა.

ბრძოლის ორგანიზების პროცესში არუმს მოლაპარაკებები ექნება მეივეზერის ახალ წარმომადგენელთან, რეპმომღერალ 50 Cent-თან. არუმის აზრით, ეს მხოლოდ დადებითი მომენტია. "იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ნამდვილი ბიზნესმენია, ყოვეგვარი დაფარული მოტივითა და ფანდით, რაც სხვებს ახასიათებთ ხოლმე, - თქვა არუმმა. - ვფიქრობ, შევძლებთ მოლაპარაკებას".

"სხვებში" არუმი გულისხმობდა კომპანია Golden boy-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ მეივეზერის ბოლო ბრძოლებს. Golden boy-ს დამაარსებელმა, ლეგენდარულმა ოსკარ დე ლა ჰოიამ, როგორც კი გაიგო, რომ 50 Cent საკრივო პრომოუტერი გახდა, ეჭვი გამოთქვა ამ წამოწყების პერსპექტიულობაზე, რის შემდეგაც მომღერლისგან საკმაოდ უხეში და შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო.

ორი დღის წინ ფლოიდ მეივეზერმა მოულოდნელად დადებითად ილაპარაკა თავის პოტენციურ მეტოქეზე. "ვფიქრობ, პაკიაო - ბრწყინვალე მოკრივეა. იმედია, ჩვენ შევძლებთ მომავალში ამ ბრძოლის ორგანიზებას", - თქვა მეივეზერმა.

პაკიაოს მრჩეველი მაიკლ კონცი, რომელიც კარგ ურთიერთობაშია მეივეზერთან, მალე გაემგზავრება ამერიკაში - ესეც კარგი ნიშანია იმისა, რომ ჩატარდეს ბრძოლა, რომელიც შეიძლება ყველაზე მასშტაბური და შემოსავლიანი გახდეს მსოფლიო კრივის ისტორიაში.

დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ 35 წლის ფლოიდ მეივეზერი რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს ციხიდან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული