სუპერმძიმე ამბები: კლიჩკოს ოცნება და აზარტული ჰეი

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, დარწმუნებულია ბრიტანელი ჯოშუას წინააღმდეგ გამარჯვებაში და ჯერ არ ფიქრობს სპორტული კარიერის დასრულებაზე.

"პენსიაში გასვლა? არ ვიცი, ეს როდის იქნება. შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს ეს, მაგალითად, როცა ვიგრძნობ, რომ მოტივაცია არ მყოფნის.

დღემდე ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფები. დღეს, ჯოშუა საუკეთესო მძიმეწონოსანია მსოფლიოში - ახალგაზრდა, ამბიციური, ტიტულის მფლობელი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მის ტერიტორიაზე გაიმართება.

2016 წელი რთული იყო ჩემთვის. მინდოდა დამებრუნებინა ჩემი
საჩემპიონო ქამრები და შური მეძია ფიურისთვის დამარცხების გამო, მაგრამ ის ორჯერ გაექცა ჩემთან შეხვედრას. პირველად, 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, ერთხელაც არ გავედი რინგზე, სამაგიეროდ, დრო მქონდა ანალიზისთვის და აღდგენისთვის.

მომავალი ბრძოლა ჯოშუასთან - ეს არის მიზანი, რომლითაც ვცხოვრობ. მინდა მესამედ გავხდე ჩემპიონი და მოვიპოვო ქამარი", - თქვა ვლადიმირმა.

* * *
ამერიკელი მოკრივე, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი დეონტეი უაილდერი მორიგ ორთაბრძოლას თავის თანამემამულესთან ჯერალდ ვაშინგტონთან ჩაატარებს, რომელიც სპორტულ კარიერას ამერიკულ ფეხბურთში იწყებდა.

უაილდერის ბრძოლა 34 წლის ვაშინგტონთან ქალაქ ბირმინგემში (აშშ, ალაბამა) 25 თებერვალს გაიმართება. თავდაპირველად, ჩემპიონი უნდა შეხვედროდა პოლონელ ანჟეი ვავჟიკს, მაგრამ ამ უკანასკნელმა იანვრის დოპინგ-ტესტი ჩააგდო და ბრძოლა გააუქმეს.

სპორტული კარიერის დასაწყისში ვაშინგტონი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სტუდენტური დონიდან პროფესიულ ლიგაში ვერ გადავიდა. 2012 წელს, ამერიკელმა მოკრივის კარიერა დაიწყო და ამ მომენტისთვის, 18 მოგება და ერთი წაგება აქვს. რაც შეეხება უაილდერს, მას 37-დან 37 მოგება აქვს, მათ შორის, 36 - ნოკაუტით.

* * *
ბრიტანელმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ აზარტულ თამაშებში თავისი წარმატებებით დაიტრაბახა.

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ლას ვეგასში ჩავიდა ლეო სანტა კრუსისა და კარლ ფრემპტონის ბრძოლის სანახავად. მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამემამულე ამ ბრძოლაში დამარცხდა, ჰეისთვის ეს მგზავრობა წარმატებული გამოდგა.

მოკრივემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ "მოხსნა" დიდი ფული კაზინო "ბელაჯოში". ბრიტანელმა აღნიშნა, რომ არ არის აზარტული და მხოლოდ ორჯერ უთამაშია კაზინოში. ორივე შემთხვევაში, ჰეიმ სოლიდური თანხა მოიგო.

"ორჯერ დავდე ფული და ორივეჯერ მოვიგე. როგორც ჩანს, ციფრი "ორი" - ბედნიერია ჩემთვის. ამიტომაც, შეგიძლიათ ჩემს მოგებაზე დადოთ მეორე რაუნდში", - მოუწოდა გულშემატკივრებს ჰეიმ ბელიუსთან ბრძოლის წინ, რომელიც 4 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული