U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართულმა ხმალმა ბელორუსში გაჭრა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა შენგელია, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია, საბა სულამანიძე
25 აპრილს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დამთავრდა 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს მოხმალავეთა ნაკრებმა (მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია), რომელმაც გუნდური შეჯიბრების პირველ წრეში ბულგარელი მოფარიკავეები დაამარცხა - 45:34, შემდეგ რუმინელებს დააყრევინა ფარ-ხმალი - 45:31, ნახევარფინალში ჩვენმა ბიჭებმა რუსებს სძლიეს - 45:41 და შარშან მსგავსი შეჯიბრების ფინალში მარცხისთვის (38:45) რევანში აიღეს.

გადამწყვეტ პაექრობაში საქართველოს ნაკრები უნგრეთისა (45:43) და საფრანგეთის (45:41) მძლეველ იტალიელებს (ფედერიკო რიჩარდი, ლეონარდო
აფედე, ფრანჩესკო ბონსანტო, ფრანჩესკო დარმიენტო) დაუპირისპირდა. ჩვენი მოხმალავეები იოლად გაუსწორდნენ (45:36) აპენინელებს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

ვერცხლი იტალიელებს ერგოთ. ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ფრანგებმა რუსები დაამარცხეს - 45:30.

შეგახსენებთ, რომ მინსკში საქართველოს სპორტულ დელეგაციას პირველი ჯილდო რაპირით ფარიკაობაში ლუკა ღაღანიძემ მოუტანა - ცხრა მეტოქე დაამარცხა, მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობა წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

- U23. ლუკა ღაღანიძემ ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაო მოიპოვა

ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი დღით ადრე საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავე ვაჟები პირად პირველობაში ცდიდნენ ძალებს. ჩვენი გუნდიდან სხვებზე უკეთ საბა სულამანიძემ იფარიკავა. ჯგუფში მან სამი მეტოქე დაჯაბნა - კირილ კირპიჩოუ (ბელორუსი, 5:3), პანჩო პაშკოვი (ბულგარეთი, 5:1), ემილ დე ვისშერი (ბელგია, 5:4), ამდენივე ორთაბრძოლა კი დათმო (უკრაინელ ოლექსანდრ კარაკაისთან - 3:5, რუმინელ კრისტიან ბუტიკასა -2:5 და თურქ ქემალ ქურთთან - 3:5). ამის მიუხედავად, პლეი ოფში გავიდა, სადაც პირველ წრეში უნგრელი მიკლოშ პეჩი ჩამოიშორა გზიდან - 15:9, მომდევნო ეტაპზე კი ბელორუს სიარხეი კისელს ვერ გასცდა, პაექრობა 8:15 წააგო და საბოლოოდ მე-16 ადგილს დასჯერდა.

ჯგუფში სამი შეხვედრა მოიგო ნიკა შენგელიამაც - ერთნაირი ანგარიშით (5:4) აჯობა გერმანელ ბენო შნეიდერს, უნგრელ ბალინტ კოშუტსა და რუს მიხაილ გორსკის, ორში კი დამარცხდა - ბულგარელ შტეფან ბულდეევსა (2:5) და იტალიელ ლეონარდო აფედესთან (4:5). პლეი ოფის პირველივე ორთაბრძოლაში შენგელიას თურქმა ენვერ ილდირიმმა სძლია 15:9. საბოლოოდ თურქმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, შენგელიას კი 24-ე ადგილი ერგო.

ჩვენს გუნდში ყველაზე გამოცდილი გახლდათ მიხეილ მარდალეიშვილი. იგი კადეტებში მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოსპრიზიორია, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სახელოვანი მოფარიკავეების წინააღმდეგაც წარმატებით უასპარეზია და საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის კარგი გამოცდილებაც აქვს, მაგრამ მინსკში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა: ჯგუფში მადალინ ბუკური (რუმინეთი, 5:0) და იაკუბ ჯასკოტი (პოლონეთი, 5:1) კი დაჯაბნა, მაგრამ სამ მეტოქესთან ვერაფერს გახდა. ამის მიუხედავად, პლეი ოფში მაინც გავიდა, იქ კი პოლონელ მიკოლაი გჟეგორეკთან ერთი ჩხვლეტის სხვაობით (14:15) დამარცხდა და 36-ე ადგილი ხვდა.

ვაჟა რეჭიამ ჯგუფში მხოლოდ გერმანელ როუვენ დერვანზს აჯობა (5:4), რაც პლეი ოფისთვის არ ეყო და შეჯიბრების 51 მონაწილეს შორის 48-ე ადგილი ერგო. ჩემპიონობა იტალიელმა ფრანჩესკო დარმიენტომ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ფრანგი მაქს ლამბერტი დაამარცხა - 15:14. მეორეზე ლამბერტი გავიდა. ბრინჯაოს მედლები ენვერ ილდირიმმა (თურქეთი) და იულიან თეოდორიუმ (რუმინეთი) დაიმსახურეს.

გუნდურ პაექრობაში საქართველოს მოხმალავე ქალთა ნაკრები (ანა აფრასიძე, მარიამ აფციაური, ლიკა ჯიჯიეიშვილი) პირველსავე პაექრობაში უნგრელებთან დამარცხდა - 41:45 და მე-9 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული